12 ფილმი სიყვარულის 12 ელფერის შესახებ

კინოინდუსტრიაში და, განსაკუთრებით, რომანტიკული შინაარსის ფილმებში იშვიათად თუ შევხვდებით ხოლმე შაბლონებისა და ბანალურობისაგან დაცლილ ფილმებს. შესაბამისად, რეკომენდაციებიც ხშირად გამოირჩევა ერთი და იმავე ნარატივის მქონე, მოსაბეზრებელი ნამუშევრებით. ვალენტინობის მოახლოებასთან დაკავშირებით, ჩვენ გთავაზობთ თორმეტ ფილმს, რომელიც სიყვარულის განსხვავებულ, უნიკალურ და მშვენიერ სახეებზე გვესაუბრება სხვადასხვაგვარი გზითა და გამორჩეული ესთეტიკით.

  1. One Day

    Photo Credits to Universal


    სიმბოლური დღეების მოყვარულ ადამიანთათვის ლონ შერფიგის ფილმი “ერთი დღე” იდეალურია როგორც ემოციური დატვირთვის, ისე მისი ბუნებრიობისა და,
    ამავდროულად, უჩვეულობის გამო. ისტორია ორ სტუდენტ მეგობარზე მოგვითხრობს, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში უამრავ პარტნიორს იცვლიან, თუმცა ერთი დღე (15 ივლისი) მათთვის განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს და ყოველ წელს შეხვედრის მიზეზიც ხდება. შეიძლება ითქვას, რომ წყვილს საკუთარი ვალენტინობის დღე აქვს შექმნილი, მათი ცხოვრებისეული პრობლემებისა და ურთიერთობის დინამიკის შესახებ კი უფრო დეტალურად ფილმში მოთხრობილი არაერთი 15 ივლისის ამბით შეიტყობთ.

  2. The Shape of Water

    Photo Credits to Fox


    ქალთევზისა და ადამიანის სიყვარულის ისტორია ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლიშეა რომანტიკულ ნარატივებში. მიუხედავად იმისა, რომ ფილმზე ამ “ლეგენდის” გავლენა აშკარაა, შეუძლებელია მაყურებელი ინტრიგისა და ემოციების ქარცეცხლში არ გაეხვეს მისი ხილვისას. გილერმო დელ ტოროს მიერ უზომოდ ესთეტიკურად და პოეტურად გადმოცემული მუნჯი გოგონასა და ზღვის ბინადარის სიყვარული ვალენტინობის დღეს ნამდვილად მოახერხებს თქვენს გულთან ახლოს მოსვლას. ინგლისურენოვანი მკითხველისთვის კი ალბათ ფილმის დასკვნითი ციტატაც საკმარისი იქნება მისი ელეგანტურობის გამოსახატავად.

    “Unable to perceive the shape of You, I find You all around me. Your presence fills my eyes with Your love, It humbles my heart, For You are everywhere.”

  3. The Lobster

    Photo Credits to SONY


    შემდეგი რეკომენდაცია დისტოპიურ სამყაროს ეხება და ფილმის დასაწყისში ალბათ არცერთ თქვენგანს არ დარჩება შთაბეჭდილება, რომ ფილმი რომანტიკულ ისტორიას გადმოსცემს. იორგოს ლანთიმოსის მიერ გადაღებულ ამ უზომოდ საინტერესო ფილმში ისტორია მარტოსული ადამიანებისათვის განკუთვნილი სასტუმროს ყოველდღიურობის გადმოცემით იწყება, სადაც პარტნიორის ვერ პოვნის შემთხვევაში თითოეული მათგანი ცხოველად გადაქცევისთვისაა განწირული. სასტუმრო ერთგვარ რეპრესირებულ ვერსიადაც შეგვიძლია აღვიქვათ დღევანდელი სოციალური ცხოვრებისა. თუმცა, მთავარი პერსონაჟის საკმაოდ უჩვეულო თავგადასავალი დაგვარწმუნებს, რომ ჩვენს რუტინულ და ერთფეროვან ცხოვრებაშიც კი შესაძლებელია მონათესავე სულის პოვნა, ყოველ შემთხვევაში, ღირს რომ ამის გვჯეროდეს.

  4. Her

    Photo Credits to Warner Bros.


    დღევანდელი სოციალური პრობლემებისა და სიყვარულის ხელოვნურობის იდეას რომ გავყვეთ, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს სპაიკ ჯონსის შედევრი “Her”. მის სათაურს უმეტესად არ თარგმნიან ხოლმე, რადგან ქართულ ენაში მდედრობითობის გამომხატველი ნაცვალსახელი არ გვაქვს, ხოლო სწორედ ის, “Her”, არის მთელი ფილმის ყურადღების ეპიცენტრი. “ის” (სულიერი) კი რეალურად კომპიუტერულ პროგრამას წარმოადგენს, რომელიც მთავარი პერსონაჟის ემოციების წინასწარმეტყველებითა და მიზანმიმართულად გამოყენებით ახერხებს მას თავი შეაყვაროს. მოცემულობის გაცნობიერება პერსონაჟის თავგადასავალის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ფილმი უზომოდ თბილი ფერებით, სასიამოვნო საუნდტრეკებითა და მშვენიერი კადრებით ახერხებს ხელოვნურად შექმნილსა და ადამიანს შორის წაშლილი ზღვარი, მის მიმართ განცდილი გრძნობები გადმოსცეს.

  5. Lost in Translation

    Photo Credits to Focus Features


    სოფია კოპოლას “თარგმანში დაკარგულები” ამ უკანასკნელის ერთგვარ არაპირდაპირ პრიქუელს წარმოადგენს. ფილმი “Her”-ზე 10 წლით ადრეა გადაღებული. მათი კავშირი კი ობიექტივს მიღმა მდგარი რეჟისორების სიყვარულის ისტორიიდან მომდინარეობს, რომლებმაც დაშორების შემდგომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიყვარულის საკუთარი აღქმა გადმოსცეს. ფილმი ამერიკიდან ჩამოსული, ტოკიოს ქაოტურობაში ჩაკარგული ორი მარტოსული ადამიანის ურთიერთობას აღწერს. ერთმანეთისადმი ურთიერთგაგება და ახალი ქალაქის სიცოცხლით სავსე დინამიკაში ჩართვის მცდელობა კი მათ გრძნობებს პლატონური სიყვარულიდან რომანტიკულში გადაზრდის. ამით შეიძლება ფილმმა “Before Sunrise”-ის ტრილოგიაც კი მოგვაგონოს, თუმცა მისი ნარატივი გაცილებით უფრო პოზიტიურია.

  6. 500 Days of Summer

    Photo Credits to Fox


    მარკ ვების “სამერის 500 დღის” მთავარ იდეას ალბათ ყველაზე უკეთ ასევე საკმაოდ ცნობილი ნეტფლიქსის სერიალის, “Bojack Horseman”-ის უკანასკნელი ეპიზოდის სახელწოდება, “Nice While it Lasted”, გამოხატავს. ფილმში რეჟისორი ბოლომდე არღვევს “ერთადერთი სიყვარულის” რწმენას, თუმცა იგი ამას არა პესიმისტურ ან ფსევდო-რეალისტურ, არამედ უზომოდ რომანტიკულ ჭრილში გადმოგვცემს. ორი ახალგაზრდა თანამშრომლის სიყვარულის ისტორია, თავისი დრამატული თუ ბედნიერი მომენტებით, ყველა ღიმილისმომგვრელი დეტალით, ურთიერთობის პიკითა და მისი დაღმასვლით ერთდროულად კომიკურად და მელანქოლიურადაა  გადმოცემული, რაც ფილმს მართლაც განსაკუთრებულს ხდის. რაც მთავარია, იგი გვარწმუნებს რომ ყველა დასასრული აუცილებლად რაღაც ახლის დასაწყისია.

  7. Submarine

    Photo Credits to Optimum


    ინდი ფილმების მოყვარულებისთვის რიჩარდ აიოედის “წყალქვეშა ნავი” აუცილებლად სანახავი ფილმების ჯგუფს განეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ მისი საუნდტრეკები ალექს თარნერს ეკუთვნის და ამის გამო “Arctic Monkeys”-ს მსმენელებისათვისაც ერთ-ერთ საყვარელ ნამუშევარს წარმოადგენს. ფილმი ვინტაჟური ესთეტიკით, მუდამ წვიმიანი ატმოსფეროთი და თბილი ფერებით გამოირჩევა. მისი ნარატივი კი უცნაური აზრების მქონე სკოლის მოსწავლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ინტროვერტობის დაძლევასა და გოგონასთან გამოლაპარაკებას არასტანდარტული გზებით ახერხებს. პარტნიორი მეორე უკიდურესობას წარმოადგენს, რის მიუხედავადაც იგი მაინც არ იშურებს ენერგიას ამბავი მეტად გაურკვეველი და არაბუნებრივი გახადოს. საბოლოო ჯამში  მოზარდებისათვის და, განსაკუთრებით, ინგლისელებისათვის დამახასიათებელი უხერხული და სპეციფიკური ურთიერთობები ფილმს მეტად კომიკურს, თუმცა ამავდროულად რომანტიკულს ხდის.

  8. Eternal Sunshine of a Spotless Mind

    Photo Credits to Focus Features


    ჩარლი კაუფმანისა და მიშელ გონდრის ამ ფილმში მართლაც რომ სიყვარულის, ურთიერთობის ეტაპების მრავალ სახეს შეხვდებით. მაგიურობითა და გულწრფელი მომენტებით აღსავსე მათი უჩვეულო თავგადასავალი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სასიყვარულო ნარატივს ქმნის, რასაც კინოინდუსტრიაში შეიძლება გადააწყდეთ. პრობლემებით აღსავსე ურთიერთობის დასასრულებლად წყვილი საკუთარი მოგონებების ამოშლას გადაწყვეტს, რათა განშორებამ ნაკლებად ატკინოთ მათ გული, თუმცა განვითარებული მოვლენები თითოეულ ჩვენგანს დააწრმუნებს, რომ საყვარელი ადამიანის დავიწყება ადამიანს ასე მარტივად ნამდვილად არ ძალუძს.

  9. Paterson

    Photo Credits to Amazon


    ჯიმ ჯარმუშის გენიალურობაზე საუბარი ალბათ შორს წაგვიგვანს, თუმცა მისი ერთ-ერთი შედევრი, “პეტერსონი” უდავოა, რომ სიყვარულის ერთ-ერთ ყველაზე ბუნებრივ და სინტერესო სახეს გვანახებს. იგი იდეალურად აღწერს ადამიანის არა იმ ჰეროიკულ  და, ხშირად, ზღაპრულ, ჰოლივუდურ ისტორიებს, არამედ მისი ყოველდღიური ცხოვრების, უბრალოებისა და ამ მარტივი დეტალებისგან შემდგარი ცხოვრების უნიკალურობას. მთავარი პერსონაჟი ერთი ჩვეულებრივი ავტობუსის მძღოლია, რომლის მეუღლეც უდარდელობისა და თავისუფლების ალბათ ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი თავისუფალი ხასიათი იზოლაციონისტურია, ქალი ბოლომდე საკუთარ სამყაროში ცხოვრობს. ფილმის მთავარ ღერძს კი მთავარი პერსონაჟის ლექსები წარმოადგენს, რომელიც ნებისმიერ საკვანძო მომენტში იჩენს თავს და ამ ადამიანის განცდებს განსაკუთრებული პოეტურობით გადმოსცემს.

  10. Сhungking Express

    Photo Credits to Ocean Shores


    ვონგ კარ-ვაის გამორჩეული ესთეტიკა მის ყველა ფილმში იგრძნობა, თუმცა ეს უკანასკნელი მისი ერთ-ერთი იდეალური გამოხატულებაა. მოქმედება ჰონგ-კონგში ვითარდება და აზიური კულტურის მოყვარულებისთვის უზომოდ სასიამოვნო იქნება რეჟისორის თვალით დანახული ქალაქის ესთეტიკა და მისი ხასიათი. განსაკუთრებულ ხასიათს კი ხშირად განმეორებადი საუნდტრეკი “California Dreamin” განსაზღვრავს, რომელიც კონტრასტულად ერწყმის მთლიან ფილმს. ამავდროულად მთავარი პერსონაჟი პოლიციელი უზომოდ მელანქოლიური ადამიანია და მისი წარსული სიყვარულის დავიწყების თარიღის გასახსენებლად სიმბოლურად ყოველდღე ანანასის ქილას ყიდულობს 1 მაისის ვადით. (“If May hasn’t changed her mind by the time I’ve bought thirty cans, then our love will also expire.”) იგი მისტიკური ნარკოტიკის დილერი ქალბატონით ინტერესდება, პარალელურად კი მისი სახლის გასაღებს მეოცნებე და უცნაური მიმტანი იგდებს ხელში.

  11. Love Me If You Dare

    Photo Credits to StudioCanal


    იან სამუელის ფრანგული ატმოსფეროთი და ხასიათით გაჟღენთილი ფილმი ჭეშმარიტად ვნებითა და გამბედაობით აღსავსე ახალგაზრდების ისტორიას მოგვითხრობს. ბავშვობის მეგობრობიდან დაწყებული ურთიერთობის პირველი თანმდევი მათ მიერ მოფიქრებული თამაშია, რომელიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვებათ და უამრავი სულელური და არაადეკვატური საქციელის ჩადენას აიძულებთ. მათი “თავგასული” თავისუფლებით აღსავსე თავგადასავლები წყვილს აიძულებს საკუთარ თავთან ბავშვობის მეგობრისადმი გაღვიძებული რომანტიკული გრძნობები აღიარონ.

  12. Moonrise Kingdom

    Photo Credits to Focus Features


    უეს ანდერსონი თავისი სტანდარტულად დამახასიათებელი უზომოდ ესთეტიკური კადრებითა და გადაღების სტილით ამჯერად ორი 12 წლის ადამიანის სიყვარულის ისტორიას გვიამბობს. ისინი ბანაკიდან გაქცევას და თავგადასავლის მოწყობას გადაწყვეტენ. მათი ბავშვური, ზოგჯერ სულელური თუმცა გულწრფელი დამოკიდებულებები ერთმანეთისა და სამყაროს მიმართ სიტუაციას კომიკურსა და სასიამოვნოდ საყურებელს ხდის.