ზაფხულის ზღაპარი/A Summer’s Tale

ზაფხულის მწველი მზე, ზღვა, მუსიკა და მარტოობა.


რიკ რომერი, ფრანგული ახალი ტალღის წარმომადგენელი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კონორეჟისორია. მისი შემოქმედება არაერთ საინტერესო ფილმს მოიცავს, მათ შორის ერთ-ერთი, “ჩემი ღამე მოდთან”, 1969 წელს ოსკარზე იყო ნომინირებული.

შენიშვნა: სტატია შეიცავს სპოილერებს

ჩემთვის “ზაფხულის ზღაპარი” რიგით მეორე ფილმი იყო რომერის შემოქმედებიდან. რადგან მისმა “Boyfriends and Girlfriends” დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, გადავწყვიტე, მას უკეთ გავცნობოდი. სწორედ ამიტომაც და, რადგან ზამთრის სუსხიან დღეებს მზის სხივების ლივლივს მონატრებული ვიყავი,  “ზაფხულის ზღაპარი”  შევარჩიე და კიდევ ერთხელ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. რომერი უბადლოა პეიზაჟების შექმნასა და ფერების თამაშში, მისი მინიმალისტური სტილი კი ფერწერულ ტილოებს მოგვაგონებს.

ფილმი გასპარის ზღვისპირეთში მისვლითა და სამეზღვაურო კულტურისთვის დამახასიათებელი სიმღერით იწყება. აღსანიშნავია, რომ ფილმში მუსიკა, განსაკუთრებით კი სამეზღვაურო ხასიათის მქონე, დიდ როლს თამაშობს და ინდივიდუალურ ხიბლს სძენს მას.

გასპარი ახალგაზრდა კურსდამთავრებული მათემატიკოსია, მუსიკით გატაცებული და, როგორც თავად ირწმუნება, ქალების დიდი ვერაფერი გაეგება. თუმცაღა, მისი ფილმში აღწერილი ზაფხულის მოგზაურობა ამ ფაქტს სხვაგვარად წარმოგვიდგენს – გასპარი სამ გოგონასთან – მარგოტთან, სელინთან და ლენასთან, ახერხებს ახლო ურთიერთობის დამყარებას.

პირველად მარგოტს შეხვდება იქ, მოახსენებს, რომ ლენას მოლოდინშია, საერთოდაც, მისთვის ჩამოვიდა აქ, მისთვის ცხოვრობს ამჟამად მარტო, ცარიელ ოთახში. როდესაც მარგოტი ჰკითხავს, არიან თუ არა ისინი შეყვარებულები, გასპარი ორჭოფობს და კითხვაზე დადებით პასუხს ვერ სცემს. მაყურებელს აქედანვე ენიშნება, ფილმში  ყველა ურთიერთობა იმაზე მეტად კომპლექსური და ჩახლართული იქნება, ვიდრე  ველოდით.

რეალურად, პროტაგონისტს თან ყველა გოგონა დასტრიალებს თავს, მაგრამ თან არც ერთი არ ეკარება ახლოს. სხვათა შეხედულებები გოგოებზე იმდენად მოქმედებს, რომ  ეს ხშირად მათი უკან დახევის მიზეზი ხდება.

ფილმი პირადად ჩემთვის, მთლიანად ურთიერთობებსა და მათ რაობაზეა. კინონამუშევარში იკვეთება, თუ რა რთულია იყო ყველგან, ყველასთან, ყველას ასიამოვნო და მათ თვალში კარგად გამოჩნდე. ფილმის ოთხივე გმირს ეს საკითხები განსაკუთრებით აწუხებს და ყველა ცდილობს, მაქსიმალურად მოაწონოს ერთმანეთს თავი ან სწორედაც, რომ ერთმანეთით დაიმსახურონ ყურადღება სოციუმში.

რომერი ოსტატურად ახერხებს, რომ კინონამუშევარის მსვლელობასთან ერთად გასპარის პერსონაჟი უფრო თამამი და ამავდროულად დაბნეულიც გახადოს. გასპარს უამრავი დაპირება დააწვება კისერზე, და აქაც რეჟისორი გვაჩვენებს, თუ რა რთულია, როდესაც ვინმეს წინაშე გაქვს აღებული პასუხისმგებლობა. რა რთულია, როდესაც თავადაც არ იცი, რა გინდა ან რას აპირებ.

ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, სიტუაციაც თანდათან უფრო მძაფრდება და ყველას სურს თავისი წილი ყურადღება მიიღოს. ფილმში საკმაოდ კარგად არის ასახული ადამიანის ბუნება- მომთხოვნი, ეგოისტი, ცოტაოდენ ამპარტავანი და ცვალებადი.

დასასრულს, გასპარს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება უწევს, ბევრს ფიქრობს და ორჭოფობს. თუმცა, საბედისწერო ჟამს მხსნელად ისევ და ისევ გამოჩნდება მუსიკა. გასპარი ძლივს საკუთარ ემოციებსა და სურვილებს გაითვალისწინებს, ამიტომაც მიდის, მიდის ი,ქ სადაც ძლივს, დაზუსტებით იცის უნდა იყოს.

რეჟისორი ერთდროულად ბევრ საპირისპირო თემას შეეხო. ერთგულება, მეგობრობა, ღალატი და სიმარტოვე კი ამ თემათა ამომავალი წერტილებია.

საინტერესოა სიმბოლოები – ზღვის, ტანსაცმლისა და კალენდრის, რომელსაც მიჰყვება გასპარი და ასე ქრონოლოგიურად მოგვითხრობს საკუთარ თავს გადახდენილ თავგადასავალს. პირადად მე, რაც ძალიან მომწონს, არის ის, რომ პერსონაჟები ხშირად გვაქცევენ ზურგს, თითქოს, მართლაც, მარტონი ყოფილიყვნენ იქ და არა კამერის პირისპირ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზაფხულის ზღაპარი რეალურად ნაწილია რომერის სერიიდან: ზღაპრები ოთხი სეზონისა, რაც კიდევ უფრო მისტიკურს ხდის მთლიანად ფილმის არსს.

ასე და ამგვარად, ვფიქრობ, “ზაფხულის ზღაპარი” არავის დატოვებს იმედგაცრუებულს და თავადაც აუცილებად შეახსენებს მაყურებელს საკუთარ თავგადასავლებს.

Photo: JanusFilms