ევროვიზია 2022: ირლანდიას ბრუკ სკალიონი წარადგენს

2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ირლანდიას  ბრუკ სკალიონი წარადგენს. ირლანდიამ წელს ისევ გადაწყვიტა, რომ ნაციონალურ კონკურსს დაბრუნებოდა.  “Eurosong 2022”-ში ბრუკმა სიმღერით „That’s Rich” გაიმარჯვა. სიმღერამ ირლანდიური ჟიურისგან მხოლოდ 4 ქულა დაიმსახურა, მაგრამ საერთაშორისო ჟიურიმაც და ტელემაყურებლებმაც სიმღერას პირველი ადგილი მიანიჭეს, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ბრუკ სკალიონი ჩრდილოეთ ირლანდიაში 1999 წელს დაბადებული მომღერალია. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან მღეროდა, უკრავდა გიტარაზე, მონაწილეობას იღებდა სკოლის სიმღერის კონკურსებსა და მუსიკალურ სპექტაკლებში, სერიოზულად მომღერლის კარიერაზე ბრიტანულ მეგა-შოუში “The Voice” მოხვედრამდე არ უფიქრია. კონკურსში მონაწილეობა ბრუკმა 2020 წელს მიიღო, მეგან ტრეინორის გუნდში მოხვდა და ფინალამდეც მიაღწია, სადაც მესამე ადგილი დაიკავა.

2022 წლის იანვარში ირლანდიურმა ტელემაუწყებელმა, რომელიც ევროვიზიისთვის სიმღერის არჩევაზე იყო პასუხისმგებელი, 320 მიღებული სიმღერიდან ექვსი ამოარჩია ეროვნული კონკურსის ფინალისთვის. სწორედ ამ ექვს სიმღერას შორის მოხვდა ბრუკის სიმღერა „That’s Rich”.

ირლანდია ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 1965 წლიდან მონაწილეობს. ქვეყანას კონკურსში გამარჯვება ყველაზე მეტჯერ, შვიდჯერ აქვს მოპოვებული, მათ შორის ყველაზე ბოლოს 1996 წელს. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ქვეყანამ (დიდი ხუთეულისა და მასპინძელი ქვეყნის გამოკლებით) ევროვიზიაზე ფინალამდე, ჯერ ნახევარ ფინალში უნდა იასპარეზოსს, ბრუკს 12 მაისს მეორე ნახევარ ფინალში ვიხილავთ.

არტისტის ოფიციალური Instagram გვერდი:

https://www.instagram.com/brookescullion/