“ექო” – აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია თბილისში

“თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” ფარგლებში 12 თებერვალს ახალი აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია “ექო” დაიწყო. პროექტი POSTRED-ის დამფუძნებლის, ბესო კაჭარავას, ავტორობით შეიქმნა. როგორც პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ,

ადამიანი დასაბამიდან შინაგანი ექოს აღმოჩენასა და ძიებაშია. ეს პროექტი საშუალებას მოგცემთ საკუთარ ქვეცნობიერში იმოგზაუროთ. ამ აუდიო-ვიზუალურ თავგადასავალში, თითოეული ადამიანი ინდივიდუალურ, უნიკალურ გზას გაივლის. „ექო“ ქვეცნობიერის გამოძახილია, რომლის მთავარი მიზანიც ადამიანებში ინსპირაციის გაღვივება და სთორითელერის გაღვიძებაა.

პროექტის მუსიკაზე ზვიად მღებრიმ იმუშავა. ზემოხსენებული ორი არტისტის გარდა, “ექოს” შექმნაში მონაწილეობა კიდევ 15-მდე ხელოვანმა მიიღო. ინსტალაცია არტარეას გალერეაში (დოდო აბაშიძის ქ. 10) 12 თებერვალს გაიხსნა და 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. “ექოზე” ადგილი შეგიძლიათ პროექტის ოფიციალურ საიტზე projectecho.ge დაჯავშნოთ.