ედუარდ ჰოპერი – ადამიანების მიერ ადამიანთათვის შექმნილი სამყარო, რომელიც ადამიანურობისგან არის დაცლილი

მარტოობა…

იზოლაცია…

გარიყულობა…

სიჩუმე…

ეს ის ძირითადი სულისშემძვრელი ელემენტებია, რომლებითაც განიმსჭვალება ედუარდ ჰოპერის ცნობილი, თუმცა დამთრგუნველი ნამუშევრები. მისი თითოეული ნახატი რეალიზმისა და იმპრესიონიზმის კომბინირებული მახასიათებლებისგან შედგება, რისი მეშვეობითაც მხატვარი, ერთი მხრივ, ცხადად და მტკივნეულად წარმოაჩენს მარტოობის აბსტრაქტულ იდეას, ხოლო, მეორე მხრივ, კი ამ ცხად სანახაობას იმპრესიონიზმისთვის დამახასიათებელ ბუნდოვანებასაც ანიჭებს. ამ მიზეზის გამო, მისი ნამუშევრები ესთეტიკურიცაა და შემაშფოთებელიც, ჰარმონიულიც და მიუწვდომელიც.

ედუარდ ჰოპერი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა. იმპრესიონისტების ნამუშევრებმა და საკუთრივ ჰოპერის ცხოვრებისეულმა გამოცდილებებმა მისი უნიკალური მხატვრული ენის ჩამოყალიბება განაპირობა. ბავშობიდან იგი საგრძნობლად მაღალი იყო თანატოლებთან შედარებით, რამაც პატარა ასაკიდანვე გარიყულობის დაღი დაასვა მხატვარს. ამ გამოცდილებამ ჰოპერში ამოუვსები მარტოობის უფსკრული გააჩინა, რამაც, საბოლოოდ, მის ინდივიდუალისტურ ნახატებსა და მარტოობისადმი მიდრეკილებაში გამოვლინდა.

ჰოპერი თავის ნახატებში ცხადად და ემოციურად წარმოაჩენდა ურბანული საზოგადოებისგან გარიყულობისა და იზოლაციის განცდას. მისი თითქმის ყველა ნამუშევარში მარტოსული ფიგურა არის წარმოდგენილი, რომელიც გაჰყურებს მის წინ არსებულ უსასრულო სივრცეს. საინტერესოა, რომ ედუარდ ჰოპერის არც ერთი პროტაგონისტი მაყურებლისკენ არ არის მიტრიალებული. თითქოს ნახატში წარმოდგენილი პერსონაჟები ჩვენ ვერც კი გვამჩნევენ და თავიანთ მელანქოლიურ ფიქრებში ტიტანიკივით იძირებიან. ამ ხერხის გამო ჩვენ, როგორც მაყურებლებს, არ ძალგვიძს პერსონაჟების სულიერი სამყაროსა და მათი განწყობილებების წვდომა. მაყურებელს დაკარგული აქვს რენესანსის პერიოდში მოპოვებული აქტიური როლი და იგი მხოლოდ პასიურ დამკვირვებლად იქცა, რომელიც უხეშად და მძიმედ არღვევს ჰოპერის პერსონაჟების პირად სივრცეს. მაგრამ საიდან შეგვიძლია დარწმუნებით დავასკვნათ, რომ ედუარდ ჰოპერის ნამუშევრები მარტოობის იდეას აძლიერებს, თუ ჩვენ არ შეგვიძლია პერსონაჟების სულიერი სამყაროს წვდომა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ყურადღება უნდა მივაპყროთ ჰოპერის ნახატების კომპოზიციას, სიუჟეტსა და გამოყენებულ ფერთა პალიტრას, რომელთა კომბინირების მეშვეობით ჰოპერი შინაგან ემოციებსა და მოუხელთებელ განცდებს ფიზიკური, ხელშესახები საშუალებით გადმოსცემს.

ჰოპერის ნამუშევრებში თითქმის ყოველთვის არის წარმოდგენილი ურბანული და მკაცრი არქიტექტურა, რომლის ინტერიერშიც მარტოსული ადამიანის ფიგურა არის მოთავსებული (მაგ. „მზის ამოსვლა“, „ღამის მთევლები“, „პატარა ქალაქის ოფისი“, „გაზის სადგური“). ნახატები განსაკუთრებით გამოირჩევა მინიმალიზმით ანუ ჩამოშორებულია ყველა ის მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ნახატისთვის უფრო ესთეტიკური დატვირთვის შეძენა შეუძლია. შესაძლოა, მხატვარმა მინიმალიზმი იმისათვის აირჩია, რომ მნახველს ყურადღება უმნიშვნელო დეტალების ყურებაში არ გაფანტვოდა და მზერა მიეპყრო მარტოსულ ფიგურებზე, რომლებიც გარიყულნი არიან დანარჩენი ცივილიზაციისგან და თვითგამორკვევის პროცესში სრულიად გაუცხოებულნი არიან გარე სამყაროსგან. მარტოსულობის აბსტრაქტული იდეის უკეთ წარმოსაჩენად ჰოპერი ხშირად იყენებს ცივ და უხეშ ფერებს, როგორებიცაა ნაცრისფერში გარდამავალი ლურჯი, აგურისფერი, გაცრეცილი იასამნისფერი და ფერდაკარგული ყვითელი. ამ ფერების გამოყენებით ჰოპერი კიდევ უფრო აძლიერებს მელანქოლიურ განწყობას და თავის მარტოსულ ფიგურებს ისეთ ფიზიკურ სივრცეს უქმნის, რომელიც მათი შინაგანი ბუნების რეპრეზენტაციაა.

ჰოპერის ნამუშევრებში თითქმის ყოველთვის არის წარმოდგენილი გამჭვირვალე შუშა ან ფანჯარა, რომელიც მის ფიგურებს გარე სამყაროსგან კიდევ უფრო აცალკევებს. თითქოს ედუარდ ჰოპერის პერსონაჟები ხოჭოებივით არიან მოქცეულნი კოლბებსა და ქილებში, რომლებიც უსუსურად შესცქერიან გამჭვირვალე შუშის გადაღმა არსებულ რეალურ სამყაროს. ფანჯარა სწორედაც რომ საუკეთესო საშუალებაა გარიყულობის იდეის წარმოსაჩენად, რადგან იგი თვალსაჩინო ბარიერს წარმოქმნის მარტოსულ ფიგურასა და გარე სამყაროს შორის. ფანჯრის გამჭვირვალობის გამო ამ ბარიერის აღქმა მნახველს მაშინვე შეუძლია. სწორედ ამიტომაა, რომ ჰოპერის ნამშევრებში არასდროს არ არის ფარდა ჩამოფარებული. მის ნამუშევრებში ყოველთვის ვხვდებით მოშიშვლებულ ფანჯრებს, რომლებშიც დაფიქრებული და მელანქოლიური ფიგურა მოჩანს. ეს კომპოზიციური ელემენტი უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს, რადგან მისი მეშვეობით ჰოპერის მიერ წარმოჩენილი ემოციებისა და იდეების ცხადად შეგრძნობა შეგვიძლია.

მართალია, ჰოპერის ნახატების მთავარი ფოკუსი მარტოსული ადამიანი და მისი ინდივიდუალისტური სივრცეა, თუმცა ხშირად იგი რამდენიმე ფიგურას ერთ სივრცეში გამოსახავს. პარადოქსულია, მაგრამ ჰოპერის ის ნახატები, რომლებშიც მრავალი ადამიანი ერთად არის თავმოყრილი, უფრო მეტად წარმოაჩენს გარიყულობისა და მარტოსულობის განცდას, ვიდრე ის ნახატები, სადაც მხოლოდ ერთი იზოლირებული პერსონაჟია წარმოდგენილი. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი არის ჰოპერის ყველაზე პოპულარული ნახატი „ღამის მთევლები“. ნახატში ვხვდებით ჩაბნელებულ ქუჩებს, დაცარიელებულ სახლებსა თუ მაღაზიებს და მკაცრ არქიტექტურას. გარეთ არსებული ჩაბნელებული ატმოსფერო მაშინვე გვიბიძგებს, რომ ყურადღება ხელოვნური ყვითელი შუქით განათებულ რესტორანს მივაპყროთ, სადაც ოთხი პერსონაჟია გამოსახული. წამით გვეჩვენება, რომ ჰოპერმა დაარღვია თავისი მარტოსულობის იდილია. გვექმნება წარმოდგენა, რომ დახლზე დაყრდნობილი მამაკაცი და ქალი ხელჩაკიდებულნი შესცქერიან ბარმენს, მაგრამ ეს ყოველივე საშინელი სიცრუე და ილუზიაა. თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მამაკაცისა და ქალის ხელი საერთოდ არ ეხება ერთმანეთს. მეტიც, ისინი აბსოლუტურად სხვა ფიქრებში არიან გართულნი და ალბათ არც იციან ერთმანეთის არსებობის შესახებ. ერთ-ერთი პერსონაჟის სახის დანახვა კი არც შეგვიძლია, რადგან იგი ზურგით არის შებრუნებული მაყურებლისგან. ვფიქრობ, რომ ჰოპერის აღნიშნული ნამუშევარი მისი კარიერის კულმინაციაა. მხატვარმა შეძლო, წარმოეჩინა ადამიანები, რომლებიც, მართალია, ერთ სივრცეში ფიზიკურად თანაარსებობენ, მაგრამ შინაგანად აბსოლუტურად სხვადასხვა სამყაროს მაცხოვრებლები არიან. „ღამის მთევლებში“ ცხადად წარმოჩნდება ინტერპერსონალური ურთიერთობების გაციების, უკიდურესი მარტოსული ინდივიდუალიზმისა და ფსიქოლოგიური დისტრესის იდეა, რომელიც თვალსაჩინოდ გამოხატავს საზოგადოებისგან გაუცხოების პროცესს. ბევრი მიიჩნევს, რომ ჰოპერის ინსპირაცი 40-იანი წლების ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ვითარება იყო, რადგან იგი მეორე მსოფლიო ომში ჩასართველად ემზადებოდა, რამაც დამანგრეველი გავლენა მოახდინა მოსახლეობაზე და დააცარიელა ერთ დროს სიცოცხლით სავსე ქუჩები. თუმცა ეს ნახატი დღესაც აქტუალურია. პანდემიამ სრულიად შეცვალა ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრება. სოციალური დისტანცია, გარიყულობისა და მარტოსულობის განცდა და მელანქოლია მუდამ თან სდევს თანამედროვე ადამიანს, რის გამოც ჰოპერის ნახატები დღეს ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს.

ედუარდ ჰოპერი დიდი ხნის განმავლობაში თავს იმპრესიონისტად თვლიდა, თუმცა მისი ნამუშევრები უფრო რეალიზმისკენ არის მიდრეკილი. იგი ორიგინალური მხატვრული ენის მეშვეობით აბსტრაქტული და მოუხელთებელი მარტოსულობის იდეას, რომელიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში ბავშვობიდანვე დასდევდა, აბსოლუტური სიზუსტითა და სიცხადით გადმოსცემდა. პარადოქსულია, მაგრამ ედუარდ ჰოპერმა თავისი მელანქოლიური ნახატებით გვაგრძნობინა, რომ ჩვენ მარტოები არ ვართ, რადგან ჩვენსავით მარტოსული ადამიანები მრავლად არსებობენ, როგორც ჰოპერის ფუნჯით შეთხზულ სამყაროში, აგრეთვე რეალურ ცხოვრებაშიც.