გარისა – სკოლა ველურ გარემოში

დღესდღეობით ბავშვები ეკრანებთან საშუალოდ 7 საათს ატარებენ, იქნება ეს ტელევიზორი, ლეპტოპი თუ ტელეფონი. ამ სიტუაციას  კიდევ უფრო შეუწყო ხელი პანდემიამ. ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისათვის კი აუცილებელია გარე აქტივობები. სწორედ ამიტომ, შეიქმნა გარისა. ამ იდეის ავტორი და სულის ჩამდგმელი ვიცე პოლკოვნიკი არჩილ გოგალაძეა. სიტყვა – გარისა, სულხან-საბას ლექსიკონში განმარტებულია, როგორც ველური, გარეული, ველად ან ტყეში გასული ადამიანი. აგრეთვე, გარისობა არის ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი დისციპლინა, რომელიც ექსტერემალურ სიტუაციებში გადარჩენის და ბრძოლის ხერხებს სწავლობს. გარისა  6 წლის ასაკიდან ბავშვებისთვის შემეცნებით ლაშქრობებს მართავს და ამით ზრუნავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე.

გარე აქტივობების დადებითი ფაქტორები:

  • ავითარებს ჯანსაღ სხეულსა და ძლიერ იმუნიტეტს.
  • სუფთა ჰაერი, ფიზიკური აქტივობა და მზის სხივები ამცირებს დეპრესიის რისკს.
  • ბავშვები არიან უფრო მეტად ლაღები და ნაკლებად ყალიბდებიან მჩაგვრელებად.
  • სწავლობენ გუნდურად მუშაობასა და ერთმანეთზე ზრუნვას.
  • ყალიბდებიან დამოუკიდებელ ინდივიდებად.
  • უმარტივდებათ სოციალური ინტეგრაცია.
  • ადრეული ასაკიდან ყალიბდებიან ბუნების დამცველებად.

გარისას სალაშქრო მარშრუტები და თემები მრავალფეროვანია. როგორც ამბობენ, არ არსებობს ცუდი ამინდი, არსებობს ცუდად  შერჩეული ტანსაცმელი. ასე რომ, ისინი არც ზამთარში ლაშქრობას ერიდებიან.

“სილაბუსი” კი ძირითადად ასე გამოიყურება:

  • როგორ მოვაწყოთ თავშესაფარი ზამთრის პირობებში
  • გადაადგილება რუკისა და კომპასის გამოყენებით
  • სიმაღლიდან დაშვება თავისუფალი სვლით
  • კლდეზე ცოცვა ზედა დაცვით
  • თევზაობა
  • სოკოების გარჩევა 

გასულ ზაფხულს მოეწყო საბავშვო ალპინიადა, დალაშქრეს მწვერვალი მუხაძე (3270 მ) და გურამ თიკანაძე (3436 მეტრი ზღვის დონიდან). ალპინიადის ყველაზე პატარა მონაწილე 8წლის იყო ხოლო უფროსი 13წლის.