ტურინში მასპინძელ ქვეყანას მაჰმუდი და ბლანკო წარადგენენ

იტალიის წარმომადგენლები 2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მაჰმუდი და ბლანკო იქნებიან სიმღერით ,,Brividi”. თებერვლის დასაწყისში გამართული 72-ე სანრემოს მუსიკალური ფესტივალი სწორედ მათი გამარჯვებით დასრულდა. სიმღერამ პირველი ადგილი დაიკავა ყველა კომპონენტში, როგორც ჟიურის შეფასებებში, ასევე ტელემაყურებლების ხმებითაც აღსანიშნავია, რომ ,,Brividi” ფესტივალის მოგებამდეც სარგებლობდა პოპულარობით და Spotify-ის ჩარტებში მაღალ პოზიციებს იკავებდა, რაც, რა თქმა უნდა, სანრემოს შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.

ალესანდრო მაჰმუდი იტალიელი შემსრულებელია, რომლის კარიერაც 2012 წლიდან, იტალიურ ,,X ფაქტორში” მონაწილეობით იწყება. მაჰმუდი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მან 2019 წელს სანრემოს ფესტივალი მოიგო და თელ ავივში იტალია წარადგინა. მისმა სიმღერამ „Soldi” მეორე ადგილი დაიკავა. გარდა შემსრულებლობისა, მაჰმუდი წერს სიმღერებსაც, მათ შორის „Brividi”-ის ერთერთი კომპოზიტორიც თვითონაა. წლევანდელი ევროვიზია მაჰმუდისთვის მეორე ევროვიზია იქნება.

Credits to Blanco on Instagram

მაჰმუდისგან განსხვავებით, ევროვიზიაზე იტალიას პირველად წარადგენს ბლანკო, რომლის ნამდვილი სახელი რიკარდო ფაბრიციონია. 2003 წელს დაბადებული არტისტის კარიერა მხოლოდ და მხოლოდ 2020 წელს მუსიკალურ პლატფორმა SoundCloud-ზე გამოქვეყნებული სიმღერებით იწყება. ბლანკოს სადებიუტო ალბომი “Blu Celeste” 2021 წელს გამოვიდა და იტალიურ მუსიკალურ ჩარტებში პირველი ადგილის დაკავება მოახერხა.

იტალია ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 1956 წლიდან მონაწილეობს, მაგრამ 1998 წლიდან 2010 წლამდე ქვეყანა კონკურსში არ მონაწილეობდა. იტალიას ევროვიზია სამჯერ აქვს მოგებული, მათი ყველაზე ბოლო გამარჯვება 2021 წელს Måneskin-ის პირველი ადგილი იყო როტერდამში. იტალიის წარმომადგენლობას ყოველწლიური ფესტივალის სანრემოს გამარჯვებულს სთავაზობენ, მაგრამ არტისტს შეთავაზების უარყოფა თავისუფლად შეუძლია. მაჰმუდმა და ბლანკომ ფესტივალში გამარჯვებიდან მალევე დაადასტურეს, რომ ევორვიზიაში მონაწილეობაზე თანახმა იყვნენ და ეს მათთვის ძალიან დიდი პატივი იქნებოდა. იტალიის, როგორც დიდი ხუთეულის წევრი ქვეყნისა და მასპინძელი ქვეყნის, წარმომადგენლები “Brividi”-ის პირდაპირ ფინალში 14 მაისს შეასრულებენ.

არტისტების ოფიციალური Instagram გვერდები:

Mahmood: https://www.instagram.com/mahmood/

Blanco: https://www.instagram.com/blanchitobebe/