ობიექტივს მიღმა: გიორგი მამასახლისი

ფოტოგრაფიის სამყაროში თავისუფალი ხედვისა და, ამავდროულად, მიზანმიმართული, გონივრული შრომის შერწყმა უდავოდ მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად, რაშიც დღევანდელი რესპონდენტი კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს. ამჯერად ობიექტივს მიღმა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფოტოგრაფს, „ნაკანიმამასახლისის“ თანადამფუძნებელსა და გენიალური სანდრო მამასახლისის არანაკლებ გენიალურ შვილს, გიორგი მამასახლისს, წარმოგიდგენთ.

„ამ უკიდეგანო დროში თვითგამოხატვა ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრდოა. მის გარეშე არ მაქვს მოტივაცია, მის გარეშე ვერ ვარსებობ. ვერ ვგრძნობ საკუთარ აზარტსა და პულსაციას… მიყვარს კამერის მიერ რეალობის ინტერპრეტაცია, ხან – ჰიპერ რეალურია, ხან კი – აბსტრაქტული. დროც ცვლის ამ რეალობას. დააკვირდით, ოდესღაც თქვენს მიერ გადაღებულმა უინტერესო  ფოტომ დროის გასვლის შემდეგ როგორ მიიღო ახალი სიცოცხლე და როგორ მოგაწონათ თავი…“

მისთვის ფოტოგრაფია ჰობის თითქმის არასდროს წარმოადგენდა. პირიქითაც კი შეიძლება ითქვას – იქიდან გამომდინარე, რომ იგი ხშირად ხდებოდა მამის ობიექტივის „მსხვერპლი“, მას ინსტიქტურად არც კი მოსწონდა ფოტოკამერა, ფოტოგამოსახულება, წითელი ოთახი და ფოტოების გავლება, რომელიც მისი აზრით რუტინას უფრო გავდა, ვიდრე შემოქმედებით პროცესს. სკოლის ბოლო კლასებში გიორგი ფილმებმა გაიტაცა, განსაკუთრებით კი სისხლითა და იუმორით სავსე ტარანტინოს ფილმებით დაინტერესდა. ფილმებისადმი გაღვივებულმა ინტერესმა და განსაკუთრებულად გადაღების პროცესისადმი ლტოლვამ გიორგი თეატრალურ უნივერსიტეტამდე მიიყვანა. კინო-ოპერატორობა, გიორგის აზრით, ძალიან წააგავს ფოტოგრაფიას, ოღონდ პირველ შემთხვევაში მოძრავი გამოსახულებაა (პრინციპში, მეორე შემთხვევაშიც შეგიძლია მოძრაობა და დინამიკა გადმოსცე). ამიტომ იგი ხშირად რეკლამებს იღებდა, შედარებით იშვიათად კი – დოკუმენტურ ფილმებსა და ფოტოებს.

,,მარის (მარი ნაკანი, გიორგის მეუღლე და ასევე ცნობილი ფოტოგრაფი) შემოსვლამ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ამოატრიალა, განსაკუთრებით პრიორიტეტები – ყველაზე ბევრ დროს ფოტოს ვუთმობდი, ყველაზე ნაკლებს – ვიდეო რეკლამას… მამას გარდაცვალების შემდეგ ძალიან გამიჭირდა, მაშინვე გადავაფასე ყველაფერი. ის შემაწუხებელი ბავშვობის ფოტოებიც შემიყვარდა და მივხვდი, რომ მამა როგორც მამა კი არ მიღებდა, არამედ – როგორც ფოტოგრაფი, როგორც მაგარი ფოტოგრაფი…“

2021 წელს ბესო ხაინდრავას და “ქოლგა ფოტოფესტივალის” დახმარებით მან სანდრო მამასახლისს მოუწყო პირველი ფოტოგამოფენა. ალბათ, სანდროს თავმდაბლობიდან გამომდინარე, მას სხვებისთვის არაერთი გამოფენა ქონდა მოწყობილი, თუმცა თავისთვის – არცერთი. თბილისის შემდეგ გიორგის მამის გამოფენა ლონდონში, ლონდონ ფოტოზე გაემგზავრა, შემდეგ კი იტალიაში გამოიფინა, მია არტ ფეარზე.

,,შთაგონებისთვის რაიმე კონკრეტული რეცეპტი არ მაქვს. შეიძლება ქუჩაში ორი ადამიანის შემთხვევით მოსმენილმა დიალოგმა მომცეს ინსპირაცია ან რაიმე სხვამ. ახალი ინფორმაციის მიმართ ძალიან მგრძნობიარე ვარ, მიყვარს ყველაფრის ანალიზი. მიყვარს თვალიერება და ყურება, რა თქმა უნდა ზოგადად ფოტოგრაფიაზე ვგიჟდები და აუცილებლად გაეცანით: პინხასოვის, ალექს ვების, თომას დემანდის, ჯეფ უოლის, მარტინ პარის, ლუიჯი ღირის, ვივიან საზენის, მიჩ ეფშთეინის, ლორა ლეტინსკის, გურამ წიბახაშვილის, გოგი ცაგარელის და სანდრო მამასახლისის ფოტოგრაფიას. დამიჯერეთ, იმხელა სია მაქვს, ცალკე ჟურნალის ნომერია საჭირო“

გიორგი მამასახლისის შემოქმედებას თვალს თუ გადაავლებთ, აუცილებლად დაინახავთ იმ უბრალო ადგილების განსაკუთრებულობას, რომლებისთვისაც ალბათ თბილისში თუ მის გარეთ არაერთხელ ჩაგივლიათ. მისი ფოტოები ხშირად გამოირჩევა უზომოდ სასიამოვნო ფერთა ესთეტიკითა და კომპოზიციური სიმეტრიით. ჩემთვის ყველაზე საინტერესო მისი თვალით დანახული არქიტექტურული შედევრები აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს ქალაქებსა და ქუჩებში ხალხისგან მივიწყებული აგრძელებენ არსებობას. მათ შემჩნევას და ასე მშვენივრად გამოსახვას ნამდვილად სჭირდება განსაკუთრებული ხედვა.

,,იმდენად ყველანაირი ფოტოგრაფია მიყვარს, რომ სულ განსხვავებულად ვიღებ. არ მიყვარს ერთ ადგილზე, „დამუღამებულ“ რაღაცებზე ჩაციკვლა. ძალიან მიტაცებს შექმნისა და დაკვირვების პროცესი. ძველი ფოტოები ხშირად მავიწყდება და მაგიტომაც ვერცერთს ვერ გამოვარჩევ. მიყვარს ინსტიქტურად, გეგმის გარეშე გადაღებაც. მოკლედ ერთი სიამოვნებაა!“

იქიდან გამომდინარე, რომ ფოტოგრაფიის გაყიდვა საქართველოში თითქმის შეუძლებელია და არ არის გალერეა, რომელიც ამას აკეთებს, გიორგი საარსებოდ ხშირად რეკლამას, არქიტექტურას, მოდასა და ედიტორიალს იღებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ იგი ამას ორი ფოტოგრაფის გაერთიანების – ნაკანიმამასახლისის – ფარგლებში ახერხებს. მათ არაერთ მსხვილ კომპანიასთან, ბანკთან თუ ბრენდთან უმუშავიათ, მათ შორის, მსოფლიო ბრენდებთან.

„გარდა ამისა, მე და მარის სულ გვინდოდა, რომ ჩვენი ცოდნა სხვებისთვის გაგვეზიარებინა და ეს დარგი გაგვეძლიერებინა, ამიტომაც ფოტოსკოლა დავაარსეთ, სადაც უკვე 3 წელია სიამოვნებით ვასწავლით.“

ქართული ბაზარი საკმაოდ პატარა და სპეციფიკურია ხელოვანებისათვის. აქედან გამომდინარე ფოტოგრაფები ხშირად აწყდებიან არაერთ პრობლემას ამ კუთხით. გიორგის აზრით, მთავარი პრობლემა, განათლებასა და გალერეასთან ერთად, ბეჭდური მედიის არქონაა. საქართველოში ძალიან ცოტა ფოტოგრაფიული ჟურნალი გამოდის და მათი ბეჭდვის ხარისხი ვერ ეწევა თანამედროვე მოთხოვნებს.  ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ფულს მხოლოდ მხატვრობაში აბანდებენ და ფოტოგრაფიას ოდნავ ზედაპირულად უყურებენ. არ მოქმედებს საავტორო უფლების კანონი, კინო ინდუსტრია განუვითარებელია და ყველას შეუძლია რამდენიმე ცნობილ საიტზე ძალიან ძვირიან კინოს უფასოდ უყუროს და, ამავდროულად, ამავე საიტზე ცნობილი ბრენდის სარეკლამო ბანერი ეკიდოს.

„რამოდენიმე წლის წინ პარი ფოტოზე მოვხვდი, სადაც მიხვდი – ფოტოები უცხოეთში 2000-5000 ევროდ ისე ადვილად იყიდება, რომ ცოტა მეწყინა“