ალექსანდრა ჯაფარიძის გზა გრძელდება

ალექსანდრა ჯაფარიძე პირველი ქართველი მთამსვლელი ქალია.  მან დააარსა საქართველოს ეროვნული ალპური კლუბი (1936 წ.), რომელიც საქართველოში ალპინიზმის პოპულარიზაციას ემსახურებოდა.

მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში ალექსანდრამ შეასრულა ასამდე სპორტული ასვლა კავკასიონის მწვერვალზე, ავიდა მყინვარწვერზე, თეთნულდზე, უშბაზე, დიხთაუზე და გაიარა ცენტრალური კავკასიონის მცირე და დიდი ტრავერსები. მყინვარწვერის კალთებზე აღმოაჩინა და შეისწავლა ბეთლემის გამოქვაბული, რომელსაც ილია ჭავჭავაძემ პოემა “განდეგილი” უძღვნა.

2021 წლის გასულ ზაფხულს ალესანდრე და ალექსანდრა ჯაფარიძეების სახლ-მუზეუმში, სოფელ ხრეითში, “მთამსვლელ და მეკლდეურ ქალთა კლუბის” პრეზენტაცია გაიმართა. კლუბის ძირითადი მიზანია ქალების ჩართულობის გაზრდა მთასვლელობასა და მეკლდეურობაში, მისი დამფუძნებლები თამთა აბუსერიძე და სოფიო ჭელიძე არიან.

დღესდღეობით, მთასვლელობასა და მეკლდეურობაში ძალიან ცოტა ქალია ჩართული, სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ზემოხსენებული კლუბის შექმნაც. კლუბი 35-მდე პროფესიონალ და მოყვარულ მთამსვლელსა და მეკლდეურ ქალს აერთიანებს, ისინი ყოველთვის მზად არიან  ახალი წევრების მისაღებად. ამ სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს.

სოფიო ჭელიძე პროფესიით არქიტექტორია და საქართველოს მასშტაბით უამრავი შენობის დიზაინი სწორედ მას ეკუთვნის. კლუბის წევრებთან ერთად წელს კიდევ ერთხელ გაიარა მყინვარწვერის კლასიკური გზა. ნამყოფია მწვერვალ თიკანაძეზე, ასევე დამოუკიდებელი ასვლები ჰქონდა ჭაუხის მასივში, ასათიანის 2ბ და ჯავახიშვილის 3ა სირთულის კატეგორიის მწვერვალებზე.

 

ხატია პროფესიით იურისტია, ამასთანავე უყვარს ხატვა და სირბილი. ის ახლა ვიდეოგრაფიას სწავლობს, მისი ოცნებაა გადაიღოს დოკუმენტური ფილმი ალპინისტებზე.

მერის მთა ბავშვობიდან უყვარს, მეკლდეურთა რიცხვს ერთი წლის წინ შეუერთდა. პარალელურად სწავლობს ბიზნესის ადმინისტრირებაზე და მუშაობს გიდად. სამომავლოდ ემზადება კლუბის წევრებთან ერთად ტექნიკური სირთულის მწვერვალის დასალაშრად.