ანა მანიანის მიერ შექმნილი ეპოქა

კინემატოგრაფის ისტორიაში მეოცე სუკუნის ევროპის მუშათა კლასის წარმომადგენელი ქალის პორტრეტი არავის შეუქმნია ისეთი სიზუსტითა და ქარიზმით, როგორც ამას ანა მანიანი ახერხებდა. მთელი კარიერის მანძილზე მანიანიმ შექმნა ძლიერი, თავდაჯერებული და მებრძოლი ქალი პერსონაჟები. მის გმირებს, შექმნილი სოციალური თუ პოლიტიკური გარემოებების გამო, უწევდათ უამრავ კომპრომისზე წასვლა საკუთარი შვილის, საყვარელი მამაკაცისა და ოჯახის სხვა წევრების გამო. მანიანის ხშირად მოიხსენიებენ, როგორც “La Lupa”, რაც ძუ მგელს ნიშნავს. რომაულ მითოლოგაში ამ სიტყვთშეთანხმებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგან სწორედ ასე მოიხსენიებენ რომულუსისა და რემუსის გამზრდელ მგელს, რომელიც ქალაქ რომის სიმბოლოდ იქცა. ეს მეტაფორაც საკმარისია იმის გასააზრებლად, თუ რამდენად ძლიერი, უშიშარი და მებრძოლი იყო ანა და როგორ ოსტატურად ახერხებდა იგი თავისი ღირსეული თვისებების წარმოჩენას ეკრანზე. ამაში ხელს მის მიერ განსახიერებულ პერსონაჟთა ტიპაჟებიც უწყობდნენ. ანა მანიანის ქარიზმული და იმ დროის კინოსათვის არასტანდარტული გარეგნობა მის პერსონას კიდევ უფრო შთამბეჭდავსა და ეფექტურს ხდის, მის პერფორმანსებს კი – უნიკალურსა და დაუვიწყარს.

ანას წარმომავლობის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მან ძალიან საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება განვლო. მანიანის შესახებ იტალიელი რეჟისორი, ფრანკო ძეფირელი გვიყვება თავის ავტობიოგრაფიაში. ძეფირელის ვერსიით, რომელიც ამბობდა, რომ მანიანის საკმაოდ კარგად იცნობდა, ანა ეგვიპტეში, ალექსანდრიაში დაიბადა. მისი დედა იტალიელი ებრაელი იყო, მამა კი – ეგვიპტელი. მოგვიანებით გოგონა ბებიამ რომის ერთ-ერთ გარეუბანში ჩამოიყვანა და გაზარდა. თავად მსახიობი ამბობდა, რომ ის დედის იტალიაში დაბრუნების შემდეგ დაიბადა. ეგვიპტურ-იტალიურმა წარმომავლობამ ანას ტემპერამენტი და ეპატაჟური გარეგნობა განაპირობა, რაც მისი წარმატების უმთავრეს მიზეზად იქცა.

როდესაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქალ კინოვარსკვლავებზე ვსუბრობთ, დიდი ალბათობით, პირველ რიგში, ასოციაციურად თვალწინ ისეთი კეკლუცი და მხიარული ქერა მზეთუნახავი წარმოგიდგებათ, როგორიც მერლინ მონრო იყო; ან ისეთი მოკრძალებული, მორიდებული და უბრალო ლამაზმანი გახსენდებათ, როგორიც დორის დეი იყო; შესაძლოა ოდრი ჰეფბერნისა და გრეის კელის მსგავსი ელეგანტურ და დახვეწილი ქალბატონებზე ფიქრობთ. სწორედ ასეთი არქეტიპების გვერდით შემოაბიჯა კინოსამყაროში ანა მანიანიმ და სტერეოტიპები დაამსხვრია. მან შეასრულა მუშათა კლასის წარმომადგენელი, ყოველდღიური ცხოვრებით დაღლილი, მაგრამ მებრძოლი და ტემპერამენტიანი ქალების როლები. მათ ტყავში შეძრომა კი დიდად არც გასჭირვებია, რადგან მისი ხასიათი და გამოცდილება ზუსტად შეესაბამებოდა მის მიერ განსახიერებული პერსონაჟების მიერ განვლილ ცხოვრებას.

ანა მანიანის აღიარება რობერტო როსელინის ფილმში „რომი, ღია ქალაქი“ შესრულებულმა როლმა მოუტანა. ფილმში იგი განასახიერებს ქალს, სახელად პინა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტების მიერ ოკუპირებულ რომში ცხოვრობს. პინა ძლიერი და მებრძოლი ბუნების წყალობით ოჯახის საყრდენია. იგი ქალაქის მცხოვრებთა ჯგუფში, რომელშიც სოციალური, ეკონიმიკური და ეთნიკური ნიშნით განსხვავებული ადამიანები თავისუფლებისთვის ბრძოლამ გააერთიანა, საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და, ფაქტობრივად, ლიდერობს კიდეც. პინას შეუწყალებელი ნაცისტი ჯარისკაცის ტყვია იმსხვერპლებს. მისი ტრაგიკული სიკვდილის სცენა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და დაუვიწყარი მომენტია იტალიური კინოს ისტორიაში. ფილმი ნეორეალისტურია, რეჟისორი მას „გუშინდელი დღის კინოს“ უწოდებდა, რადგან ნაცისტებმა გადაღებამდე ერთი თვით ადრე დატოვეს რომი. ქალაქის ქუჩებსა და მსახიობთა სახეებზე ჯერ კიდევ ამოიკითხებოდა ის დამთრგუნველი, ჟრუანტელისმომგვრელი განწყობა და შიში, რომელიც გერმანელმა ჯარისკაცებმა დათესეს.

ანა მანიანის მიერ განსახიერებულ პერსონაჟთა შორის ყველაზე ძლიერი, ცეცხლოვანი და ვულკანური პიერ პაოლო პაზოლინის ფილმის მთავარი გმირი – მამა რომა იყო. მამა რომა რომის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობს და თავს მეძავობით ირჩენს. ის მთელს საკუთარ ცხოვრებას შვილს სწირავს, რომელიც საბოლოოდ უსამართლობისა და განუკითხაობის მსხვერპლი ხდება, დაუნდობელი სასამართლო სისტემა მის სიცოცხლეს ბოლოს მოუღებს. მამა რომა სწორედ იმ ძუ მგელს გვაგონებს, რომელიც ანა მანიანის პერსონაში არაერთმა კრიტიკოსმა დაინახა. თავდადებული დედის როლი მსახიობმა ლუკინო ვისკონტის ფილმში სახელად „ყველაზე ლამაზი“ (Bellissima) 1951 წელსაც მოირგო, სადაც იგი საკუთარი ქალიშვილის დაცვას ცდილობს ომის შემდგომი კინოინდუსტრიის სასტიკი ბრჭყალებისგან.

ანა მანიანი ნეორელისტური კინოს განუმეორებელი სიმბოლოა. მის გარეშე ევროპულ კინემატოგრაფში ნეორეალიზმი სრულყოფილი სახით ვერ იარსებებდა. მის მიერ გადმოცემული ემოციები თავიდან ბოლომდე იპყრობს მაყურებელს. ანამ ტირილიც და სიცილიც სულისშემძვრელი იცოდა, მისი პერსონაჟების ტრაგიკული ბედი  კი ნებისმიერი სახის მაყურებლის ატირებას შეძლებს. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს სხვა ჟანრის ფილმებშიც აქვს არაერთი შესანიშნავი როლი შესრულებული, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანა მანიანი ტრაგედიის შესაქმნელად დაიბადა.