ნაკლებად ავი მუსაიფი გიორგი მეშველიანთან

საქართველოში მუსიკალური ბაზარზე ხარისხიანი შემოქმედების სიმწირიდან გამომდინარე, ბუნებრივია, უზომოდ რთულია სივრცემ მრავალფეროვნებისა და ინდივიდუალურობის შენარჩუნება მოახერხოს ისე, რომ მსმენელისათვის აქტუალურობა არ დაიკარგოს. სხვადასხვა მუსიკოსისა და პროდუქტის მიღმა კი ხშირად დგანან ერთი და იგივე ადამიანები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ პროდუქტის სრულყოფისათვის. რეჟისორი და, ალბათ, თქვენთვის კარგად ცნობილი არაერთი ვიდეოკლიპის ავტორი გიორგი მეშველიანი (avi musaifi) სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვს განეკუთვნება. მასთან მუსაიფი კი, მიუხედავად მისი მეტსახელისა, არც ისეთი ავი აღმოჩნდა.

 

როდის დაინტერესდით რეჟისურით და რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი თქვენი ამ სფეროში მოღვაწეობის დაწყებისას?

ვერ ვიტყოდი, რომ ჩემი შემოქმედება ჩამოყალიბებულია. ზუსტად ახლა გავდივარ გზას, როდესაც ინდივიდუალურ და ავთენტურ სარეჟისორო ენას ვეძებ. კლიპები ერთგვარი ვარჯიშია, რომელიც ამ ენის ძიებაში მეხმარება.
მუსიკასა და კინოს ჩემს ცხოვრებაში უკვე წლებია უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. მუსიკალური კლიპები ამ ორი მედიუმის იდეალური სინთეზია. სულ რამდენიმე წუთი გაქვს იმისთვის, რომ მოყვე ამბავი, შექმნა სახასიათო პერსონაჟები, კინემატიკური ატმოსფერო და ეს ყველაფერი ჰარმონიულად ერწყმოდეს სიმღერას. გარდა ამისა, მონტაჟის დროს მუსიკა გკარნახობს ვიზუალურ დინამიკასა და კადრების დინებას, რაც პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
რაც შეეხება ჩემი ინტერესების ფორმირებას, ამ ამბავში უდიდესი კრედიტი ჩემს დეიდაშვილს, ეკო დეისაძეს ეკუთვნის, რომელიც ბავშვობიდან მამარაგებდა საინტერესო მუსიკით, ლიტერატურითა და კინოთი.

 

რისგან ან ვისგან იღებთ ინსპირაციას?

ჩემი საყვარელი მუსიკალური კლიპების დიდი ნაწილი ჯონათან გლეიზერს ეკუთვნის (Massive Attack – Live With Me; Radiohead – Karma Police; Nick Cave & The Bad Seeds – Into My Arms და კიდევ მრავალი). გლეიზერის კლიპები შთაბეჭდილებას ქმნის, რომ კადრები, რომლებსაც ვხედავთ, რაღაც სრულმეტრაჟიანი ფილმიდანაა ნასესხები. სინემატიკური ატმოსფეროს შექმნა ყველაზე სწორი და სახალისო გამოწვევა მგონია მუსიკალურ კლიპებზე მუშაობის დროს. თითქოს, ამ ამბითა და პერსონაჟებით რაღაც დიდი ფილმის გადაღება გინდოდა, მაგრამ საკმარისი ფული არ მოგცეს.
მუსიკალურ კლიპებს რომ გავცდე ცხოვრების ამ ეტაპზე საყვარელ რეჟისორად პოლ ტომას ანდერსონს დავასახელებდი. მიუხედავად იმისა, რომ ანდერსონს უამრავ მუსიკალურ კლიპზეც უმუშავია, ის მაინც გაცილებით დიდი კინორეჟისორია, ვიდრე კლიპმეიკერი. ანდერსონში ყველაზე მეტად ის აღმაფრთოვანებს, რომ მთელ აქცენტს პერსონაჟებზე აკეთებს და არა ამბავზე. ამბავი უბრალოდ პერსონაჟის საშენი მასალაა.
და ბარემ, ბენი და ჯოშუა სეფდიებსაც ვახსენებ. ახალი თაობის რეჟისორებიდან ყველაზე დიდ იმედს ამ ორ ულამაზეს ადამიანზე ვამყარებ.
მაინსპირირებელ ცხოვრებისეულ მოვლენას რაც შეეხება, ერმალო მაღრაძის ახლოს გაცნობის ბედნიერება მქონდა. არ მინახავს ადამიანი, რომელსაც ამდენად უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს. 

 

თქვენ ნამუშევარი გაქვთ ისეთ არტისტებთან, როგორებიც თამადა, 4D Monster Lobsters და ერეკლე დეისაძე არიან. როგორი გამოცდილება იყო მათთან ერთად პროდუქტის შექმნა?

სინამდვილეში, ჩემი პირველი მუსიკალური კლიპი Bedford Falls-ს და კონკრეტულად დათო ჯიქიას უკავშირდება. დაახლოებით ორი წლის წინ დათომ “Mermisi” მომასმენინა და მითხრა, რომ უნდოდა, კლიპი მე დამემონტაჟებინა. მერმისს დაახლოებით 2 დღე ვამონტაჟებდი დათოსთან და ნინო ლეკვეიშვილთან ერთად. ძალიან ჩამთრევი პროცესი გამოდგა და მუსიკალური კლიპების მიმართ ინტერესი გამიმძაფრა.
8 თვის წინ ლობსტერებმა კლიპის გადაღება შემომთავაზეს და ბევრი ძალიან კარგი და ძალიან ცოტა ძალიან ცუდი ადამიანის უდიდესი ენთუზიაზმით შეიქმნა “Vneba”. მერე იყო თამადა და “პირამდე”. სიუჟეტურად ისევ ქორწილის თემატიკა შევარჩიე, მაგრამ ამჯერად იმ დროს არსებული და გამძაფრებული ტრავმების ამბავში ინტეგრირება ვცადე და ძალიან დამეხმარა. თითქოს რაღაც, რაც მაწუხებდა და შიგნიდან მჭამდა, სადღაც დაკონსერვდა. ალბათ ამიტომ მიყვარს “პირამდე” ყველა ნამუშევარზე მეტად. განსაკუთრებული კუთვნილების განცდა გამიჩინა.
რაც შეეხება ეკოს, როგორც უკვე ვახსენე, ერეკლეს ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი გემოვნებისა და ხედვის ჩამოყალიბებაში. „ცეცხლი უკიდია ყველაფერს“ იყო პირველი კლიპი, სადაც რეჟისორობასთან ერთად კინემატოგრაფიის ნაწილიც შევითავსე. ზოგადად, რეჟისურაზე არანაკლებ მაინტერესებს კინოგამოსახულების მიღების ხერხები და ვცდილობ, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად განვვითარდე. 

 

თქვენ მიერ შექმნილმა ერთ-ერთი ვიდეოკლიპი, რომელიც თამადასა და 4D Monster Lobsters-ის კოლაბორაციული სინგლი “VNEBA”-სთვის გადაიღეთ, “ELECTRONAUTS”-ის გამარჯვებულიც გახდა. შეგიძლიათ გვესაუბროთ მეტი კონკრეტულად ამ ვიდეოკლიპისა და მასზე მუშაობის პროცესის შესახებ?

„ვნება“ საკმაოდ სპონტანურად შეიქმნა. ზუსტად არც მე ვიცოდი, რას ვაკეთებდით. ცოტა მეშინოდა, მაგრამ ხალხში ძალიან გამიმართლა. თავდაპირველი იდეა მინდია არაბულს მოვუყევი და ულამაზეს ამბად აქცია. მერე უკვე ტექნიკურ ნაწილზე დავიწყე ფიქრი, რაშიც მინდია ინასარიძემ უდიდესი წვლილი შეიტანა. ვიზუალური ნაწილი ნინო ლეკვეიშვილის ულამაზესი გემოვნების დამსახურებაა. აღსრულების ნაწილში ნიკა ქუცნიაშვილმა და ნინო ბიწაძემ იყოჩაღეს (მინდოდა, ეს სიტყვა სადმე გამომეყენებინა და ამ პასუხში დავხარჯავ). და კიდევ ბევრი კარგი  და ძალიან ცოტა ძალიან ცუდი ადამიანია, ვისი დამსახურებითაც „ვნება“ შეიქმნა. 

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

აი, ახლა ვმუშაობთ თამადას ახალ კლიპზე. წესით, ყველაზე მასშტაბური და მსუყე ნამუშევარი უნდა იყოს მათ შორის, რაც ჯერჯერობით შეგვიქმნია. ზედმეტ მოლოდინს არ შევქმნი. იმედგაცურება იცის ხოლმე. კიდევ რამდენიმე მუსიკოსთან ვგეგმავ კოლაბორაციას, მაგრამ ეს ჯერ იდეის დონეზეა, თამადას კლიპი კი – აღსრულების. 

რას ურჩევდით ამ სფეროთი დაინტერესებულ დამწყებ ხელოვანებს?

ცოტა მეუხერხულება მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემა. არ მგონია, რომ საკმარისი “ბაგაჟი” გამაჩნია რჩევების გასაცემად. მაგრამ ერმალო მაღრაძე ვახსენე და რაღაც ასეთი დავასკვენი:

არც ისე მნიშვნელოვანია, რამდენად კარგად ან ცუდად აკეთებ საქმეს, მნიშვნელოვანია, რამდენად გიყვარს.

ამ საკმაოდ პათეტიკური და არაფრისმომცემი რჩევით დავამთავრდები ჩემს ინტერვიუს.