HOMO FABER – სილა გამოფხიზლებისა

მაქს ფრიში- HOMO FABER

[ტექსტი შეიცავს სპოილერებს]

 


”ყველაფერი მოხდა ზუსტად ისე, როგორც მე მინდოდა, რომ არ მომხდარიყო.”


იანვრის გრძელი თვე მთლიანად ბებიაჩემის სახლში გავლიე. ვერ ვიტყვი, რომ რამით უკმაყოფილო ვარ ან ვიყავი, მაგრამ თითქოს მაინც მაკლდა რაღაც. ბებოს სახლში დიდი ბიბლიოთეკა აქვს, წიგნები ყველა ზომის, ყველა ფორმის, ყველა ენაზე. გულწრფელი რომ ვიყო, ვერ ვიტყოდი, ბიბლიოთეკისთვის ხშირად მიმიმართავს-მეთქი, რატომ – თავადაც არ ვიცი. ერთ-ერთ შუადღეს უცაბედად გადავწყვიტე, ბიბლიოთეკას კარგად გავცნობოდი. თაროები შუშებიანია, შუშის გადაწევის გარეშე წიგნს ვერ გამოიღებ, შუშები კი დიდიხანია უკვე, რაც მყარად მიმაგრებოდა ხეს. ბევრი ჯაჯგურისა და ხელის ცეცების შემდეგ, ბევრი ვერაფერი ვნახე საჩემო. დავიხარე. ფრიშს მოვკარი თვალი, არ ველოდი. გამოვიღე, შუშის კოშკისგან ვიხსენი საბჭოთა დროის გამოშვების ბებრუცანა, ხელი გადავუსვი და ლოგინის გვერდით, წაკითხულ წიგნებთან დავაბინავე თეთრყდიანი HOMO FABER.

მალევე დავასრულე და რადგან ახლა ამას ვწერ, ცხადია, შთაბეჭდილებები ნამდვილად არ იყო „მცირე“.

მარჯვე ადამიანი, სწორედ ასე განიმარტება წიგნის სახელწოდება. ვოლტერ ფაბერი – პროტაგონისტი – ინჟინერია, მალე 50 წელი შეუსრულდება. ბევრს მოგზაურობს, ბევრს მუშაობს და ბევრსაც არაფერს განიცდის. მისთვის მთავარი ცხოვრების წესი სამყაროსადმი ტექნიცისტური, საოცრად პრაქტიკული და მომხმარებლური დამოკიდებულებაა.

ნაწარმოები სწორედ იმით იწყება, რომ ვოლტერ ფაბერი კვლავ თვითმფრინავშია, სამსახურის საქმის გამო გრძელი გზა უნდა განვლოს, თუმცა პირველად მოხდება ისე, რომ თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვა და უდაბნოში აღმოჩნდება, სილას მიეკრობა მჭიდროდ. სწორედ აქედან იცვლება ვოლტერის ცხოვრებაც – ჩნდებიან ახალი ადამიანები, მიზნები, მოგონებები და შფოთვები.

ვოლტერს საკმაოდ უცნაური ისტორია გადახდება თავს, ცხოვრებაში პირველად გადაწყვეტს გემით იმგზავროს. გემზე 20 წლის ელზბეტს გაიცნობს, კოვბოის შავი შარვალი რომ აცვია მუდამ. მიუხედავად იმისა, რომ ირწმუნებოდა, თავს ვარიდებ, არ მომწონსო და სხვა, ნათელია, ელზბეტი მალევე ჩაუვარდება გულში და 50 წლის ასაკში თითქოს პირველად ეწვევა ასეთი მძაფრი გრძნობები. ის ცდილობს კვლავ გაჭაბუკდეს, გალაღდეს, ცდილობს ეზლბეტს ყველანაირად მიანიჭოს სიამოვნება.

ერთი შეხედვით, თითქოს არაფერია საყურადღებო, თუმცაღა თვალშიმისაღებია ფაქტი – ელზბეტი ვოლტერის შვილია. ვოლტერი გრძნობს ამას, ვოლტერი ეჭვობს, მაგრამ იმდენად არ სურს ამ ფაქტის მიღება და უფრო მეტიც – აღიარება, რომ მალევე ამ ფიქრებს ძლიერ მოკუჭავს და ზღვის ზვირთებსაც მიაბარებს, გემიდან ჩამოსვლის შემდეგ.

როგორ შეიძლებოდა, რომ შუახნის მამაკაცს არ სცოდნოდა 20 წლის განმავლობაში შვილის არსებობის შესახებ? სწორედ ეს არის ის პირველი რამ, რაზეც მაქს ფრიში გვაფიქრებს.

ზოგიერთთა აზრით, ფრიშის მხრიდან სათქმელის ამ სიუჟეტით გამოხატვა, არც მეტი, არც ნაკლები – ამორალურია, მაგრამ, ჩემი აზრით, სწორედ ამაში მდგომარეობს მთელი არსი – ავტორმა სწორედ ასე მწარედ გაგვაწნა სილა მკითხველებს.

წიგნი, პირველ რიგში, ხაზს უსვამს იმას, რომ ვოლტერ ფაბერი ადამიანი-თვითმფრინავია. ის მუდამ სადღაც მიისწრაფის, არის ყველგან, მაგრამ ამავდროულად – არსად. ის ბევრს ნახულობდა, მაგრამ ამ ბევრიდან მაინც ვერაფერი ისწავლა. ხოლო, როდესაც საქმე გრძნობებზე გადადიოდა – ავტოპილოტს რთავდა. მსგავსმა ცხოვრებამ კი საბოლოოდ იმსხვერპლა და დასცა ძირს, ქვიშას – მან ყველაფერი გამოტოვა საკუთარ ცხოვრებაში და საკუთარ თავსვე გაუუცხოვდა. გამოტოვა შვილის დაბადება, მისი პირველი ნაბიჯები, პირველი სიტყვა, გამოტოვა ოჯახური იდილიის განცდა, გამოტოვა ზოგადად განცდა რამისა.

ის ზის და ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება უაზრობაა, რაში გალია ეს წლები?! სიმართლე კი ასეთია – მიმატება-გამოკლებაში, ყველაფრის გარაოდენობ-გაერთეულებაში. ბოლოს უყურებს საკუთარ ფირზე აღბეჭდილ კადრებს, ყველაფერი სწრაფ-სწრაფად გადადის და ჩვენების დასასრულს ხელთ არაფერი რჩება.

ფრიში ცხადად გვანახებს, თუ რა ბედი ელის იმ ადამიანს, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს. იმასაც ხაზს უსვამს, თუ რა ელით მათ, ვინც ჭეშმარიტებასა და ემოციებს თავქუდმოგლეჯილი გაურბის.

ფაბერი უბედურია, მართალია, ცხოვრება ზუსტად ისე წარმართა, როგორც სურდა, მაგრამ ზუსტად ამაშივე არ მდგომარეობს მისი ტრაგედია?! ის ხომ მუდმივად იმეორებს, რომ არანაირი ბედისწერაც არ არსებობს და ახლა მხოლოდ თავის თავსღა თუ დააბრალებს იმას, რაც შეემთხვა.

შეუძლებელია ადამიანმა საკუთარ შეცდომებზე არ აგოს პასუხი, ადრე თუ გვიან მაინც. ამ წიგნის გენიალურობაც კი ზუსტად ის არის, რომ აჩენს სურვილს, ერთ დღესაც ავდგეთ და საკუთარ თავს ვკითხოთ: რას ვაკეთებთ, რას ვგრძნობთ და რა გვინდა, რომ საბოლოოდ გავახილოთ თვალი, რათა ნახევარი საუკუნის განვლის შემდეგ სინანული არ გვქონდეს ვახშმად და ჩვენს შუშის კოშკსაც თავი დავაწღიოთ.