კარა უოლკერი – ინსტალაციებითა და სილუეტებით გაშიშვლებული ძალადობრივი წარსული

ხელოვანები საკუთარ შემოქმედებას პირად გამოცდილებებს, აქტუალურ და პრობლემურ საკითხებს უძღვნიან ხოლმე. კარა უოლკერის შემოქმედებაშიც მისი ცხოვრების სწორედ ეს პრინციპები იკვეთება. კარა უოლკერი ამერიკელი არტისტია, რომელიც გენდერული, რასობრივი და ძალადობრივი დისკრიმინაციის საჩვენებლად ხშირად იყენებს ინსტალაციებს, კოლაჟებს, ამოჭრილი ქაღალდებისგან სილუეტებს, ანიმაციებს და ა.შ.

უოლკერი 13 წლის იყო, როდესაც მშობლებთან ერთად ჯორჯიას შტატში გადავიდა საცხოვრებლად და სწორედ აქ წააწყდა იმ სირთულეებს, რომლებიც მოგვიანებით საკუთარ ნამუშევრებს საფუძვლად დაუდო. 1994 წელს კარამ მაგისტრატურა დაამთავრა როდ აილენდის დიზაინის სკოლაში, სწორედ აქ დაიწყო მან სილუეტებზე მუშაობა, პარალელურად მონობისა და ძალადობის ისტორიის გაცნობას წიგნებში, ფილმებსა თუ ანიმაციებში ცდილობდა.

Kara Walker credits to The Art Story

კარა უოლკერის შემოქმედება პირველად 1994 წელს გამოჩნდა ნიუ-იორკში, ხატვის ცენტრში. მისი ნამუშევარი 15 მეტრის სიმაღლის სილუეტების ფრესკა იყო („Gone, an Historical Romance of a Civil War as It Occurred Between the Dusky Thighs of One Negress and Her Heart“), რომელიც წარმოაჩენდა სამხრეთ ამერიკაში სამოქალაქო ომამდე მიმდინარე შემაშფოთებელი და ძალადობრივი მოვლენების ამსახველ სცენებს. თეთრ კედელზე განლაგებულია ამოჭრილი შავი სილუეტები, რომლებიც გარეგნულად მეთვრამეტე საუკუნის საზოგადოების წევრებს წააგავს. მათი ქმედებები აღსავსეა ძალადობრივი მოტივებით. მათი მიზანია დაგვანახონ, რომ ამერიკული ყოფა, რომელიც დღეს ყველასთვის თავისუფლების სიმბოლოდ ქცეულა, 3 საუკუნის წინ სწორედ ასეთ დისკრიმინაციულ და მჩაგვრელობით პრინციპებს ეფუძვნებოდა. ნამუშევარი ერთი შეხედვით შავისა და თეთრის ლამაზ კონტრასტს წააგავს, თუმცა თითოეული სილუეტი შეიცავს მონობისა და ძალადობის იმ ისტორიულ ნარატივებს, რომელიც დღემდე შავ ლაქად გასდევს ჩვენს თანამედროვე საზოგადოებას.

Gone, an Historical Romance of a Civil War as It Occurred Between the Dusky Thighs of One Negress and Her Heart Photo by MoMA

 

კარა აცხადებდა, რომ ხელოვნება მისთვის კითხვებზე პასუხის პოვნის საშუალებას არ წარმოადგენდა და რომ მისი შემოქდების მიზანი არ იყო სასიამოვნო და ესთეტიკური ნამუშევრების შექმნა, რომლებიც მნახველს ვიზუალურ სიამოვნებას მიანიჭებდა. სწორედ ამავე იდეით ხსნიდა საკუთარ შემოქმედებაში სილუეტების გამოყენების საჭიროებას. კარა უოლკერის თქმით, სილუეტი სტერეოტიპების მსგავსად ძალიან ბევრს ამბობს ცოტა ინფორმაციით.

კარა უოლკერთან ძალადობრივი სიუჟეტების გარდა, შევხვდებით ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეულ შედეგებსაც. 2006 წელს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში მოეწყო უოლკერის ნამუშევრების გამოფენა სათაურით „წარღვნის შემდეგ“. გამოფენა ნიუ ორლეანში გასულ წელს მომხდარი ქარიშხალ კატრინას მიერ გამოწვეული ტრაგედიით იყო შთაგონებული.

კარა უოლკერის შემოქმედება სარკეა, რომელიც ზუსტად ირეკლავს ჩვენ გარშემო წარსულსა და თანამედროვეობაში მიმდინარე ტრაგედიებს. თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი წარმომადგენელი ცდილობს ინსტალაციებითა და სილუეტებით გააშიშვლოს ძალადობრივი წარსული და შეცვალოს მომავალი.