გიგა ერისთავის, იგივე ბაჯუს ქართული მომენტები

90-იანებში, სამოქალაქო ომის წლებში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არ იყო დენი, წყალი, საკვები, მოსახლეობა პურის რიგებში ათენებდა და აღამებდა, ქუჩებში კბილებამდე შეიარაღებული ადამიანები დადიოდნენ, ხალხში კი უიმედო, დამანგრეველი განწყობა გაბატონებულიყო, თანამედროვე ქართული კულტურისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა.

ამ პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ქართველი მხატვრები, რომლებიც ჯგუფ „მეათე სართულში“ იყვნენ გაერთიანებულები. განვითარების მწვერვალს მიაღწია ქართულმა ალტერნატიულმა მუსიკამ. მუსიკოსები ძალისხმევას არ იშურებდნენ და აქტიურად აგრძელებდნენ მოღვაწეობას, ქმნიდნენ კომპოზიციებს, რომელთა მეშვეობით ზოგჯერ პროტესტს გამოხატავდნენ სამშობლოში გამეფებული ძალადობისა და კორუფციის წინააღმდეგ, ზოგჯერაც სასტიკი რეალობისგან გაქცევას ცდილობდნენ, თავს მიწისქვეშეთს აფარებდნენ და საკუთარ, ალტერნატიულ რეალობას ქმნიდნენ. მართალია, ქართული ალტერნატიული მუსიკის პიონერების დიდი ნაწილი მალევე დაემშვიდობა სამშობლოს და მოღვაწეობა სხვა, კულტურის განვითარებაზე ორიენტირებულ ქვეყნებში განაგრძო, თუმცა ამ მუსიკოსთა მიერ ჩაყრილი საფუძველი საკმაოდ მყარი აღმოჩნდა და მათი შემოქმედება დღემდე არ დავიწყებია ქართველ ერს. ქართული კულტურის განვითარებაში საკმაოდ დიდი როლი ტელეკომპანია მე-2 არხის გახსნამ ითამაშა, რომელიც ქართველი არტისტების შემოქმედებას ფართო საზოგადოებას უზიარებდა.

როდესაც ქართული ალტერნატიული მუსიკის შექმნასა და განვითარებაზე ვსაუბრობთ ძალიან რთულია გვერდი ავუაროთ გიგა ერისთავის სახელს, რომელიც ცნობილია მეტსახელით – ბაჯუ. მუსიკოსმა რამდენიმე მიმდინარეობაში მოსინჯა ძალები. ამავდროულად იგი იყო წამყვანი გადაცემისა – „ბაჯუ“, რომელიც ტელეკომპანია მეორე არხზე გადიოდა. თავდაპირველად ჯაზ-ბენდ „ფაზისში“ უკრავდა, თუმცა მისი პირველი მასშტაბური პროექტი ქუთაისური პანკ-როკ ჯგუფი „აუთსაიდერი“ აღმოჩნდა, რომლის შემქმნელი და იდეოლოგი რობი კუხიანიძე იყო. საბოლოოდ კი ელექტრონულ მუსიკაზე შეჩერდა.  ბაჯუ საქართველოში ერთ-ერთი პირველი დიჯეი გახდა. 90-იან წლების შუა პერიოდში საქართველოში ტელეკომპანია და რადიო BBC-ს წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსული. იმ დროს გიგა ერისთავი ლადო ბურდულთან ერთად ხშირად აწყობდა წვეულებებს, სადაც თავად უკრავდა. ერთ-ერთი მათგანი BBC-ს წარმომადგენლობამ კამერაზე აღბეჭდა და შემოგვინახა. ბაჯუ და მისი მეგობრები უშუქობასა და არეულობაში თბილისში წვეულებების მოწყობას რომ ახერხებდნენ, ეს ფაქტი თავისთავად ძალიან გასაკვირია. თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი ის მუხტია, რომელიც მოცეკვავეებს, მუსიკოსებსა და მთელს ქართულ ალტერნატიულ მუსიკაში იგრძნობა. წვეულებები ლადო ბურდულის სახლში იმართებოდა, რადგან ფილარმონიაში კონცერტის ჩატარებას ძალიან დიდი ფასი ჰქონდა იმდროინდელ თბილისში. მუსიკოსები მაინც არ ეპუებოდნენ და ალტერნატიულ კომპოზიციებს ალტერნატიულ კონცერტებზე უკრავდნენ.

„სად იყო შუქი, სანთლები გვენთო და ისე ვაწყობდით – არადა, უცხოელებს ეგონათ, განგებ ვაკეთებდით ასე. ხშირად მოდიოდნენ უცხოელი ჟურნალისტები ჩვენთან ინტერვიუს ჩასაწერად. გარეთ ჯაბა იოსელიანი ყაჩაღობდა და ჩვენ მუსიკას ვუკრავდით. ორჯერ თუ სამჯერ დამაყაჩაღა „მხედრიონმა“ – ყველაფერი წაიღეს – დინამიკები, კაბელები, ინსტრუმენტები… „

ბაჯუს შემოქმედებაში ყველაზე გამორჩეული ქართული ფოლკლორული მუსიკის მოტივებზე შექმნილი კომპოზიციებია. მან „დიმპიტაური“  1995 წელს, გადაცემა ანარეკლის ეთერში შეასრულა. სწორედ ამ კომპოზიციას შეგვიძლია ვუწოდოთ „მომავლის მუსიკა“, რომელიც ბაჯუს ინტერვიუებში არაერთხელ უხსენებია. თუმცა ამ მუსიკის გავრცელება მარტივი არ აღმოჩნდა, მუსიკოსს უამრავი დაბრკოლება დახვდა წინ. ეს გასაკვირი სულაც არ იქნება, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი თავისუფლებას განსხვავებულად, დამახინჯებულად აღიქვამდა. ყოველგვარ სიახლეს ეწინააღმდეგებოდნენ. სწორედ ამ წინააღმდეგობის მსხვერპლი გახდა არაერთი ქართველი არტისტი, მათ შორის ქართული ალტერნატიული მუსიკის პიონერები. განსხვავებული ჩაცმულობისა თუ სოციალური ხასიათის მუსიკის გამო საზოგადოებას გაუჭირდა თანამედროვე მუსიკოსების აღქმა. ამას სამოქალაქო არეულობაც დაემატა.

      „მე ქართველი ვარ და მაქვს ქართული მომენტები.“

მიუხედავად ქართული მომენტებისა, ბაჯუ სამშობლოში დიდხანს არ გაჩერებულა. იგი სიმშვიდესა და სიწყნარეს ელოდა, რათა თავისი საქმიანობა აქტიურად გაეგრძელებინა. ამბობდა, რომ სიმშვიდეში მუსიკის შექმნა უფრო მეტად გაუადვილდებოდა და ელოდა იმ დროის დადგომას, როცა მის მუსიკას პოლიტიკური და სოციალური არეულობით გამოწვეული ხმაური არ გადაფარავდა. თუმცა ეს მოლოდინი სულ უფრო და უფრო იწელებოდა და გაუსაძლისი ხდებოდა, ამიტომ ბაჯუმ, თავისი არაერთი მეგობრისა და კოლეგის მსგავსად, გადაწყვიტა საქართველო დაეტოვებინა და მშვიდი ადგილის ძიებაში ევროპაში ემოგზაურა.

„სადაც ვიყავი იმ ქვეყანას კალმით ვხაზავდი რუკაზე, ბოლოს სულ გადახაზული იყო რუკა„