მოსიარულე ადამიანი ანუ ალბერტო ჯაკომეტის ეგზისტენციალიზმი

ვაშინგტონის ეროვნული მუზეუმის შესასვლელში მონუმენტური ხიდი არის აღმართული, რომელზეც შავი, გამხდარი და უცნაური ფიგურის დალანდვა არის შესაძლებელი. მას ფეხი წინ აქვს გადადგმული, თითქოს ეს-ესაა მოძრაობა უნდა წამოიწყოს და გზა გაიკვლიოს ხიდის გადაღმა არსებულ სივრცეში, თუმცა, დანარჩენი გამვლელებისგან განსხვავებით, იგი აბსოლუტურად სტატიკურია და არ იძვრის ადგილიდან, რამდენადაც დისტროფირებული ფეხები ბრინჯაოს ზედაპირში აქვს ჩაფლული. ეს უცნაური სანახაობა „მოსიარულე ადამიანის“ სახელით არის ცნობილი, რომელიც გამორჩეული და ექსცენტრიკული სკულპტორის, ალბერტო ჯაკომეტის, ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ნამუშევარია.

Photo via YouTube-SmartHistory

ალბერტო ჯაკომეტი შვეიცარიელი მოქანდაკე, ილუსტრატორი და მხატვარი იყო, რომლის ხელოვნებაზეც მე-20 საუკუნის სოციალურმა და ინტელექტუალურმა ცვლილებებმა მოახდინა გავლენა. მის სამეგობრო წრეში შეიმჩნეოდნენ პიკასო, ჟან პოლ სარტრი და სიმონ დე ბოვუარი, რომლებმაც უდიდესი გავლენა მოახდინეს ხელოვანის შემოქმედებაზე. შესაბამისად, ჯაკომეტის არტისტული ენა ინსპირაციას იღებდა როგორც სიურეალიზმისა და კუბიზმისგან, აგრეთვე ისეთი ფილოსოფიური კონცეფციებისგან, როგორებიცაა ეგზისტენციალზმი და ფენომენოლოგია. თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ჯაკომეტიმ უამრავი ხელოვნების ნიმუში წარუდგინა ფართო საზოგადოებას, დაწყებული ნახატებითა და ილუსტრაციებით, დამთავრებული ქანდაკებებით, რომელთა შექმნის თავისებურება სკულპტორის პირად გამოცდილებებთან ერთად იცვლებოდა. ამ ქანდაკებებიდან უდიდესი ყურადღება მოსიარულე ადამიანმა მიიპყრო, რომელიც ცივი ომის პერიოდში, 1961 წელს შეიქმნა. ამ წლისთვის მსოფლიოს ორი სისხლისმღვრელი და დესტრუქციული ომი ჰქონდა გამოცდილი. ჯაკომეტის „მოსიარულე ადამიანიც“ სწორედ ამ სანახაობით გამოწვეულ ემოციებსა და განცდებს გამოსახავს.

Photo via artelista.com

„მოსიარულე ადამიანის“ ფიგურა ძალზე გამხდარი და დაგრძელებულია. იქმნება წარმოდგენა, რომ სკულპტურა ჩვენს თვალწინ უჩინარდება, რის გამოც მივისწრაფით, რომ იგი უფრო ახლოდან შევისწავლოთ, თუმცა რაც უნდა მოკლე დისტანციით დავაკვირდეთ ფიგურის სახეს ან სხეულს, მასზე ვერანაირ გამომეტყველებას ვერ დავინახავთ. იგი სრულიად გარიყულია რეალური სამყაროდან და ირეალურ განზომილებაში არის გადანაცვლებული, რის გამოც მისი ფიქრები და განცდები მიუწვდომელია. თუ „მოსიარულე ადამიანს“ ბრინჯაოს მასალით შექმნილ დანარჩენ სკულპტურებს შევადარებთ, დავინახავთ, თუ რაოდენ განმაცვიფრებელი არის სხვაობა.

Photo by Steven Zucker

ჯაკომეტის დრომდე შექმნილი ნამუშევრები განსაკუთრებით გამოირჩეოდა ზედაპირის სიგლუვითა და ანატომიური სიზუსტით, რის გამოც რეალობასთან მიახლოებული ფიგურების შექმნა იყო შესაძლებელი. აქანდაკებდნენ იმპერატორების, ოლიმპიური მოთამაშეების ან მთავარსარდლების ფიგურებს, როლმებიც სიდიადითა და ჰეროიზმით იყვნენ განსმჭვალულნი. საკმარისია ჯაკომეტის სკულპტურა ოგიუსტ როდენის იმავე სახელით დასათაურებულ ქანდაკებას შევადაროთ და მაშინვე გამოჩნდება ეს მკვეთრი კონტრასტი. მართალია, როდენის ქანდაკებას თავი და ზემო კიდურები არ აქვს, თუმცა მაინც იგრძნობა ანატომიური სიზუსტის დაცვისკენ მიდრეკილება, რის გამოც მისი სკულპტურა საოცრად რეალისტურია. მისგან განსხვავებით, „მოსიარულე კაცი“ აბსოლუტურად დაცლილია ყოველგვარი რეალიზმისგან ან ჰეროიკულობისგან. ეს არის უბრალო, ორდინალური მამაკაცის ფიგურა, რომელიც გაშიშვლებულია ალეგორიული და იდეური დატვირთვისგან. ამიტომ, თავად ჯაკომეტისა და კრიტიკოსების მიხედვით, „მოსიარულე ადამიანი“ ეგზისტენციალიზმის უმთავრესი გამომსახველი იდეაა.

 

პირველი და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი არის კულმინაცია ეგზისტენციალიზმის იდეისთვის, რომლის მიხედვითაც ადამიანი, როგორც ინდივიდი, თავისუფალია, რომ საკუთარ ცხოვრებას თვითონვე მიანიჭოს მნიშვნელობა. ამ იდეისა და დესტრუქციული ომების ტანდემმა მარტოობისა და იზოლაციის დაღი დაასვა თანამედროვე ადამიანს, საიდანაც გარიყულობის იდეა წარმოიშვა. სწორედ ამ მოვლენების ვიზუალური რეპრეზენტაციაა მოსიარულე ადამიანიც. მას არანაირი ატრიბუტი ან დეტალი არ აქვს, რომლითაც შეიძლება მისი იდენტიფიცირება. იგი უბრალოდ ადამიანის ფიგურაა, რომელიც სამყაროში მარტო არსებობს სხვა მარტოსულ ადამიანებთან ერთად. მისი სხეულის მოძრაობა ექსპრესიული და დინამიკურია, თუმცა პარადოქსულად, სტატიკურიც, რის გამოც იგი რეალურ სამყაროში შებოჭილი და უმოძრაოა, ხოლო წარმოსახვით დროსა და სივრცეში კი მუდამ წინ მიიწევს, რათა საკუთარ ცხოვრებას თავადვე შესძინოს მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ ჟან პოლ სარტრი წერდა, რომ ჯაკომეტის სკულპტურები ყოველთვის „სანახევროდ არიან მისულნი არყოფნასა და ყოფნას შორის“.

 

ჯაკომეტის „მოსიარულე ადამიანის“ მსგავსი მრავალი გამხდარი და მაღალი ფიგურა აქვს შექმნილი, რომელთაც სახის გამომეტყველება სრულიად წაშლილი აქვთ, ხოლო სხეულის ზედაპირის ტექსტურა კი უხეში და არათანმიმდევრულია. ასეთი არაორდინალური სკულპტურებით ჯაკომეტიმ მოახერხა ეგზისტენციალიზმის ვიზუალურად გამოსახვა და ამავდროულად წარმოაჩინა ომის ის დამანგრეველი შედეგები, რომლებმაც გარიყულობისა და მარტოობის ამოუვსები უფსკრული გააჩინეს.

ფოტო: ideelart.com