ნინო ელიაშვილი – ქალი ვარდისფერი ხელთათმანით

 21-ე საუკუნე გამოწვევების საუკუნეა. ცხოვრების ტემპი აჩქარებულია, ყველაფერი ზედმეტად სწრაფად ვითარდება, იქმნება, ნაცვლდება… მსგავსი ცვლილებები პირადად ჩემთვის რთულად გასამკლავებელია, ხშირად მიჩნდება განცდა, რომ მეტი შემიძლია, მეტი მომეთხოვება, განცდა იმისა, რომ რაღაცას ვტოვებ. ძალიან რთულია ჩვენს ეპოქაში იპოვო და დაიმკვიდრო თავი, და კიდევ უფრო რთული – იმუშაო მასზე.

სოციალური ქსელები ის ადგილია, სადაც უამრავი დრო დამიკარგავს და რის გამოც ასევე არა ერთხელ გამიკიცხავს საკუთარი თავი. თუმცა ვხვდები, როდი არის ყველაფერი ყველანაირად ცუდი ან უსარგებლო, ზუსტადაც რომ სოციალურ სივრცეში გადავაწყდი მსუბუქ, ნაზ ვარდისფერ ხელთათმანებს, მათ კი კიდევ უფრო დიდ მორევში ჩამითრიეს და გამაცნეს ის ფერადი სამყარო, რომელსაც ნინო ელიაშვილი ქმნის.

ნინო ელიაშვილი ჩემთვის საინტერესო არა მხოლოდ თავისი შემოქმედებით აღმოჩნდა, არამედ იმ დიდი ნებისყოფით, რომლითაც ის დღითიდღე განაგრძობს საკუთარ თავზე მუშაობას.

ნინო 32 წლის მხატვარი გახლავთ, განათლება სამხატვრო აკადემიაში მიიღო, ტანსაცმლის დიზაინის მიმართულებით. მოგვიანებით, ხატვის მიმართულებასაც გაჰყვა მაგისტრატურაზე და ამის პარალელურად დაიწყო მუშაობა გრაფიკულ დიზაინერად.

ნინოსთვის 2021 წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ჰქონდა გამოფენა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში, მიიღო მონაწილეობა სხვა ჯგუფურ გამოფენებშიც, მისი ნამუშევრები დაიბეჭდა რამდენიმე ჟურნალში, ითანამშრომლა გალერეებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, წარდგა თბილისის ილუსტრაციის ფესტივალზე და მეტიც – მისი „ვარდისფერი ხელთათმანები“ ფესტივალის მთავარი პოსტერიც გახდა.

Photo: Tbilisi – World Book Capital

აკვარელში შესრულებული ვარდისფერი ხელთათმანები მხატვრისთვის დიდ მნიშნელობას ატარებს, ამ მსუბუქი ნახატის მიღმა არაერთი აზრი იმალება. ნინოს თქმით, გარდა ფემინურობის განსახიერებისა, ვარდისფერი ხელთათმანები მისთვის დღევანდელობის სიმბოლოა, მატერიალურისა და სხეულგამოცლილის.

არტისტისთვის აკვარელიც განსაკუთრებულია, მისი გამოყენება და, ზოგადად, ხატვა ნინოს თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს.

„აკვარელი ძალიან საინტერესო მედიუმია, მიყვარს მისი გამჭირვალობა და შრეებით თამაში. კლასიკური სტილით აკვარელით ხატვა არ მიყვარს და ვცდილობ უფრო თანამედროვე სახე მივცე, ჩემი თავი ვიპოვო. თავად ხატვის პროცესი ძალიან თერაპიულია, ემოციების ფურცელზე გადასატანად ერთი ამოსუნთქვა სჭირდება.“

ნინოს შემოქმედება ჩემთვის ზუსტად ისეთია, როგორიც სიტყვა “აკვარელზე” წარმომიდგება თვალწინ: ნატიფი, ნაზი, ფერადი, თითქოს ყოველივე ფუნჯით ნაფერებია.

თუმცაღა, როგორც თავადვე აღნიშნა, არ უნდა, მხოლოდ აკვარელით შემოიფარგლოს. ის აქტიურად განაგრძნობს ციფრულ ხელოვნებაშიც მუშაობას.

„დღეს NFT სამყაროში სიგიჟე ხდება და ჩემი ყურადღებაც მიიპყრო. ზოგადად NFT-ს კონცეფცია რევოლუციურია და ჩვენს რეალობაში ბევრ რამეს ცვლის, 1 კვირის წინ გადავწყვიტე ჩემი კოლექცია გამეკეთებინა. ახლა ვცდილობ, უკეთ ავითვისო ეს სფერო და ამიტომ, ინსტიქტურად, ჩემი ვარდისფერი ხელთათმანების დამინტვა გადავწყვიტე“

გარდა ამისა, სურს, თავის ნახატებს სიცოცხლე მისცეს, რის გამოც დასთან ერთად, ე.წ. სტარტაპი „ებრიკოდა“ წამოიწყო, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა მისი ნახატების ტანსაცმელსა და სხვა აქსესუარებზე გადატანა.

 “ებრიკოტას პროექტი არის შთაგონებული ადამიანის შემოქმედებითა და ფანტაზიით.“

 

ნინოსთვის სხვა ბევრი რამ იყო ასევე ინსპირაციის წყარო. უშუალოდ შემოქმედებაზე პოპ კულტურა ახდენს დიდ ზეგავლენას და მისივე ცოდნაც ტანსცამლის დიზაინში. მისთვის საინტერესოა კონცეპტუალური ცეკვები და ვოგის სტილი, არტისტებიდან გამოარჩევდა მარინა აბრამოვიჩს, რომლის პერფორმანსები აგრეთვე ხშირად გამხდარა ინსპირაციის წყარო. მოდის დიზაინში მისთვის მნიშვნელოვანია დემნა გვასალია და მისი შემოქმედება. გარდა ამისა, ნინოს თქმით, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა  გასპარ ნოეს ფილმმა Climax.

ამ გზის გავლა ადვილი მხატვრისთვის ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ადვილი თავიდან არაფერია. ახალგაზრდა ქართველ არტისტსაც არაერთი წინააღმდეგობის გავლა მოუწია როგორც სოციუმში, ასევე საკუთარ თავთანაც, რომ წარმატებისთვის მიეღწია.

„გარდამავალი პერიოდი იყო ყველაზე რთული, როცა სამსახურზე უარი ვთქვი და გადავწყვიტე ჩემი სტუდია გამეკეთებინა, სადაც ამჟამად ჩემს პროექტებზე ვმუშაობ და ასევე მყავს მოსწავლეები, რომლებსაც ვუზიარებ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას. ოფისში მუშაობის დროს არასდროს ვიყავი ბედნიერი, ვიყავი ჩაკეტილი და საკუთარ თავს ვერ გამოვხატავდი.

გრაფიკულ დიზაინშიც მუშაობის დროს 7 წლიანი ჩავარდნა მქონდა, მხოლოდ ფანქრით გაკეთებული ჩანახატებით შემოვიფარგლებოდი. რაც უფრო  მეტი დრო გადიოდა, მით უფრო მეშინოდა ხატვის თავიდან დაწყება. პანდემიის პერიოდში ბევრი თავისუფალი დრო გამომიჩნდა, გადავწყვიტე, ყოველ დღე ერთი აკვარელის ნახატი გამეკეთებინა და ამ ექსპერიმენტმა გაამართლა. როგორც კი დავიწყე ნამუშევრების სოციალურ ქსელში დადება, წამოვიდა დაინტერესება სხვადასხვა გალერეებიდან და ჩემს ნახატებს ყიდვის მსურველებიც გამოუჩნდა. ვრწმუნდები, თავიდან ყველა საქმის დაწყება რთულია, მაგრამ ორივე მათგანი ჩემი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.“

ყოველივეს პარალელურად, არტისტს აწუხებდა ფიქრები, რომ თანამედროვე ხელოვანებს სერიოზულად ნაკლებად აღიქვამენ, რომ ხალხის დამოკიდებულება ამ სფეროსადმი ცოტაოდენ უსამართლოა. კითხვაზე, თუ რას შეცვლიდა იგი ამ ინდუსტრიაში, ნინომ სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე გვიპასუხა:

„კარგი იქნება საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა ამ სფეროსადმი, მეტი ადამიანი იყოს გარკვეული თანამედროვე ხელოვნებაში. ხშირად არის, როცა თანამედროვე მხატვრებს არასერიოზულად აღიქვამენ. ასევე მნიშვნელოვანია გალერეების მხრიდან ახალი თაობის მხარდაჭერა, რათა არტისტებმა თავი უკეთ დაიმკვიდრონ, ჩემთვისაც კარგი შეფასება  ბევრს ნიშნავს და  ხშირად სტიმულის მომცემია“

მხატვარი სამომავლოდ პერსონალური გამოფენის მოწყობას გეგმავს. მისი თქმით, ბოლო ხანს აკრილისა და ზეთის საღებავებს დაუბრუნდა.

ამჟამად მუშაობს სერიაზე, სადაც სურს აჩვენოს ადამიანის სახე, რომელიც ციფრულ სამყაროში ტრანსფორმირდება.

ამასთანავე, აქვს დიდი ზომის სკულპტურის იდეა.

„მართალია, ადრე გამიკეთებია რამდენიმე პატარა ზომის სკულპტურა, მაგრამ მაინც ამ კუთხით არასდროს წარმომიჩენია ჩემი თავი. ამ შემთხვევაში სკულპტურა იქნება რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რაც აქამდე შემიქმნია, იქნება მონუმენტური ლითონის ნაკეთობა, თუმცა ამ ობიექტს ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ,“- აცხადებს ნინო.

ცხადია, ამ ადამიანის ნიჭიერების მიღმა, თავდაუზოგავი შრომა, დიდი ნებისყოფა და საკუთარი თავის პოვნის სურვილი დგას. ინტერვიუს შემდეგ, მქონდა შეგრძნება, რომ ის განსაკუთრებულია; განსაკუთრებულია იმით, რომ დროს ასე შეეწყო და მისი წინააღმდეგობები სასარგებლოდ გამოიყენა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ნინო  ნამდვილად სამაგალითო არტისტის ეტალონია.