პედრო ალმოდოვარის წითელი

პედრო ალმოდოვარის ფილმები ცნობილია ამ რეჟისორისათვის დამახასიათებელი ძლიერი და მკვეთრი ფერებით. მისი ფერთა პალიტრა ეფუძნება უნიკალურ პიროვნულ სტილს. განათებამ და ფერმა შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, რასაც ფილმში დომინანტს ეძახიან –  იმ ჩარჩოს, რომელ წერტილსაც ჩვენი თვალი პირველად იზიდავს. ალმოდოვართან, ფერების კომბინაციები პერსონაჟთა სამოსებსა და დეკორაციებში, არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვიზუალურად დომინანტი ნაწილი მისი შემოქმედებისათვის.

გარდა მრავალი ასოციაციისა (სისხლი, ვნება, ბრაზი), წითელი ცალსახად ალმოდოვარის საყვარელი ფერია წმინდა ესთეტიკური გაგებითა და ლოგიკურია, რომ ეს ფერი მის ყველა ფილმში დომინირებს.
პედრო ალმოდოვარი ხორხე რეპრესას ობიექტივში.

მაგალითად, მატადორში წითელი ფერი აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს. ალმოდოვარს სურს დავაფიქსიროთ სურათები და ამავდროულად მივყვეთ მოქმედებას. ამიტომ მისთვის მიზანსცენა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კამერა. ფერი კი ფილმის (მატადორი) ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა. სათაურები წითელი ასოებითაა დაწერილი და წითელი ფერის ასოციაცია, რომელიც ამ ფილმში დაკავშირებულია ხარების ბრძოლასთან, ფილმში ბოლო წუთებამდე არ იკარგება. ფილმში საკვანძო შეხვედრები სიკვდილით შეპყრობილ საყვარლებს, დიეგოსა და მარიას შორის, ასევე ფერებით არის კოდირებული.

კადრი ფილმიდან ,,მატადორი”.

ფილმში, ,,მაღალი ქუსლები” წითელი კომბინირებულია შავთან, რაც ფილმის ნარატიულ ხაზს უკავშირდება, რომელიც მოცულია ვნებითა და სიკვდილით. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ლეტალის ქურთუკი, კაბა და ხელთათმანები წითელია, რაც მისი ხასიათის იმპულსურობასა და სახიფათო ბუნებაზე მიუთითებს. ვილა როზას ფარდები და დეკორი ასევე წითელია; მანუელს წითელი პიჟამა აცვია მისი სიკვდილის დღეს; რებეკას და ბეკის სასამართლოს დღეს ასევე წითელი აცვიათ. როგორც ვხედავთ, ამ ფილმში წითელი მართლაც დომინანტია, რომელიც თავისთავად უკავშირდება იმ ისტორიებს, რომლებსაც ალმოდოვარი მისთვის დამახასიათებელი პალიტრით გვიყვება.

Ryuichi Sakamoto – High Heels Soundtrack (1991, CD)

პედრო ალმოდოვარის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ფილმში ,,ყველაფერი დედაჩემის შესახებ”, წითელი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სათაურები წითელ და ლურჯ ფერებშია; მანუელა დგას გრძელ წითელ პალტოში თეატრის აფიშის წინ, რომელიც ასევ უმეტესად წითელია; ესტებანის საძინებელიც მორთულია წითელ ფერებში; ამ ფილმში მნიშვნელოვანია ბარსელონას ურბანული სივრცე, რომელიც ასევე დატვირთულია ალმოდოვარისეული ფერთა პალიტრით.

კადრი ფილმიდან ,,ყველაფერი დედაჩემის შესახებ”.

ალმოდოვარის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმი ,,Volver”, რომელიც სავსეა მისთვის დამახასიათებელი ესპანური ელემენტებითა და ხასიათით, ასევე გამოირჩევა წითლის დომინაციით, რომელიც დაკავშირებულია ფილმში არსებულ ნარატიულ ხაზთან. სიუჟეტი ძირითადად მოიცავს საფრთხეს, სიყვარულსა და სიკვდილს. თითოეული დეტალი, რაც დაკავშირებულია დეკორთან, ავეჯთან, ჭურჭელთან, თავისი ფუნქციის მქონეა, რომელსაც უმეტესად აფორმებს ალმოდოვარისთვის საყვარელი წითელი ფერი.

კადრი ფილმიდან ,,Volver”.

რასაკვირველია, ეს მოკლე მიმოხილვა არ მოიცავს ყველა იმ ფილმსა და დეტალს, რომელიც ალმოდოვარის ფერთა პალიტრის შესახებ მსჯელობას ამოწურავდა, თუმცა მის ფილმებზე მცირედი დაკვირვებითაც კი შეგვიძლია იმის თქმა, რომ ალმოდოვარის ფილმებში მიზანსცენა მუდმივად გაჟღენთილია წითლით. ეს ფერი სიმბოლურად გადმოგვცემს იმ მნიშვნელოვან ელემენტებს, რომელიც როგორც სცენარისთვის ისე თავად პერსონაჟების ვიზუალიზაციისთვის მნიშვნელოვანია. სიყვარულისა და ვნების თემატური შერწყმა, ასევე სიკვდილისა და რელიგიის ალმოდოვარისეული რეფლექსია, გამოხატავს მის ესპანურ ნაციონალურ მიკუთვნებულობას. ხოლო მისი მხატვრული, ვიზუალური გამოხატვა წითელი ფერით, მისი პირადი ხელმოწერის ნაწილია.