ალისა ომის სამყაროში

უკრაინელ ხალხს უამრავი ღირსება გააჩნია, უახლესმა ისტორიამ ამაში არაერთხელ დაგვარწმუნა. ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფო, ამავდროულად, ძალიან მდიდარი კულტურის პატრონია. უკრაინული ლიტერატურა, მუსიკა, მხატვრობა და კინო არაერთხელ მოხვედრილა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. დღეს მინდა ყურადღება ერთ მამაც უკრაინელ გოგონას დავუთმო. ეს გოგონა ალისა კოვალენკოა, დოკუმენტური კინოს რეჟისორი. ალისამ კიევის კარპენკო-კერის კინოსკოლა დაამთავრა. სტუდენტობის მხიარული, ნათელი დღეები მალევე დასრულდა და ალისა შეეჩეხა გაუგონრად სასტიკ რეალობას. უკრაინაში სამოქალაქო არეულობა დაიწყო. რუსებმა კიევი დაიკავეს, ღირსების რევოლუციის დროს ასობით ადამიანი დახვრიტეს, მომძლავრდნენ სეპარატისტებიც.

2014 წელს, როდესაც უკრაინაში „ევრომაიდანის“ რევოლუცია დაიწყო, ალისა 26 წლის იყო. ნოემბრის თვეში უკრაინელი ხალხი ქუჩებში გამოვიდა და პოსტსაბჭოთა უსამართლო და პრიმიტიული რეალობის გაპროტესტება დაიწყო. რევოლუცია მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწვეტილებას მოჰყვა, არ მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისთვის. ქუჩაში ასიათასობით ადამიანი გამოვიდა. შედეგად, უკრაინაში ახლა უკვე არსებობს საჯარო კონსენსუსი, რომ ქვეყნის ადგილი დასავლეთშია. გამოსვლებს სამხედრო დაპირისპირება მოჰყვა. უკრაინული ტერიტორიის დაცვაში უმნიშვნელოვანესი როლი მარჯვენა სექტორის ჯარისკაცებმა ითამაშეს, რომლებიც წინა ხაზზე ებრძოდნენ რუსულ აგრესიას. სწორედ ამ გმირი ჯარისკაცების გადადაადგილება და მოქმედებები აღბეჭდა ალისა კოვალენკომ, ეს კადრები კი ოსტატურად გამოიყენა და შედეგად შექმნა საკმაოდ შთამბეჭდავი და ამაღელვებელი დოკუმენტური ფილმი „ალისა ომის სამყაროში“.

მეიდანის პროტესტი. წყარო: TIMES

ფილმი ალისას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც კონფლიქტის ყველაზე ცხელ წერტილში ჯარისკაცებთან ერთად გადაადგილდება და ცდილობს ეს მოვლენა და ახალბედა მეომართა გმირობა ისტორიას შემოუნახოს. მოწინავე ხაზზე მებრძოლი ახალბედა ჯარისკაცები ცდილობენ ვიკიპედიის საშუალებით ისწავლონ იარაღის გამოყენება, რადგან მათ სამხედრო საქმესთან შეხება არასოდეს ჰქონიათ. ალისა კი ცდილობს, შექმნილ გროტესკულ სიტუაციაში უკრაინელი მებრძოლების თავდადება და სიმამაცე კამერაზე აღბეჭდოს. მარჯვენა სექტორის მოხალისეებში ვხვდებით ბიზნესმენს, უნივერსიტეტის პროფესორს, დამოუკიდებელი საბრძოლო სკოლის ახალგაზრდა სტუდენტებს და ა.შ. ისინი იცავენ საკუთარ სამშობლოს, ერთმანეთს და ახალგაზრდა გოგონას, რომელიც სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს იმისთვის, რომ მოხალისეთა გმირობის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგოს. სიუჟეტის მიმდინარეობისას ვხედავთ, როგორ ერგება ჩვეული ყოველდღიურობა ომს. ჯარისკაცები ამზადებენ ვახშამს, კითხულობენ ლექსებს, ხუმრობენ, სახლს განათებებით რთავენ, აწყობენ ნაძვის ხეს  და ცდილობენ საახალწლო განწყობა შეიქმნან. ამასობაში კი გარედან სამხედრო ტექნიკისა და ბომბების აფეთქების ხმა ისმის. ამ კონტრასტულ სიტუაციაში უკრაინელები ადამიანურ ღირებულებებს უდიდესი ნებისყოფის ფასად ინარჩუნებენ.

 „You are between life and death and everybody can show their inner human nature” (Alisa Kovalenko, 2017)

ალისა რეჟისორია, მისი მოვალეობა მხოლოდ და მხოლოდ რეალობის აღბეჭდვით შემოიფარგლება, თუმცა გადაღების პროცესში ეს ზღვარი უბრალო მემატიანისა და ჯარისკაცის მოვალეობებს შორის თითქოს იშლება. ალისაც მეომარია, მისი იარაღი კი კამერაა, რომელსაც ზოგჯერ კალაშნიკოვზე ბევრად უფრო დიდი ძალა აქვს.  ერთ-ერთ სცენაში, მეგობართან საუბრისას კოვალენკო ამბობს” „What if I want to become a soldier”. როგორც თავად ამბობს, საბოლოოდ ჯარისკაცი არ გამხდარა, თუმცა საკუთარი ქვეყნისთვის თავდაუზოგავად იბრძოდა. ბევრი შეცდომა დაუშვა, ახლობლები გაანაწყენა, ტყვედ ჩავარდა, არაერთხელ გადაურჩა აფეთქებას, მოკლედ რომ ვთქვათ, ყველანაირი საზღვრები წაშალა.

“You cannot be cold when there’s a war in your country. I didn’t say to myself I have to be cold-blooded, I didn’t want to. You can behave not in a right way, not logical. Sometimes you just feel adjusting emotions and for soldiers it’s also the same” (Alisa Kovalenko, 2017)

ფილმს სიუჟეტი თითქოს არ აქვს, კოვალენკოს მიზანი საინტერესო ისტორიის მოყოლა სულაც არაა. ის იმ ყოველდღიურ დაუნდობელ რეალობაზე გვიყვება, რომელიც ომის დროს იქმნება და რომელიც ადამიანებს აიძულებს ყველაფერი დაივიწყონ, ჩვეული რუტინა გვერდით გადადონ, ზოგჯერ კი არაადეკვატური, საშიში და წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებები მიიღონ. საფრთხეში ჩაიგდონ საკუთარი სიცოცხლე, მოიქცნენ არანორმალურად, გააქრონ ყველანაირი ჩარჩოები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავისუფლება, კულტურა და სხვა ღირებულებები დაიცვან. 75 წუთის განმავლობაში მაყურებელიც ამ ყოველდღიურობის ნაწილი ხდება, ფილმის ბოლოს კი სწორედ იმდენი იცის, რამდენიც ფილმისა და ომის გმირებმა.

დღეს ალისა კოვალენკო 34 წლისაა, რუსეთმა კი უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ დაიწყო ომი. 24 თებერვალს, როცა უკრაინული ქალაქების დაბომბვა დაიწყო, ვერ წარმოვიდგენდი, ომი ამდენ ხანს თუ გაგრძელდებოდა. ახლა თითქოს მთელი მსოფლიო მიეჩვია ამ ამბავს. პრეზიდენტ ზელენსკის ყოველდღიური მიმართვების და ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროების აღსარების მოსმენა ყოველდღიურ რუტინად იქცა. უკვე შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ სადღაც, ჩვენგან საკმაოდ შორს ომია, ფეისბუქის პროფილის სურათებზე უკრაინის დროშის ჩარჩო დავიყენეთ და ყვითელ და ლურჯ ფერს ისე შეეჩვია თვალი, თითქოს ვან გოგის ნახატებს ვუყურებდეთ და არა მეგობრების ფეისბუქ სურათებს. თუმცა ის, რაც ჩვენთვის ფაქტია, უკრაინელებისთვის ყოველდღიური გაუსაძლისი და სასტიკი რეალობაა.

ბავშვების, ახალგაზრდა თუ მოხუცი ადამიანების, მილიონობით მოქალქის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ ყოფნა ვერასდროს იქნება ჩვეული ყოველდღიურობა. მსოფლიო ამას არ შეეგუება.