ცოტა რამ გიიომ აპოლინერის ექსცენტრული პოეზიის შესახებ

ლიტერატურულ ისტორიაში ჰომეროსის, შექსპირის, მილტონის, უიტმენისა და სხვათა სახელები უდიდესი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე მკითხველებს შორის, თუმცა შედარებით უცნობი და მისტიკური ბურუსით მოცულია მე-20 საუკუნის ისეთი მოდერნისტი პოეტის სახელი, როგორიცაა გიიომ აპოლინერი. აპოლინერი პაბლო პიკასოს უახლოესი მეგობარი იყო. მას აგრეთვე ახლო ურთიერთობა ჰქონდა რუსოსთან, შაგალთან და სხვა ბოჰემურ შემოქმედებთან, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების დარღვევა და ახალი რეალობის შექმნა ჰქონდათ განზრახული. გიიომ აპოლინერი იყო ადამიანი, რომელმაც აღმოაჩინა და დაამკვიდრა ტერმინი სიურეალიზმი. იგი იყო პოეტი, რომელიც პოეტური სიტყვების მეშვეობით საკუთარ სულიერ ლადშაფტსა და სხვათა პორტრეტებს გვიხატავდა. და მაინც, ვინ  იყო გიიომ აპოლინერი და რისი თქმა შეგვიძლია მისი ექსცენტრული შემოქმედების შესახებ?

გიიომ აპოლინერი რომში დაიბადა, თუმცა თავისი ბავშვობის უდიდეს ნაწილს ევროპის გარშემო მოგზაურობაში ატარებდა. სწორედ ამ მოგზაურობის დროს განუვითარდა კოსმოპოლიტური ხედვა და მუდამ განცვიფრებული ინტერესით შეისწავლიდა სხვადასხვა ხალხის უნიკალურ კულტურებს. როდესაც გიიომს 18 წელი შეუსრულდა, იგი პარიზში დასახლდა, სადაც ბანკის კლერკად დაიწყო მუშაობა. გიიომ აპოლინერის ექსცენტრულმა ბუნებამ ისეთ სამეგობრო წრეში უბიძგა გაწევრიანება, რომელშიც ავანგარდის მიმდინარეობის გამოჩენილი არტისტები მოღვაწობდნენ. მათ შორის იყვნენ პიკასო, ჟორჟ ბრაკი, ჰენრი რუსო და მარსელ დუშამპი. აპოლინერს ყოველთვის ის სკოლა ან დაჯგუფება იზიდავდა, რომელიც ანტაგონისტურად იყო განწყობილი ბურჟუაზიული სოციალური კლასის მიმართ. სწორედ ამ მისწრაფებამ განაპირობა მისი კონფლიქტი ხელისუფლებასთან. 1911 წელს იგი 6 დღით დააპატიმრეს, რადგან მონა ლიზას მოპარვის მცდელობაში იყო დადანაშაულებული.

აპოლინერს საინტერესო პირად ცხოვრებასთან ერთად უნიკალური შემოქმედებითი ცხოვრებაც ჰქონდა. აპოლინერის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული პუბლიკაცია L’enchanteur pourrissante და L’heresiarque et cie ყველაზე თვალსაჩინოდ წარმოაჩენს მის ექსტრავაგანტულ წარმოსახვის უნარს. ნაშრომებში წარმოჩენილი ფანტასტიკური პერსონაჟები და სიტუაციები სრულიად უგულებელყოფს პოეზიის რეალისტურად და ნატურალისტურად წერის პროცესს, რომელიც, მისი აზრით, ბოჭავდა შემოქმედის ხედვას. თუმცა, სიმბოლისტებისგან განსხვავებით, რომლებიც სრულიად უგულებელყოფდნენ რეალობის დემონსტრაციას, აპოლინერის შემოქმედებაში შეინიშნება ყოველდღიური ცხოვრების მრავალფეროვნების აღწერის მცდელობა. მისი თვითმიზანი პერსონალური ცხოვრების კრიზისების, სიხარულის, ომით გამოწვეული ტრაგედიისა და ემოციების ისეთი თვალსაზრისით ტრანსფორმაცია იყო, რომ იგი, ერთი მხრივ, არ ჩამოშორებოდა რეალობას, ხოლო, მეორე მხრივ, არანატურალისტურ და მისტიკურ ბურუსში ყოფილიყო ჩაფლული.

აპოლინერის შემოქმედებიდან გასანკუთრებით აღსანიშნავია მისი ლექსების კრებული „ალკოჰოლი“ და „კალიგრამები“. ისინი გამოირჩევიან სტილისტური ესპერიმენტაციით და იმ მნიშვნელოვანი თემატიკით, რომლებსაც საინტერესო საშუალებებით გადმოგვცემს პოეტი. მრავალი მოტივი თანამედროვე ცხოვრებისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი პრობლემებით არის ინსპირირებული. ესენია ტექნოლოგიური პროგრესი და სოციუმისგან სრული გაუცხოება. შესაბამისად, აპოლინერი ერთგვარი ხიდი იყო ტრადიციულ და მოდერნულ პოეზიას შორის, რადგან ადამიანთათვის დამახასიათებელ უნივერსალურ და კრიტიკულ პრობლემებს ახლებური და მუდამ ინოვაციური საშუალებებით გადმოსცემდა. აღსანიშნავია აპოლინერი იუმორის გრძნობა, რომელიც კიდე უფრო ამძაფრებს მის მიერ პოეზიით გადმოცემულ ინტენსიურ და ტრაგიკულ განწყობებსა და ემოციებს. ხშირად აპოლინერი ამ ეფექტს სტილისტური ინოვაციებით აღწევდა. მაგალითად, „ალკოჰოლის“ კრებულში შეინიშნება პუნქტუაციის სრულიად უგულებელყოფის ტენდენცია, ხოლო „კალიგრამებში“ კი პოეტური სტროფები ნახატების სახით არის წარმოდგენილი.

ტექნიკურ ინოვაციებთან ერთად, „ალკოჰოლი“ შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან მოდერნისტულ პოემებს, როგორიცაა „ზონა“ და „La chanson du mal-aime” , რომლებიც საინტერესო ლიტერატურული მსგავსებებითა და იმედგაცრუებული სიყვარულით გამოწვეული მძაფრი ემოციების წარმოჩენით ყველაზე თვალსაჩინოდ გამოკვეთს აპოლინერის პოეტური ხედვის კომპლექსურობას. „ზონას“ მოსდევს აპოლინერის მორიგი შედევრი, რომელსაც „მირაბოს ხიდი“ ეწოდება. ლექსი დაწერილია ვერლიბრით, თუმცა ტრადიციული ლექსისგან დარჩენილი აქვს დასუსტებული რითმა. რითმების სქემა არის მარტივი და aabb-ს სტრუქტურას იღება. ნაწარმოებში აღწერილია პარიზში გასერინების ერთი დღე, სადაც ქალაქი ანთროპომორფულად არის წარმოდგენილი. ამ ეფექტს მხატვარი გაპიროვნების გამოყენებით აღწევს. ლექსში ეიფელის კოშკი მწყემსი ქალია, რომელის მდინარე სენაზე ცხვრებად წარმოდგენილი ხიდების მწყემსი შვილია.

 

წარმოგიდგენთ აპოლინერის შემოქმედების რამდენიმე ნიმუშს:

ლანა ღოღობერიძის თარგმანები

გიიომ აპოლინერი

ციკლიდან «ალკოჰოლი»

მირაბოს ხიდი

მირაბოს ხიდისქვეშ მიცურავს სენა
და ეს სიყვარული
და მე მახსენდება განვლილი დღენი
დიდი ტკივილი და მერე სიხარული
დე დადგეს ღამე და დაბნელდეს ისე
დღეები ქრებიან მე ვრჩები ისევ
ჩვენ ერთმანეთთან შერწყმული იქვე
მაშინ როდესაც
ჩვენი მკლავებით გადებულ ხიდქვეშ
დაღლილი ტალღა მოთქმად მოექცა
ჩამოწვეს ღამე და დაბნელდეს ისე
დღეები ქრებიან მე ვრჩები ისევ
მიდის სიყვარული როგორც ეს მდინარე
და ჰორიზონტთან გაკრთება აფრა
ცხოვრება ნელია ზანტი და მცონარე
მხოლოდ იმედია მძაფრი
ჩამოწვეს ღამე და დაბნელდეს ისე
დღეები ქრებიან მე ვრჩები ისევ
არ წყდება დღეთა და კვირათა დენა
და არ დაბრუნდება
არც ეს სიყვარული სიმწრით დაღდასმული
არც დრო გარდასული
მირაბოს ხიდისქვეშ მიცურავს სენა
ჩამოწვეს ღამე და დაბნელდეს ისე
დღეები ქრებიან მე ვრჩები ისევ

 

 

სნეული შემოდგომა

ო შემოდგომავ სნეულო და სათაყვანებო
შენ კვდები მაშინ
როს ქარიშხალი დაუბერავს ვარდების ბაღში
და როცა ხეხილს თოვლი დაფარავს

მე მებრალები შემოდგომავ რადგანაც კვდები
გამჭვირვალე სითეთრესა და სიმდიდრეში
თოვლი ამძიმებს მწიფე ნაყოფს და ცის ლაჟვარდში
დაფრინავს ქორი და დაჰყურებს იმ ქონდრისკაცებს
ვისაც არასდროს და არავინ არ ყვარებიათ

იქ შორეული ტყის პირას კი ბღავის ირემი

ო შემოდგომავ როგორ მიყვარს ეს ხმაურები
ჩამოვარდნილი ნაყოფის ხმა
სამუდამოდ რომ მიწაში რჩება
მტირალი ქარი და ტყე მტირალი
და ყველა ცრემლი შემოდგომისა
ასე ფაქიზად ფოთოლ ფოთოლ შემორჩენილი

ფოთლები
ქარდაქარი
მატარებელი
სწრაფმავალი
ცხოვრება
წარმავალი

 

 

რაინისპირი
მიჭირავს ჭიქა გავსებული მთრთოლვარე ღვინით
ვუსმენ სიმღერას რაინიდან მენავის ნათქვამს
შვიდ მწვანეთმიან ლამაზ ქალზე სიგიჟის ჟინით
როგორ იწეწდნენ ტერფებამდე ჩამოშლილ ნაწნავს

იცეკვეთ თვითონ და იმღერეთ ისე ხმამაღლა
რომ აღარ მომწვდეს მდინარიდან ხმა შორეული
მე მომენატრა ამ გრძელთმიან ქალთა დანახვა
და მათი როკვა გადარეული

ო ეს რაინი ეს რაინი მთვრალია ღვინით
და წყლის სარკეში იღიმება ვაზი სიამით
ისმის სიმღერა კარზე მომდგარ სიკვდილის ჟინით
ო ფერიები ჯადოქარნი მწვანეთმიანნი

და ჩემი ჭიქა ტყდება უცებ როგორც სიცილი