Fantastic Beasts: The Secrets of Dumbledore – პერსონაჟების ახალი პოსტერები ვრცელდება

Fantastic Beasts”-ის ფილმების სიუჟეტი „ჰარი პოტერის“ ორიგინალ ისტორიამდე ბევრად ადრე ვითარდება. სპინ-ოფისთვის სულ ხუთი ფილმია ჩაფიქრებული. ჯოან როულინგმა განაცხადა, რომ ფილმები დაფარავს ჯადოქართა სამყაროს 19 წლიან ისტორიას, რომელშიც დამბლდორსა და გრინდელვალდს შორის ისტორიული დაპირისპირებაც მოიაზრება. ლეგენდარული დუელის წელი ემთხვევა ტომ რიდლის მიერ ჰოგვორტსის დამთავრებასაც, ამიტომ შესაძლოა მაყურებელმა ახალგაზრდა ვოლდემორის ცხოვრებაც იხილოს მეხუთე ფილმში.

მესამე ფილმის პოსტერებზე ჩანან როგორც უკვე კარგად ნაცნობი, ასევე ახალი პერსონაჟები. „Fantastic Beasts”- ის ოფიციალურ გვერდზე ფოტოები რამდენიმე ჯგუფად გამოქვეყნდა. ცალკე ვხედავთ დამბლდორის მომხრეთა პოსტერებს, გრინდელვალდის მიმდევრებს კი სხვა ალბომი ეთმობა.

წინა ორი ფილმის სიუჟეტი ახალგაზრდა მაგის, ნიუტ სკამანდერის მოგზაურობებსა და მაგიურ ცხოველებთან გადამხდარ ისტორიებს ეთმობოდა. მოვლენები კი ახალგაზრდა დამბლდორსა (ჯუდ ლოუ) და გრინდელვალდს (ჯონი დეპი) შორის დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა.

სამსახიობო შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა. მას შემდეგ, რაც ჯონი დეპმა უზენაეს სასამართლოში გამოცემა The Sun-ის წინააღმდეგ საქმე წააგო, Warner Brothers-მა მისი ფილმიდან მოხსნა გადაწყვიტა. მის ნაცვლად გრინდელვალდის როლში ვიხილავთ მედს მიკელსენს. იგი როლს თავისი ქალიშვილის გამო დათანხმდა.

ფილმში გამოჩნდებიან ახალი ჯადოქრებიც, რომელთა ძალებისა და როლის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.