ყველაზე ძვირად შეფასებული ფოტო – “ინგრის ვიოლინო”, მენ რეი

იდიომა “ინგრის ვიოლინო” უკავშირდება ცნობილი მხატვრის, ჟან ოგუსტ დომინიკ ინგრის გატაცებას – მხატვარი შესანიშნავად ფლობდა ვიოლინოს. სწორედ აქედან მომდინარეობს იდიომა “ინგრის ვიოლინო”, რომელიც საყვარელ საქმეს, ჰობის აღნიშნავს. ამავე სახელწოდების ფოტო აუქციონის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ფოტოგამოსახულებად არის შეფასებული.

Ingres’s Violin  Photo by arthistoryproject.com

“ინგრის ვიოლინო” შავ-თეთრი ფოტოა, რომელიც 1924 წელს ამერიკელმა ფოტოგრაფმა მენ რეიმ (1890-1976) შექმნა. იგი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დადაიზმისა და სიურეალიზმის მიმდინარეობებში. მენ რეი ძირითადად ფოტოგრაფიითა და პორტრეტული ფოტოებითაა ცნობილი, თუმცა თვითონ არტისტი საკუთარ თავს უპირველესად მხატვრად მიიჩნევდა.

გარდა შემოქმედებისა, მენ რეი სახელოვნებო სფეროში ცნობილია, როგორც ფოტოგრამების შემქმნელი, სწორედ ამიტომაც ამ ტექნიკას ხშირად “რეიოგრაფადაც” მოიხსენიებენ. ფოტოგრამა ფოტოგრაფიული გამოსახულებაა, რომელიც კამერის გარეშე იქმნება: ობიექტის სინათლისადმი მგრძნობიარე მასალის ზედაპირზე განთავსებითა და მისი გაშუქებით. გარდა ინოვაციებისა, მენ რეისთან სხვა ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა ასოცირდება. ის იყო მეორე მსოფლიო ომის ფოტოგრაფ ლი მილერის საყვარელი და მათი რომანი არაერთი შემოქმედისთვის ქცეულა ინსპირაციად. სწორედ ლი მილერთან ერთად შექმნა არტისტმა სოლარიზაცია, რომელიც ფოტოგრაფიულ გამოსახულებებში ბნელი და ნათელი ადგილების მონაცვლეობას გულისხმობს.

Man Rey
Photo by Thoughtco.

მენ რეი მხატვარ ინგრის ნამუშევრების თაყვანისმცემელი იყო და შექმნა ფოტოების სერია, რომელშიც თითოეული გამოსახულება ინგრის ნუდისტური ნახატებით იყო შთაგონებული. ერთ-ერთი ამ სერიიდან არის “ინგრის ვიოლინო”, მასზე გამოსახულია მენ რეის საყვარელი მოდელი ალის პრინი. ნამუშევარი მოიცავს მოდელის შიშველ სხეულს, რომელიც ვიოლინოდ ტრანსფორმირდება. ფოტო გამოირჩევა ნატიფი და ინტიმური ელემენტებით. თუმცა, გარდა ესთეტიკური სიამოვნებისა, ნამუშევარს აგრეთვე გამოარჩევს ის ფაქტი, რომ იგი 2022 წლის მაისის აუქციონზე $5-7 მილიონად არის შეფასებული, რაც აუქციონის ისტორიაში ყველაზე მაღალ ფასს წარმოადგენს. საინტერესოა, ვინ გახდება მისი მფლობელი?

ამჟამად აუქციონზე ყველაზე ძვირდაღირებული ფოტო-გამოსახულებების რეკორდია 2011 წელს $4.3 მილიონად შეფასებული ანდრეას გარსკის “Rhine II”.

Rhine II
Photo by Andreas Gursky