ესტონეთმა ევროვიზიაზე წარმომადგენლად სტეფანი შეარჩია

ესტონეთის წარმომადგენელი ტურინში 2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სტეფანი იქნება სიმღერით „Hope”. სტეფანმა ევროვიზიის საგზურის მოსაპოვებლად ესტონეთის ეროვნულ შესარჩევ კონკურსში „Eesti Laul”-ში გაიმარჯვა. კონკურსის ფინალი ორ ნაწილად იყოფოდა – ძირითადი ნაწილი და სუპერფინალი, რომელშიც გამარჯვებული მხოლოდ ტელემაყურებლის ხმებზე დაყრდნობით გამოვლინდა. სტეფანმა ორივე ნაწილში პირველი ადგილი დაიკავა.

სტეფანის სრული სახელი სტეფან აირაპეტიანია. წარმოშობით სომეხი არტისტისთვის წლევანდელი “Eesti Laul” პირველი არ ყოფილა. ის მანამდე კონკურსში სამჯერ მონაწილეობდა 2018 წელს როგორც დუეტ Vajé-ს ერთ-ერთი წევრი, ხოლო 2019 და 2020 წლებში – როგორც სოლო შემსრულებელი სიმღერებით „Without You” და „By My Side”. 2019 წელს სტეფანმა მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 2020 წელს მეშვიდე. „Eesti Laul”-ის გარდა სტეფანის სხვა კონკურსებშიც მიუღია მონაწილეობა, მათ შორის „Masked Singer“-ის ესტონურ ვერსიაში.

ესტონეთი ევორვიზიის სიმღერის კონკურსში 1994 წლიდან მონაწილეობს და მისი საუკეთესო შედეგი ჯერჯერობით მხოლოდ ერთადერთი გამარჯვებაა 2001 წელს სიმღერით „Everybody”. წელს ესტონეთის წარმომადგენელი თავის სიმღერას მეორე ნახევარ-ფინალში 12 მაისს შეასრულებს.

არტისტის გვერდი ინსტაგრამზე:
https://www.instagram.com/stefanairapetjan/