ორი ქალაქის ამბავი – გურამ წიბახაშვილის “ულისე”

ფოტო: on.ge

ჯეიმს ჯოისის “ულისე” ნამდვილად ეპოქალური ნაწარმოებია. წიგნმა მეოცე საუკუნის თითქმის ყველა დიდ მწერალზე მოახდინა გავლენა, დაწყებული თომას ელიოტიდან, სალმან რუშდით დამთავრებული. ამ რომანში ავტორმა გამოიყენა ცნობიერების ნაკადის ტექნიკა, რაც გულისხმობს ადამიანის არაცნობიერის უწყვეტი დინების ასახვას. ტერმინი პირველად უილიამ ჯეიმსმა გამოიყენა, 1880 წელს, თუმცა მას ლიტერატურასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ლიტერატურასა თუ ხელოვნების  სხვა დარგებში აღნიშნული ტექნიკის დასახელება პირობითია, რადგან ავტორი, რომელიც ცნობიერების ნაკადს იყენებს, ადამიანის არაცნობიერს უღრმავდება, გვაჩვენებს პროცესს, რომელიც ცნობიერში კონკრეტული აზრის ან თეორიის გაჩენამდე მიმდინარეობს. გარდა ლიტერატურისა, “ულისეს” გავლენა ხელოვნების სხვა მიმდინარეობებშიც აშკარად შეინიშნება. განსაკუთრებით საინტერესოა, თუ როგორ ხდება “ცნობიერების ნაკადის” ტექნიკის გამოყენება  ვიზუალურ ხელოვნებაში.

სწორედ “ულისეს” კითხვის პროცესში შექმნა გურამ წიბახაშვილმა თავისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოები – ფოტოალბომი, რომელსაც ავტორმა ჯოისის მაგნუმ-ოპუსის სახელი დაარქვა. “Ulysses” 1988-89 წლებში გადაღებული ფოტოების სერიაა, რომლის გამოფენა “ქარვასლაში მოეწყო, მოგვიანებით კი წიგნად გამოიცა. 80-იანი წლების დასასრული საკმაოდ არასიმპათიური და უსიამივნო პერიოდია საქართველოს ისტორიაში, თბილისი თითქოს ემზადებოდა ბინძური და ბნელი 90-იანების შესახვედრად. ქუჩებსა და ადამიანებს უშუქობისა და პურის რიგების მოლოდინი ტანჯავდა. ქართველების არაცნობიერში უკვე დიდი ხნის დაწყებული იყო პროცესი, რომელმაც საბოლოოდ მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულის კონტროვერსიული და პარადოქსული გარემო განაპირობა – თავისუფალი, მაგრამ ამავდროულად შებოჭილი, საოცრად დინამიკური, მაგრამ უსიცოცხლო. როგორც საბჭოური გამამხნევებელი შეძახილი, ერთგვარი ფრაზა, რომელიც ერთ-ერთ ფოტოზე პლაკატის სახითაა გამოსახული და შემდეგნაირად ჟღერს: “მეტი დემოკრატია, მეტი სოციალიზმი”. სოციალიზმი, იდეოლოგია, რომელმაც ყველა დემოკრატიული ღირებულება უკვალოდ გააქრო საზოგადოებიდან, დემოკრატიის პირდაპირპროპორციულადაა შერაცხული. მხოლოდ ამ ფრაზის მსგავსი ოქსიმორონი თუ აღწერს პოსტ-საბჭოთა საქართველოში შექმნილმდგომარეობას.  წიბახაშვილის თქმით, “ულისეს” წაკითხვამ გაამძაფრა მის მიერ რეალობის აღქმა, მისი ხედვა და ისეთ რაღაცებს მიაქია ყურადღება, რაც მანამდეც არსებობდა მის გარშემო, თუმცა ვერ აღიქვამდა.

ულისემ შეცვალა ჩემი ხედვა და მე ვაფიქსირებდი იმას, რასაც უკვე სხვანაირად ვხედავდი”

ულისეს სერიაში ვხვდებით 80-იანი წლების დასასრულის თბილისსა და თბილისელებს. დედაქალაქი მოგვაგონებს “ძვირფას ბინძურ დუბლინს”. შესაძლოა, ამ ასოციაციას განაპირობებს წინასწარი ცოდნა იმისა, რომ ავტორმა ეს ფოტოსერია ჯოისის ნაწარმოების გავლენით შექმნა; ან ის ფოტო იქცევს ჩვენს ყურადღებას, რომელზეც თბილისის ქუჩაა გამოსახული, სათაურად კი აწერია “ძვირფასი ბინძური დუბლინი”. ნებისმიერ შემთხვევაში აშკარაა მსგავსება და ფაქტი, რომ თბილისის ისტორია ნათარგმნია დუბლინის ენაზე. მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ცოდვითა და ჭუჭყით სავსე დუბლინს ჯოისი ოსტატურად აღწერს, გურამ წიბახაშვილი კი თავისი მშობლიური ქალაქის ვიზუალიზაციას ახდენს ჯოისის სტილში, დუბლინურად. სერიაში ვხედავთ საფლავის ქვების, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანებისა თუ ქუჩების, თანამედროვედ, შეუბოჭავად ჩაცმული თბილისელების, შემოქმედებითი თავისუფლებისა და სივრცის მაძიებელი ხელოვანებისა და  საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე, თითქოს ჩვეულებრივი, თუმცა ამავდროულად არაცნობიერის მეშვეობით 90-იანების შემოქმედი მოქალაქეების კადრებს. ეს “ძვირფასი ბინძური თბილისის” ყოველდღიური, თითქოს უფრო შეუზღუდავი და მომავლის იმედის მქონე რეალობაა, თუმცა დუბლინური თარგმანი შთაბეჭდილებას თავიდან ბოლომდე გვიცვლის, უკუღმა ატრიალებს ამ რეალობას და  ქართულ ეროვნულ, ან, გნებავთ, პიროვნულ არაცნობიერში გვახედებს. გვამზადებს 90-იანი წლების ქაოსური და სასტიკი რეალობისთვის.

“წიბახას ფოტოწიგნი ორი ქალქის ამბავს მოგვითხრობს, უფრო ზუსტად – ერთი ქალაქის ამბავს თარგმნის მეორის ენაზე” (ზურაბ ქარუმიძე)

ფოტოწიგნში შესულ ყოველ ნამუშევარს აქვს აღწერა, ჯოისის “ულისედან” ციტატების სახით. ეს ციტატები აღწერს ფოტოების კონცეპტს, თუმცა შესაძლოა ზოგიერთი ციტატის კავშირი დართულ ფოტოსთან გაუგებარი იყოს. ეს ისევ გვაბრუნებს ცნობიერების ნაკადის ტექნიკასთან. მაგრამ ამ შემთხვევაში წიბახაშვილი ახერხებს ამ ტექნიკის ვიზუალურ და წერილობით გამოყენებას. სურათზე გამოსახულია რეალობა, რომელშიც თითოეულ წვრილმანს თანაბარი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ყოველი მათგანი შეიძლება მალავდეს იმ კონცეფციას, რომელზეც ავტორი მიგვითითებს აღწერის მეშვეობით.

ცნობიერების ნაკადის ტექნიკის ვიზუალიზაცია, ალბათ, ყველაზე მოსახერხებელი სწორედ ფოტოგრაფიის მეშვეობით არის, რადგან ხელოვნების ეს სფერო ასახავს რეალობას ისე როგორიც არის. ამ რეალობაში კი ბევრი რამაა ისეთი, რაც ჩვენი ხედვის არეალს მიღმა რჩება, რასაც უბრალოდ ვერ აღვიქვამთ. მათ შორის ნამდვილადაა ადამიანის არაცნობიერი და იქ მიმდინარე პროცესები, ეს პროცესები შესაძლოა ჩვენი ხედვის მიღმა დარჩეს, თუმა ობიექტივს მიღმა ნამდვილად არ დარჩება. ფოტოგრაფიის მეშვეობით შესაძლებელია უხილავი, თუმცა გადამწყვეტი პროცესების დაფიქსირება და შემდეგ მათი თარგმნა ადამიანებისთვის მრავალი ენისა და მეთოდის გამოყენებით.