ევროვიზია 2022: მალტას ემა მუსკატი წარადგენს

2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მალტის წარმომადგენელი ემა მუსკატი იქნება. მალტამ საკუთარი წარმომადგენლის შესარჩევად ნაციონალური კონკურსი MESC 2022 (Malta Eurovision Song Contest 2022) ჩაატარა. ემა მუსკატის სიმღერამ „Out of Sight” ფინალში მონაწილე 17 სიმღერას შორის გაიმარჯვა. გამარჯვებული ჟიურისა და ტელემაყურებლების ხმებით შეირჩა. ემამ ჟიურის ექვსივე წევრისგან უმაღლესი შეფასება, 12 ქულა, დაიმსახურა. მან ასევე პირველი ადგილი დაიკავა ტელემაყურებლების ხმებით. ეროვნულ შესარჩევში გამარჯვების შემდეგ არტისტმა და მაუწყებლობამ გადაწყვიტეს, რომ სიმღერა შეეცვალათ და ემა მუსკატი ქვეყანას არა გამარჯვებული სიმღერით, არამედ სრულიად ახალი სიმღერით „I Am What I Am“-ით წარადგენს.

ემა მუსკატი 22 წლის წარმოშობით მალტელი მომღერალი და კომპოზიტორია, რომლის კარიერის დიდი ნაწილიც იტალიასთანაა დაკავშირებული. მალტაში დაბადებულმა არტისტმა განათლებაც მუსიკის განხრით მიიღო და საკუთარი კარიერა 2016 წელს დაიწყო, მაგრამ პოპულარობა მას 2018 წელს იტალიურ შოუში მონაწილეობამ მოუტანა. ამის შემდეგ ემა მუსკატი გამოდიოდა ფესტივალებზე ისეთ პოპულარულ შემსრულებლებთან ერთად, როგორიც ჯეისონ დერულო, მარტინ გარიქსი და ბიბი რექსა არიან. გარდა მომღერლობისა, ემას ასევე სამოდელო კარიერაც აქვს.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მალტა მონაწილეობას 1971 წლიდან იღებს და მათი საუკეთესო შედეგი 2002 და 2005 წლებში დაკავებული მეორე ადგილია. ემა მუსკატი მაყურებლების წინაშე მეორე ნახევარ ფინალში 12 მაისს წარდგება.

არტისტის ოფიციალური ინსტაგრამ გვერდი:

https://www.instagram.com/emmamuscat_official/