ევროვიზიაზე 2022 წელს საფრანგეთს ალვანი და ჯგუფი Ahez წარადგენენ

5 მარტს გამართულიEurovision France, c’est vous qui décidez!“-ით ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საფრანგეთის მონაწილე შეირჩა. გამარჯვებული ორი არტისტის ალვანისა და ბენდ “Ahez”-ის კოლაბორაციონული სიმღერა „Fulenn” გახდა. კონკურსის ფინალი ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველ ნაწილში 12 სიმღერიდან 6 შეირჩა სუპერფინალისთვის, ხოლო სუპერფინალში გამარჯვებული ჟიურისა და ტელემაყურებლების ქულების მიხედვით გამოვლინდა. „Fulenn”-მა ორივე კომპონენტში პირველი ადგილი დაიკავა.

ალვანის ნამდვილი სახელი ალექსის მორვან-როსიუსია. ფრანგი შემსრულებელის მუსიკა, ძირითადად ელექტრონული ჟანრისაა, მაგრამ ის არც ტრადიციული ელემენტების გამოყენებას ერიდება.

ვოკალური ჯგუფი Ahez სამი წევრისგან შედგება: მარინ ლევინი, შტერენ დირიდოლუ და შტერენ ლეგულლუ. ჯგუფის წევრები ერთმანეთს სკოლაში, საფრანგეთში, ბრეტანიაში შეხვდნენ და 2018 წელს ჯგუფი ჩამოაყალიბეს. მათი სახელი ბრეტონული მითოლოგიიდან მოდის და მათი სიმღერებიც, ხშირად ანტიკურ ბრეტონულ ლეგენდებზეა დაფუძნებული.

ევროვიზიის კონკურსისთვის შექმნილი სიმღერა „Fulenn” ბრეტონულ, საფრანგეთის დასავლეთ რეგიონის, ენაზე არის შესრულებული და 1996 წლის შემდეგ პირველი სიმღერაა კონკურსში, რომელიც ამ ენაზე შესრულდება. სიმღერის ტექსტი დაფუძნებულია ბრეტონულ ლეგენდაზე, რომელშიც ქალი სოციალური ნორმებისგან თავის დასაღწევად ღამით ცეცხლის ალის ფონზე ცეკვავს. არტისტებს სიმღერით იმის ჩვენება უნდათ, რომ ტრადიცია მხოლოდ ისეთი რაღაც არაა რაც წარსულში არსებობს, არამედ ის მუდმივად ვითარდება.

საფრანგეთი ევროვიზიის ერთერთი დამფუძნებელი ქვეყანაა და შესაბამისად კონკურსში 1956 წლიდან მონაწილეობს. მათ სახელზე ხუთი მოგებაა, უკანასკნელი 1977 წელს. წინა წელს ბარბარა პრავიმ მეორე ადგილზე გასვლით საფრანგეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად მოუტანა ტოპ სამეული. ფრანგი შემსრულებლები პირდაპირ ფინალში 14 მაისს წარსდგებიან.

არტისტების ოფიციალური Instagram გვერდები:

ალვანი – @alvanmusic

Ahez – @ahezmusic