პირველი დრეგ მეჯლისი საქართველოში

ქვიარ საზოგადოებაში მე-19 საუკუნიდან  აქტიურად იწყება დრეგ მეჯლისების კულტურა, რომელიც ერთგვარი თავშესაფარი იყო შავკანიანი და ლათინო LGBTQ+ თემის წარმომადგენლებისათვის. დრეგ მეჯლისები უმცირესობათა შესაკავშირებელ სივრცეს წარმოადგენდა, რომელშიც სულ ცოტა ხნით მაინც შეძლებდნენ საკუთარი თავისა და იდენტობის იმგვარად წარმოდგენას, როგორც მათთვის ყველაზე ორგანული იქნებოდა. სამწუხაროდ, სწორედ ასეთ თვითგამოხატვას კრძალავდა კანონი, მათ შორის უმთავრესად კრძალავდა საპირისპირო სქესისთვის განკუთვნილი ტანისამოსის ჩაცმას.

დრეგ მეჯლისების განსაკუთრებულობა მისი შინაარსობრივი მხარის გარდა, ესთეტიკურ მახასიათებლებშიც ვლინდება. ასეთ წვეულებებზე ხშირად წააწყდებით ადამიანებს, რომელთაც განსხვავებული გენდერისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი აცვიათ და წარადგენენ საცეკვაო ნომრებს, რომელთაც ძირითადად განეკუთვნება ვოგინგი, როგორც მათი იდენტობის თავშესაფარი. დრეგ მეჯლისზე ყოფნისას სიამოვნებას მიიღებთ მუსიკალური ნომრების შესრულებითაც და სხვა. მეჯლისები ამავდროულად მოიცავდა ერთგვარ კონკურსებს, რომელშიც ქვიარები ერთმანეთს ვოგინგის ილეთებში, კოსტიუმებსა და მაკიაჟში ეჯიბრებოდნენ. ზოგიერთი კონკურსი 10 საათსაც კი გრძელდებოდა თავისი მრავალფეროვნების წყალობით. შეჯიბრებების ბოლოს კი გამარჯვებული ფულადი პრიზითა და თასით ჯილდოვდებოდა.

credits to CFDA

მეოცე საუკუნეში დრეგ მეჯლისები კიდევ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს და 60-იანი წლებიდან იწყებს იმგვარ განვითარებას, რა სახითაც დღევანდელობაშია წარმოდგენილი. ამავე პერიოდში დრეგ მეჯლისების გამართვის არეალი იზრდება და აღწევს დიდ ქალაქებს, როგორიცაა ნიუ იორკი, ვაშინგტონი, ფილადელფია და ა.შ. გარდა ამისა, მათი პოპულარობა  ჯენი ლივინგსტონის დოკუმენტური ფილმის – Paris is Burning („პარიზი იწვის“) – დამსახურებაცაა, რის შედეგადაც დრეგ მეჯლისები სცდება ამერიკის საზღვრებს და აღწევს კანადაში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში. ამავე პერიოდში პოპმუსიკის დედოფლად აღიარებული მადონა უშვებს მუსიკალურ კლიპს სახელად Vogue, რომელიც მეჯლისების მთავარ მახასიათებელს – ვოგინგის ცეკვას ასახავს.

credits to Rolling Stones

მიუხედავად განვითარების ამ ტენდენციებისა, დრეგ კულტურა იმ ქვეყნებში, სადაც LGBTQ+ თემის უფლებებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ დღის წესრიგში დგას, უფრო ნელა ვითარდება. ამიტომაც, საქართველოში დავით გოგიშვილის, ვატო კერძაიას, გიორგი ჩემინავასა და მათე ხიდეშელის მიერ ჩამოყალიბებული ინიციატივა ყოველთვიური დრეგ მეჯლისების გამართვის შესახებ უდიდესი გამოწვევა და კულტურული ღირებულების მატარებელი იდეაა, რომელსაც Tbilisi Pride შეუერთდა. ეს ინიციატივა  LGBTQ+ თემის ქართველი წარმომადგენლებისთვის თვითგამოხატვის ტაძრად ჩამოყალიბდება.

24 მარტს, „მტკვარზე“ ეს ინიციატივა რეალობად იქცა და პირველი დრეგ მეჯლისი გაიმართა, რომლის თემატიკა ვედრება და ყვავილები იყო. საღამო შედგებოდა დრეგ მეჯლისების იმ მახასიათებლებისგან, რომლებიც მას თვითმყოფადობას უნარჩუნებს, კერძოდ – დრეგ პერფორმანსი, დრეგ ქვინების შეჯიბრი, ვოგინგი, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო, და ცეკვა. დრეგ მეჯლისები და შეჯიბრებები ყოველთვიურ ხასიათს მიიღებს და საქართველოში დრეგ კულტურის განვითარებაში, ქვიარების მხარდაჭერასა და გაძლიერებაში და მათი გაერთიანებისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნაში უდიდეს წვლილს შეიტანს.

მეჯლისში მონაწილეობა მიიღეს ელექტრონული მუსიკის ცნობილმა არტისტებმა Moku T და Kravai. აგრეთვე პირველ ბალზე საკუთარი ნამუშევარი შეასრულა ქვიარ არტისტმა THE MADLENA, აღსანიშნავია, რომ მისი სიმღერა – Manifest –  უკრაინის მხარდასაჭერი ვიზუალური გაფორმების ფონზე მოისმინეს მსმენელებმა. დრეგ შეჯიბრში კი 8 ლიფ სინქის შემსრულებელი მონაწილეობდა (BIPOLARA, Lile, Pusseidon, Lucy Lou, Gerilyn Stone, Sofio McQueen, Not So Virgin Mari). შემსრულებლებმა ლიფ სინქის საშუალებით აუდიტორიას წარუდგინეს ის პოლიტიკური, სოციალური და მენტალური გამოწვევები, რომელთა წინაშეც უწევთ მათ დგომა ყოველდღიურად. ჟიურის რჩეული Gerilyn Stone გახდა, საკუთარი რჩეული დაასახელეს კონსულებმა და Tbilisi Pride-მაც.

პირველ დრეგ მეჯლისზე დონაციის ყუთებიდან შემოსული თანხა KyivPride-ს გადაერიცხება და უკრაინაში მცხოვრებ ლგბტქი ადამიანების საჭიროებებს მოხმარდება.

შეიძლება ითქვას, რომ დრეგ მეჯლისი ქართველი  LGBTQ+ თემის უსაფრთხო სივრცეში შეკრებისა და სულიერი თავისუფლების გამოხატულება იყო, ამიტომ თუკი პირველ მეჯლისს დააკლდით, შეგიძლიათ თქვენი წილი უსაფრთხოება და თავისუფლება მომდევნო ქვიარ საღამოზე მიიღოთ, რომელიც ერთ თვეში კვლავ მტკვარზე გაიმართება. იმედია, რომ ქართული დრეგ მეჯლისი სულ უფრო მეტ ადამიანს დააინტერესებს და ჩვენს ქვეყანაში იპოვიან ქვიარ ადამიანები საკუთარ თავს უსაფრთხო სივრცეში.