“მემკვიდრეობა” – სერიალი ოჯახსა და ძალაუფლებაზე

ა ხდება მაშინ, როდესაც წარსულში ძლევამოსილი მმართველი ასაკის მატებასთან ერთად იძულებულია თავისი საქმის ღირსეული გამგრძელებელი იპოვოს და ამავდროულად აშკარაა, რომ სავარაუდო მემკვიდრეთაგან არც ერთი ამას არ იმსახურებს?

ექსპირმა ამ კითხვაზე უკვე გაგვცა ხუთმოქმედებიანი პასუხი. მისი ამბის მთავარი გმირი ძალაუფლების მწვერვალიდან უსუსურების ჭაობებამდე სულ რაღაც ხუთ მოქმედებაში ეშვება. მეფობიდან შეშლილ მასხარაობამდე კი მის გზას სიძლიერის წყურვილით დაბრმავებული მისივე შვილები კაფავენ. ასეთია შექსპირის პასუხი, თუმცამემკვიდრეობის“ შემქმნელს, ჯესი არმსტრონგს სულ სხვა რამ აქვს მაყურებლისთვის სათქმელი. მისი ლირი, ლოგან როი, სულაც არაა „ყველასგან მიტოვებული“ და პერსონაჟებიცა და ისტორიაც ტრაგიკულის ნაცვლად კომიკურია.

ამ აღწერამ შესაძლოა სერიალის ყურება ცრუ განწყობით დაგაწყებინოთ და ისტორიულ კოსტიუმებში გამოწყობილი მსახიობების ნახვის მოლოდინი პირველივე წუთებში ჰიპ-ჰოპს აყოლილმა კენდალ როიმ გაგიქარწყლოთ, ამიტომ ჯობია აქვე დავაზუსტოთ, HBO-ს „მემკვიდრეობა“ არ ჰყვება რომელიმე სამეფო დინასტიის ისტორიას. ესაა ამბავი როის ოჯახზე, რომელიც მედია კონგლომერატ Waystar RoyCo-ს ფლობს და მსოფლიო მოსახლეობის მდიდარი 1%-ის ნაწილია.

უკვე აღვნიშნეთ, რომ სერიალის სიუჟეტი ძალიან ჰგავს მეფე ლირის ისტორიას. ოჯახის უფროსი ლოგან როი (ბრაიან კოქსი) ინსულტის შემდეგ ცდილობს კომპანიის ახალი მმართველის პოვნას. სავარაუდო კანდიდატებად კი სათითაოდ განიხილავს შვილებს. მისი ოთხი შვილიდან ყველას სხვადასხვა ხარისხის კავშირი აქვს კომპანიასთან და მამის ჯანმრთელობის გაუარესებისთანავე იწყებენ ამ კავშირების გამყარებასა და სათავეში მოსვლისთვის მიღებული, თუ მიუღებელი გზებით ბრძოლას. მთავარი კი ამ ყველაფერში ისაა, რომ ლოგან როი სულაც არ გეგმავს ბიზნესიდან წასვლას და ტრაგიკული ლირისგან განსხვავებით მტკიცე მმართველის როლში გვევლინება, რომელიც დროსთან ერთად  ლევიათანად ყალიბდება. არ აქვს მნიშვნელობა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად რამხელა მსხვერპლს გაიღებენ მთავარი გმირის შვილები, საბოლოო გამარჯვება მაინც მათი მამის ხელში რჩება.

Photo Credits: HBO

სერიალის სამი სეზონიდან თითოეული ეძღვნება ლოგანის მიერ არჩეულ ერთ შვილს და მათი ურთიერთობის განვითარებას, უფრო სწორად გაუარესებას. პირველ სეზონში ვხედავთ როგორ იმსხვრევა კენდალ როის (ჯერემი სტრონგი), როგორც დაპირებული მმართველის იმედები და ამბიციები. მეორე სეზონის ვარსკვლავი ლოგან როის ქალიშვილი შივია (სარა სნუკი), რომელიც ძმებისგან განსხვავებით ლოგიკისა და მსჯელობის წყალობით მარტივად ხედავს მომავალს. თუმცა პოლიტიკაში გამოცდილ შივსაც კი არ შეუძლია მამამისის სასტიკი ბუნების პროგნოზირება. მესამე სეზონში მართვის პერსპექტივა ყველასგან მოულოდნელად უჩნდება ყველაზე უმცროსს, რომან როის (სიერან კალკინი). აქამდე არასერიოზულად აღქმული რომანი მამამისის თვალში ქარიზმატულ ლიდერად ყალიბდება, თუმცა როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც სძლევს ლოგან როის დაუნდობლობა მისი ოჯახის სიყვარულს. ამ დროის განმავლობაში კი ყველაზე უფროსი კონორ როი თამაშგარე რჩება და მის მიერვე ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებებით რელევანტურობადაკარგული მდიდრების იდეალურ სახედ გვევლინება.

Photo Credits: HBO

სერიოზულ თემებზე საუბრის მიუხედავად შოუს ტონი ძალიან მსუბუქი და კომიკურია. მართალია, არმსტრონგი შექსპირის მოტივებიდან არც ისე შორს დგას, მაგრამ თუ კრიტიკოსებს დავუჯერებთ „მემკვიდრეობა“ არის შექსპირისეული სცენარი, რომელიც სავსე ჯეინ ოსტინის პერსონაჟებით. ამ შოუს არ ჰყავს პროტაგონისტი, ან სიკეთისთვის მებრძოლი გმირი, მაგრამ მაინც ახერხებს მაყურებელს ძალაუფლებას მოწყურებული, დაუნდობელი პერსონაჟები შეაყვაროს. პერსონაჟებისთვის, რომელთათვის სიმდიდრე უბრალო მოცემულობაა, ძალაუფლების გარდა სხვა დანარჩენი აზრს კარგავს. სერიალში ვხედავთ, რომ როის ოჯახის ყოველდღიური ტრანსპორტი ვერტმფრენია, ვუყურებთ რით ერთობიან საზოგადოების პრივილეგირებული წევრები უბრალოდ დროის გასაყვანად. მიუხედავად ამ ყველაფრისა „მემკვიდრეობის“ პერსონაჟები რეალობას მოწყვეტილი სულაც არ არიან, თუ არ ჩავთვლით კონორ როის, რომელსაც სრულიად მოულოდნელად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობა მოუნდება. პრივილეგიების მიუხედავად როის ოჯახის წევრებიც ძალიან ადამიანურები არიან და ისეთივე სისუსტეები აქვთ, რაც ყველა სხვა დანარჩენს.

Photo Credis: HBO

შოუს კიდევ ერთი მთავარი მახასიათებელი მსახიობების უნაკლო შესრულებაა, რაც გარკვეულწილად განაპირობებს კიდეც მაყურებლის დიდ სიყვარულს. სწორედ მათი დამსახურებით არ კარგავს სერიალი ავთენტურობას.

„მემკვიდრეობას“ უკვე დაუმტკიცდა მეოთხე სეზონი, თუმცა გამოსვლის თარიღი და სხვა დეტალები ჯერ კიდევ უცნობია. მესამე სეზონის დასასრულით თუ ვიმსჯელებთ, წინ ინტრიგებითა და მოულოდნელობებით სავსე ეპიზოდები გველოდება. სავარაუდო ფინალური სეზონის გამოსვლამდე კი ახლა ყველაზე კარგი დროა მრავალგზის ემისა და ოქროს გლობუსის მფლობელი სერიალის ყურების დასაწყებად.