მოცარტი ჯუნგლებში: სექსი, ნარკოტიკები და კლასიკური მუსიკა

„მოცარტი ჯუნგლებში“ (ქვესათაურით „სექსი, ნარკოტიკები და კლასიკური მუსიკა“) კომედიური და დრამატული სერიალია იმაზე, თუ რამდენად ძნელია Spotify-ს ხანაში საკონცერტო დარბაზში კლასიკური მუსიკის მსმენელის მოზიდვა.

სერიალს ქართველი მაყურებელი ნაკლებად იცნობს, თუმცა არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მოგებული (მათ შორის – ოქროს გლობუსი და ემი). იგი თანამედროვე ნიუ-იორკის კლასიკურ მუსიკოსთა უჩვეულო, თავბრუდამხვევი და გულწრფელი ისტორიებით გვიყვება იმ დაბრკოლებებზე, რომელთაც აღმატებული და მატერიალური სამყაროს შეჯახებისას ხელოვანები აწყდებიან.

Photo via Primevideo.com

სერიალი ბლერ ტინდალის ამავე სახელწოდების მემუარებს ეყრდნობა, რომელიც საკმაოდ უხეში ფორმებით გადმოსცემს სფეროს კულისებმიღმეთს. ტინდალი, ჰობოისტი ქალი, მუსიკით იყო გატაცებული, მაგრამ ინდუსტრია მუსიკოსობის ნაცვლად მისგან ლამის უფასო შრომას მოითხოვდა. ოცნებისთვის ბრძოლის პათოსური მოწოდება გულუბრყვილოთათვის აღმოჩნდა გამიზნული, რათა ისინი მწირი ხელფასებით გამოეყენებინათ და თავად გამდიდრებულიყვნენ, მუსიკა კი უბრალო თავდავიწყებად ექციათ. ასეთი ცხოვრება ბლერს ნამდვილ ტანჯვად ექცა, რომლისგანაც გადარჩენისა და მუსიკით გატაცების დამარცხების ისტორიასაც თავის წიგნში გვიყვება. ეს ნამდვილად არავის მოანდომებს, იყიდოს ბილეთი კლასიკური ნაწარმოებების მოსასმენად.

ხოლო რომან კოპოლას, ჯეისონ შვარცმანისა და ალექს ტიმბერსონის სერიალი, პირიქით, გადაშენების პირას მყოფი კლასიკური მუსიკის გადარჩენას ემსახურება და მასში არსებულ გამოწვევებს უფრო რბილად, თუმცა თავისებური, ცოცხალი იუმორით, ობიექტურად, ცეცხლითა და ესთეტიზმით უდგება:

გაცხოველებული კონკურენცია, ფავორიტიზმი, ინტრიგები, შემოსავლიანი დასაქმების სირთულე, ხშირი და უკონტროლო სექსუალური კავშირები, რომლებიც ზოგჯერ კარიერულ წინსვლას ემსახურება, და ა. შ.

Photo via lohud.com

„ეს ყოველივე საინტერესოა, რადგან ყველა პერსონაჟი ერთმანეთს ორკესტრში ხვდება, მაგრამ წარმოდგენის გამართვის შემდეგ საკუთარ ცხოვრებას უბრუნდებიან და უწევთ, თავი გაიტანონ“. – ამბობს შვარცმანი.

მაგალითად, სერიალში ეჭვქვეშ დგება, ეკუთვნის თუ არა კლასიკური მუსიკა მხოლოდ საკონცერტო დარბაზს. პირველსავე სეზონში ცენტრალურ პერსონაჟი, გენიალური ახალგაზრდა დირიჟორი როდრიგო დე სუზა, მეზობლებისთვის ჩაიკოვსკის „უვერტიურა 1812-ის“ შესრულებას დააპირებს და ორკესტრს გარეთ გამოიყვანს. მეორე სეზონში საყმაწვილო ორკესტრი არტურო მარკეზის „Danzon N2-ს“ მეხიკოს ერთ-ერთ მოედანზე ასრულებს. მეოთხე სეზონში კი გვხვდება ერთგვარი სოციალური ექსპერიმენტიც: ნიუ-იორკის ორკესტრი ციხეში მიემგზავრება და უმუსიკოდ, ესთეტიკის გარეშე მცხოვრები პატიმრებისათვის ციხეში შექმნილ კლასიკურ ნაწარმოებებს ასრულებს.

photo via WQXR

ეს ყოველივე მომხიბვლელად არის გადმოცემული, რადგან სერიალი ახერხებს, იპოვოს ე. წ. მაღალი და დაბალი კულტურების შეხების, გადაკვეთისა და ჰარმონიული თანაარსებობის საშუალებები. ამავეს ერთ-ერთ ინტერვიუში კიდევ ერთი ცენტრალური პერსონაჟის, ჰეილი რატლიჯის როლის შემსრულებელი აღნიშნავს:

„რა ელიტარული და სულელურია იმის თქმა, რომ ზოგი რამით ტკბობა მხოლოდ გარკვეულ ადამიანებს შეუძლიათ“.

თვით ეს პერსონაჟებიც, დირიჟორი როდრიგო და ჰობოისტი (როგორც სერიალის პირველწყაროს ავტორი) ჰეილი, ერთგვარ წინააღმდეგობას ქმნიან: როდრიგო ნიუ-იორკის სიმფონიურ ორკესტრში თავიდანვე მაღალი თანამდებობითა და მოხვეჭილი სახელით მოდის. ჰეილი კი დამწყები საორკესტრო შემსრულებელია. ხოლო მათი ცალკეული თუ ერთობლივი ცხოვრება-კარიერა ვითარდება ორკესტრისა და ინდუსტრიის „ცხოვრების“ ფონზე, რაც სერიალში კარგად ათავსებს პირად და საჯარო ისტორიებს.

via primevideo.com

საბოლოოდ, სერიალმა ღირსეული სახელი დაიმკვიდრა და მცირეხნიანი კამეოებისთვის მუსიკალური სამყაროს ისეთი ვარსკვლავებიც მიიზიდა, როგორებიც ლენგ ლანგი, ჯოშუა ბელი და თვით გუსტავო დუდამელი არიან. გუსტავო დუდამელი სადირიჟორო საქმის ამომავალი ვარსკვლავია, რომელსაც ხშირად სერიალის „მოცარტს ჯუნგლებში“, როდრიგო დე სუზას ადარებენ.

როდრიგო დე სუზა (მარცხნივ) და გუსტავო დუდამელი (მარჯვნივ), Photo via wqxr.org

სერიალს არ აინტერესებს, იმსახურებს თუ არა კლასიკური მუსიკა გადარჩენას. იგი ინტერესდება მხოლოდ გადარჩენის გზებით, არ ეთანხმება მარტივ პასუხებს და გულმხურვალედ იცავს ხელოვნების გაქრობის პირას მისულ სახეობას. ხოლო იმის გამო, რომ იგი კლასიკური მუსიკის დაცვისას არცთუ ირონიულ ენთუზიაზმს გემოვნებით უთავსებს აბსურდულობას, ის არც მოსაწყენია და არც ქედმაღლური. შეიძლება ითქვას, ყოველი ხერხი, რომლებითაც ცალკეული ხელოვანები თუ ორგანიზაციები სერიალში გადარჩენას ცდილობენ, გარკვეულწილად ასახავს იმასაც, როგორ მოიქცეოდნენ მათ ადგილას ნამდვილი მუსიკოსები ან – რაც უფრო საინტერესოა – როგორ უნდა მოიქცნენ.

ორკესტრის წევრები გამუდმებით გამოდიან შეძახილებით, რომ შოუ უნდა გაგრძელდეს, პირველსავე სეზონში კი ცხადი ხდება, რომ ეს საკუთარი თავის მიმართ შეძახილიცაა, რადგან იციან, რომ ასეთ ენთუზიაზმზე დამოკიდებულია არა მხოლოდ მათი შემოსავალი, არამედ ის, რაც მთელი გულით უყვართ.

რისთვის უნდა შექმნა კლასიკური მუსიკა, თუკი მისთვის არავინ იხდის? ეს ხომ ირაციონალურია და ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, უგუნურია! სერიალში “მოცარტი ჯუნგლებში” კი სწორედ უგუნური ხალხი ამტკიცებს, რომ შოუ უნდა გაგრძელდეს, თანაც იმ მიზეზით, რომ ეს ერთადერთი ყველაზე გონივრული რამაა: სასაცილოა, არა? ზუსტად ეს არის გადარჩენისა და შემოქმედებითი ტანჯვის ჭიდილი პროფესიონალიზმისგან დაცლილ, უსასრულო, ულმობელ საფრთხესთან, რომელშიც ჩვენც ვცხოვრობთ.

მაშინ, შეიძლება თუ არა, ითქვას, რომ სერიალი „მოცარტი ჯუნგლებში“ მოწოდება და მაგალითია გადაშენების პირას მყოფი კლასიკური მუსიკისათვის, თუ როგორ უნდა იარსებოს თანამედროვე სამყაროსთან ჰარმონიულად და ეცადოს, საკუთარი აღმატებულობა ქედმაღლობის კომპლექსში არ გადაზარდოს, ეცადოს, დამიწდეს?

მართალია, ამაზონის სერიალი პირველწყაროს მკაცრი რეალიზმისგან განსხვავებით იდეალისტურია, მაგრამ როგორც თვით ბლერ ტინდალი იტყოდა, ვინ ისურვებდა რეალური ამბების ხილვას? მართლაც, სერიალის „მოცარტი ჯუნგლებში“ ორკესტრი აკეთებს იმ წარმოუდგენელს, სადამდეც ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

მოცარტი ჯუნგლებში როდრიგო და მისი წარმოსახვითი პატარა მოცარტი, Photo via Vulture.com

ბოლოს მინდა წარმოგიდგინოთ იმ თანამედროვე კლასიკურ მუსიკოსთა ნაწარმოებები, რომლებიც სერიალმა, შეიძლება ითქვას, პირდაპირი გაგებით გადაარჩინა და მათი ნაშრომები უამრავი მაყურებლის წინაშე ააჟღერა:

კეროლაინ შოუს “Hi”:

მისი მაცოლის “Impromptu”:

ნიკო მიულის “Amy Fisher Aria”:

პაოლა პრესტინის “Listen, Quiet”: