სამოქალაქო აქტივიზმი ქართულ ალტერნატიულ მუსიკაში – ჯგუფი “კონტრაბანდა”

წყარო: popmusic

1994 წელი განსაკუთრებით დაძაბული იყო ისედაც ნაცრისფერ და უიმედო 90-იანი წლების საქართველოსთვის. 13 თვიანი აფხაზეთის ომის შემდეგ, სამოქალაქო ომის შედეგად დანგრეულ და დასუსტებულ პოსტ-საბჭოთა საქართველოში უიმედობის კიდევ ერთი ტალღა დაიწყო. ქართველები ცდილობდნენ საკუთარი უიმედობა ხმაურიანი აგრესიით ჩაეხშოთ. ზოგიერთი მათგანი ამას ქუჩაში იარაღით სიარულით და გარშემომყოფების დატერორებით გამოხატავდა, გაღიზიანებას არასწორი მიმართულებით ამჟღავნებდა, ზოგი კი ცდილობდა ეს აგრესია საკუთარ შემოქმედებაში ჩაეხშო და უფრო პროდუქტიულად გამოეყენებინა. სწორედ ამ წლის დასაწყისში შექმნა ბესელა (ბესო) რაზმაძემ ჯგუფი “კონტრაბანდა”. მის თავდაპირველ შემადგენლობაში პაატა ედილაშვილი (ბასი), დავით “აღლი” შავგულიძე (გიტარა) და დათუჩა აბულაძე (დრამი) შედიოდნენ. კოლექტივის წევრები შინაგან პროტესტს მუსიკის მეშვეობით გამოხატავდნენ. Მათ ავტომატის გამოყენებას ბევრად უფრო ძლიერი იარაღის – მუსიკის მეშვეობით ბრძოლა არჩიეს.

ბესელა რაზმაძე აფხაზეთის ომის ვეტერანია. ომიდან შინ დაბრუნების შემდეგ მან გადაწყვიტა გიტარით ხელში ებრძოლა იმ ღირებულებებისთვის, რომლებისაც სწამდა და ბევრი  თანაქალაქელისგან განსხვავებით, ავტომატით ხელში ქაოსის დათესვაზე უარი თქვა. ის საკმაოდ გამორჩეული სამოქალაქო აქტივისტია, ჯგუფ “კონტრაბანდას” დაარსების პირველ წლებში თავდაუზოგავად გამოხატავდა პროტესტს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, რომლის სისატიკე და უსამართლობა ქართულ-რუსულ აფხაზეთის ომში ბრძოლისას საკუთარ თავზე გამოსცადა. ანტი-საოკუპაციო მესიჯის მატარებელი სიმღერების შექმნისა და რუსული აგრესიული პოლიტიკის კრიტიკის შემდდეგ, იგი მალევე გადავიდა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნაზე. მან და ჯგუფის სხვა წევრებმა არაერთხელ მიიღეს მონაწილეობა აქციებში, სადაც შეკრებილი მოქლაქეები ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაციას აშკარად მოითხოვდნენ, თუმცა რუსული აგრესიის საწინააღმდეგო აქტივიზმი არასოდეს შეუწყვიტავს.

კონტრაბანდას” თითოეული წევრი, ბესელა რაზმაძის შეხედულებებსა და ღირებულებებს იზიარებდა. კოლექტივი დაარსების დღიდან გამოირჩეოდა მკაფიო მესიჯებითა და პროტესტის აშკარა, მტკიცე ფორმებით. ისინი რუსული აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლასა და ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნას ოცი წლის განმავლობაში აქტიურად აგრძელებდნენ. მათი ჩართულობა სამოქალაქო აქტივიზმში მხოლოდ და მხოლოდ მუსიკის შექმნით არ შემოიფარგლებოდა. მათ არაერთ აქციაში აქვთ მონაწილეოობა მიღებული. 2013 წლის ოქტომბერში “კონტრაბანდამ” თბილისში ანტისაოკუპაციო აქციის მთავარ სცენაზე დაუკრა, ამ აქციის მთავარი მოთხოვნა  2014 წლის სოჭის ოლიმპიადის გაუქმება იყო. 2014 წელს კი, როდესაც ისინი 20 წლის იუბილესთვის ემზადებოდნენ, უკრანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდნენ. ამ დროს უკრაინაში ღირსების რევოლუცია და ომი მიმდინარეობდა, რომელსაც ძალიან ბევრი მოხალისე ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 2014 წელს Რუსეთის მთავრობამ სწორედ ისე დაუფარავად და თავხედურად გამოავლინა თავისი აგრესიული და არაჰუმანური რეალური სახე, როგორც 1993 და 2008 წლებში საქართველოში და როგორც დღეს – ისევ უკრაინაში.

კონტრაბანდას” ერთადერთი ალბომი სახელწოდებით Caucasus Criminal Core 1988 წელს ჩაიწერა. ალბომში თხუთმეტი სიმღერაა შესული, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეული და პოპულარულია კომპოზიცია სახელწოდებით “მოკვდა, მოკვდა“. ამ სიმღერაში ყველაზე მკაფიოდაა გამოხატული ის ენერგია და იდეოლოგია, რომელიც ჯგუფს კარიერის დასაწყისში ქარიზმას მატებდა და კოლექტივის წევრებს ეს ხიბლი არც მომავალში დაუკარგავთ.

ქართულ ალტერნატიულ მუსიკას 90-იანებში ჩაეყარა საფუძველი და მისი მრავალფეროვნება დასაბამიდანვე უსაზღვროა, თუმცა ამ მიმართულების პიონერებს შორის ძნელად თუ მოიძებნება ვინმე ისეთი, ვინც ისე ხმაურიანად, აგრესიულად და აქტიურად გამოხატავდა საკუთარ შინაგან პროტესტს, როგორც ჯგუფ “კონტრაბანდას” წევრები. კოლექტივი ჰარდქორითა და ინდასტრიალიზმით შეზავებულ ალტერნატიულ როკს ასრულებდა. მათ მიერ გამოშვებული ოფიციალური ალბომი არ არსებობს. ალბათ იმიტომ, რომ სამოქლაქო აქტივიზმით გაჯერებული მუსიკა თავიდან ბოლომდე პერფორმანსებზეა აგებული და ფიზიკური ალბომის არსებობის მიზეზი არანაირ  კავშირშია ჯგუფის იდეოლოგიასთან.