STFvelvet – პიტო სეთურის ტატუ-სტუდია

ბიზნეს ადმინისტრირება, სამართალი, მედიცინა თუ კომპიუტერული მეცნიერებები ის ძირითადი გავრცელებული სფეროებია, რომლებსაც დღევანდელ რეალობაში ანიჭებენ ადამიანები უპირატესობას. სხვა უამრავი არანაკლებ საინტერესო პროფესია, სამწუხაროდ, ხშირად რჩება ადამიანთა თვალსაწიერის მიღმა, რაც საზოგადოების კრიტიკული დამოკიდებულებებითა თუ მცდარი წარმოდგენებითაა განპირობებული. განსაკუთრებული სკეპტიციზმი კი ხშირად ადამიანის ხელსაქმით დაკავებას მოჰყვება ხოლმე, ვინაიდან გავრცელებულია აზრი, რომ ხელსაქმე მუდმივი შემოსავლის წყარო ვერ იქნება ან თუნდაც ის, რომ ნებისმიერი ხელსაქმით დაკავება სერიოზულ პროფესიად არ მოიაზრება.

პიტო სეთური საკუთარ სფეროში სწორედ ის ადამიანია, რომელმაც თავის გუნდთან ერთად საქართველოში სცადა მსგავსი დამოკიდებულების შეცვლა – მან პირველმა დააარსა ტატუს სკოლა საქართველოში.

„სწორედ ამ რაკურსში ვხედავ ჩემს სკოლას. გარდა იმისა, რომ მინდა ახალ თაობას საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გადავცე, მსურს, ტატუს ხელოვნების დონის ამაღლებაც საქართველოში, რათა ადამიანებმა შეძლონ მსგავსი პროფესიების სხვა თვალით დანახვა და მათი დაფასება.”

პიტო სეთური ქართველი ტატუ არტისტია, აქვს საკუთარი სტუდია და თვლის,  რომ ამ პროფესიაში ყოფნა მისი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

პიტოს და ტატუს ურთიერთობა საკმაოდ ადრე დაიწყო, პროფესიული თვალსაზრისით – 6 წლის წინ. ვარშავაში ყოფნის დროს პიტო მეგობრის მეგობარს გადააწყდა, რომელიც ტატუ არტისტი გახლდათ. ეს ადამიანი საქმეს ისეთი ენთუზიაზმითა და პროფესიონალიზმით ეკიდებოდა, რომ პიტოს სურვილი გაუჩნდა, ყოფილიყო მის ადგილზე, ეცადა საკუთარი თავი ამ ამპლუაში.

„ზოგადად ხომ ასეა, ყველაზე რთული ეტაპი დასაწყისია. გარდა იმისა, რომ საკუთარი თავის მობილიზაცია გიწევს, თან პარალელურად გაქვს კითხვები, ფიქრები: „გამოვა- არ გამოვა“,  „მიღირს თუ არა“. ზოგადად, ისეთი ადამიანი ვარ, გონებაში არსებულ იდეაზე მხოლოდ მაშინ ვამბობ უარს, თუ ვფიქრობ, რომ არარეალურია. სხვა შემთხვევაში ჩემს მთელ ენერგიას ვდებ საქმეში, რადგან მინდა, ყველაფერი ისეთი გამოვიდეს, როგორიც ჩემს წარმოდგენებშია. მგონია, როდესაც ვკონცეტრირდებით, ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს. მთავარია კონცენტრაციის ეტაპმა არ შეგვაშინოს.

მეც, ჩამოვედი თუ არა, გონებაში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა – მეცადა თუ არა ტატუ  არტისტობა. ვფიქრობ, ჩვენ იმ ეპოქაში ვართ, ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფრის შესწავლა. მთავარი მხოლოდ სურვილია – ამიტომაც ვცადე.

საჭირო ნივთების გამოწერიდან 2 კვირის შემდეგ საქმეს შევუდექი და პირველი ტატუც შევასრულე. ვგრძნობდი ეს საქმე ბუნებრივად მომერგო, ჩემი იყო.”

აქედან მოყოლებული პიტო აქტიურადაა ამ საქმით დაკავებული. ტატუ მისთვის ემოციებთან, ისტორიასთან, მოგონებებთან და საკუთარ “იმდროინელ” თავთან თუ პერიოდთან ასოცირდება.

„თითქოს, რაც გინდა, რომ წინ წამოწიო ან რამაც გინდა, რომ ზემოქმედება მოახდინოს შენზე მომავალში, მაგაზე აკეთებ აქცენტს. როგორ ენერგიასაც ჩადებ, ზუსტად ისე იმუშავებს. ჩვენ ყველაზე კარგად ვიცნობთ ჩვენს სხეულს, მის მუდმივ დაკვირვებაში ვართ და რა თქმა უნდა, მოქმედებს ყოველივე ის, რაც მასზეა დატანილი.”

2021 წელს პიტომ საკუთარი სტუდია STFvelvet დააარსა.

„სახელწოდების დასაწყისი აღნიშნავს ჩემს გვარს, ხოლო velvet, იგივე ხავერდი, ჩემთვის ასოცირდება სილამაზესთან, დახვეწილობასთან, მაღალ ხარისხთან, ანუ იმ ყველაფერთან, როგორიც მინდა, რომ ჩემი ბრენდი იყოს. ზოგადადაც, ხავერდი, როგორც მასალაც მიზიდავს, მისი ელეგანტურობა თვალშისაცემია და მსურს, ჩემს ნამუშევრებზეც ეს დამოკიდებულება გაჩნდეს. “

STFvelvet თავისუფალი სივრცეა. მისი დაჯავშნით ნებისმიერ სხვა არტისტსაც შეუძლია იქ საქმის შესრულება. პიტოს თქმით, ჩანაფიქრიც სწორედ ეს იყო, შეექმნა მრავალფეროვანი სივრცე, რომელიც ხალხითა და ენერგიით იქნებოდა სავსვე.

სწორედ STFvelvet-ის შექმნიდან მალევე ტატუზე მოთხოვნამ კიდევ უფრო იმატა, მაგრამ გაცილებით მეტი მსურველი გამოჩნდა პიტოს არეალში ისეთი, ვისაც ტატუს ხელოვნების შესწავლა სურდა. მსგავსმა მოვლენებმა პიტოს გაუჩინა იდეა, STFvelvet-ის სივრცისთვის კიდევ ერთი მნიშვნელობა მიენიჭებინა.

“ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრჯერ დაუსვამთ კითხვა, შევასწავლიდი თუ არა ტატუს გაკეთებას. საბოლოოდ ამან მიბიძგა იმისკენ, რომ რაღაც ახალი მეცადა. გადავწყვიტე, საკუთარი ტატუს კურსი შემექმნა საკუთარ სივრცეში. როდესაც ამ იდეის განხორციელებას შევუდექი, საკმაოდ ბევრი რამ გავიაზრე და აღმოვაჩინე. არ მსურდა, ეს ყოველივე ჩემთან სტუდიაში მოსვლითა და უბრალოდ ტატუს ესკიზების კეთებითა და პრაქტიკული სამუშაოთი შემოფარგლულიყო. ტატუ გაცილებით მეტია, ვიდრე ეს. სანამ ხელსაწყოს ხელს მოკიდებ, უამრავი რამ არის გასათვალისწინებელი. გამომდინარე აქედან, ჩემს კურსში რამდენიმე საგანი მოვათავსე და საბოლოოდ, ამ ყველაფერმა სკოლის იერიც შეიძინა. “

STFvelvet კურსი 3 თვიანია და ორივე: თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებაზეა ორიენტირებული. კურსის მიმოხილვისას ჩვენ შევხვდებით ისეთ საგნებს, როგორებიცაა, მაგალითად: გრაფიკა, ფერწერა, ანატომია თუ კრეატიული აზროვნება. აღსანიშნავია, რომ კურსის ფარგლებში გასვლითი გაკვეთილებიც მოიაზრება. ასევე, პრაქტიკებს ჩაატარებენ უცხოელი ტატუ არტისტებიც და სტუდენტებს თავიანთ ტექნიკებსა და გამოცდილებას გაუზიარებენ.

“ერთი შეხედვით, რამდენიმე ისეთი საგანია, რომ თავიდანვე ვინმემ შეიძლება ტატუს ვერ დაუკავშიროს, მაგრამ ეს კურსი საკმაოდ ფრთხილადაა გაწერილი, მოიცავს ყველაფერს, რაც მხოლოდ ტატუს გაკეთებას კი არ ასწავლის, არამედ საკუთარი ინდივიდუალური სტილის პოვნასა თუ მომავალში თავის რეალიზებაში გვეხმარება. ეს უკანასკნელი კი, ვფიქრობ, უმთავრესიცაა. “

გრაფიკა – საგანი, რომელსაც ომო გეთია შეასწავლის, არის საწყისი ეტაპი იმისა, რომ სტუდენტმა იგრძნოს ხაზი და მისი ძალა, შეძლოს ფორმის ამოყვანა და გაიაზროს, თუ რა საფეხურები უნდა გაიაროს იმისათვის, რომ სასურველი ესკიზი რეალობაში მოიყვანოს. ანატომიას იმისთვის, რომ სხეულისა და კუნთოვანი მასების ფორმების მეშვეობით სწორად დავსვათ ტატუ და სხეულზე ბუნებრივი იყოს, ქეთევან ჯავახიშვილი შეასწავლის. რაც შეეხება სკეჩინგსა და სწრაფ ჩანახატებზე მუშაობას, სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ანა გულისაშვილი უზიარებს. ფერწერა საგანია, რომელიც სტუდენტს განუვითარებს ფერის შეგრძნებას და მათ კომბინაციას. საგნის სწავლებას რამდენიმე ადამიანი უძღვება. იმისთვის, რომ ტატუ არტისტი გახდე, საჭიროა იპოვო საკუთარი სტილი. სწორედ ამისთვის იქნება საგანი კრეატიული აზროვნება, რომელსაც ცნობილი ფოტო და ვიდეოგრაფი მარი ნაკანი გაუძღვება – აზუსტებს პიტო.

ამ ყველაფრის პარალელურად სტუდენტები შეისწავლიან ისეთ კომპიუტერულ პროგრამებსაც, როგორებიცაა ფოტოშოპი და ილუსტრატორი, რათა სტუდენტს შეეძლოს მაღალი ხარისხის შენარჩუნება და ესკიზის შექმნა ციფრულ მედიაში. ამასთანავე, სკოლა სტუდენტს საკუთარი სერტიფიკატითაც უზრუნველყოფს.

STFvelvet courses 6 თვეა რაც დაარსდა და უკვე ჰყავდა 9 სტუდენტით დაკომპლექტებული ჯგუფი.

“საკმაოდ კარგი და სასიამოვნო პროცესი იყო მათთვის საკუთარი ამდენწლიანი გამოცდილებების გაზიარება. აღსანიშნავია, რომ ჩემი სივრცე აძლევს ჩვენი კურსის რამდენიმე მოსწავლეს საშუალებას, ჩვენი რეზიდენტ-არტისტი გახდეს. ამ ჯგუფიდან ასეთი უკვე 3 გვყავს, რომლებიც თავიანთი ინდივიდუალიზმის და მონდომების წყალობით ავარჩიეთ. ისინი აქტიურად განაგრძობენ მუშაობას. რაღაც მხრივ, ესეც იყო ჩვენი მთავარი მიმართულება – აღმოგვეჩინა ახალი საინტერესო არტისტები და მათთვის შანსი მიგვეცა. სწორედ ამიტომ, ისეთ ადამიანებსაც ვითვალისწინებთ, ვისაც საფასურის გადახდის საშუალება არ აქვს. ჩვენ მათთვის სპეციალური კონკურსი დავაწესეთ, სადაც ისევ საინტერესო ხედვის მქონე რამდენიმე მათგანს უსასყიდლოდ მივიღებთ.”

ახლად განვლილი გამოცდილებებისა და, ზოგადად, სკოლის მიმოხილვისას პიტო აღნიშნავს:

“კურსი მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც გაქვს იდეა, ასე ერთიანად და უცაბედად მისი გადმოტანა ფურცელზე ვერ ხდება. ჩვენ ვცდილობთ, ადამიანებს სწორედ ამაში დავეხმაროთ, მათ მათივე ნამუშევრებით ხმა ამოვაღებინოთ, ვცდილობთ, მათში დავთრგუნოთ ის შიში, რაც მათი აზრის ტატუთი ან სხვა გზით გამოხატვას უკავშირდება. ვფიქრობ, საქართველოში ამ პრობლემას ვაწყდებით სწორედ, საკუთარი აზრის მკვეთრად გამოხატვა თითქმის არასდროსაა შესაძლებელი. ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ ტატუშიც კი იგრძნობა ეს ყოველივე, მსგავსი ადამიანების ნამუშევრები თითქოს ზედმეტად მკრთალი, მდუმარეა.”

დღევანდელ რეალობაში ყველა კატეგორიის (კარგი, ცუდი, საშუალო) დონის ტატუ არტისტი არის დაკავებული. ამიტომაც, ცხადია, რომ ტატუ და ზოგადად ხელსაქმე იმაზე შრომატევადი, საინტერესო თუ ფართო სპექტრია, ვიდრე ჩვენ გვგონია ან ზოგადად ჩანს და საბედნიეროდ, ამ სეგმენტის განვითარება, პოპულარიზაცია, როგორც ცალკეული პროფესიის აღქმა და მასზე ზოგადი ინფორმაციის ქონაც სწორედ მსგავსი ხალხისა და წამოწყებების დამსახურებაა.