‘Why born enslaved’- ჟან-ბატისტ კარპოს პროტესტი მონობისა და რასიზმის წინააღმდეგ

დასავლური ხელოვნებისა და კულტურისთვის ყოველთვის გახლდათ დამახასიათებელი ევროცენტრული ხედვა, რის გამოც მსოფლიოს განსხვავებული და უნიკალური კულტურები ევროპულთან შედარებით ქვემდგომად იყო წარმოჩენილი. სწორედ ამ მიზეზის გამოა, რომ დასავლურ მუზეუმებში, რომლებიც რენესანსის პერიოდის თვალწარმტაცი ნახატებით არის სავსე, ყოველთვის წარმოაჩენს იდეალური ადამიანის ევროპულ პროტოტიპს, რომელიც ყველა განსხვავებული კულტურისა და იდეალების მქონე ხალხს უძლურ არსებებად მოიაზრებს. სწორედ ამ ცრურწმენისა და სტერეოტიპების დარღვევის მცდელობა გაჩნდა მე-19 საუკუნეში, როდესაც სოციალური და კულტურულ-ისტორიული საკითხები ტრანსატლანტური მონობისა და იმპერიული კოლონიალიზმის კონტექსში იყო განხილული. ამ მოვლენათა წიაღში ჟან ბატისტ კარპო იყო ის ხელოვანი, რომელმაც მიზნად განიზრახა დასავლეთში დამკვიდრებული სტერეოტიპების დარღვევა და საკუთარი სკულპტურების მეშვეობით წარმოაჩინა აფრიკელი მოსახლეობის ემანსიპაციის პროცესის მნიშვნელობა და საჭიროება.

ჟან ბატისტ კარპოს მარმარილოს ქანდაკება, რომელსაც ეწოდება „Why born enslaved“ („რატომ მონებად დაბადება“), ასახავს იმ ეპოქის გამოძახილებს, რომელშიც თავად შემოქმედი მოღვაწეობდა. 1868 წელს შექმნილი ნამუშევარი მას შემდეგ რეალიზდა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში მონობის პრაქტიკა საზოგადოების უმთავრეს სოციალურ პრობლემად იქცა, რასაც საბოლოოდ მისი გაუქმება მოჰყვა.

წყარო: მეტროპოლიტენის მუზეუმი

ჟან ბატისტ კარპოს შემოქმედებაში წარმოჩენილია აფრიკული წარმოშობის ქალი, რომელიც მთელი თავისი ადამიანური ძალით ცდილობს მოიშოროს მისი სხეულის გარშემო შემოჭდობილი სქელი თოკი, რომელიც თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის შებოჭვის სიმბოლური გამოხატულებაა. მისი თავისა და სხეულის მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით წარიმართება. ქალის სხეული მკვეთრად არის მიტრიალებული მარჯვნივ, ხოლო სხული კი მარცხენა მხარეს იკლაკნება. ამდაგვარი კომპოზიცია ასახავს ქალის ლტოლვას და მის სწრაფვას დამოუკიდებლობის მოპოვებისკენ და იმ სასტიკი კლანჭებისგან თავის დასაღწევად, რომელშიც დასავლურმა კოლონიალიზმმა მოაქცია. ამ იდეის ამოკითხვა შეგვიძლია არა მხოლოდ ქალის სხეულის პოზიციონირებით, არამედ მისი სახის გამომეტყველებითაც. ქალის თვალები დაძაბულია და ზემოთ არის მიმართული. თითქოს იგი ესწრაფვის საკუთარი ადამიანურობის დაბრუნებას, რომელიც ევროპელების იმპერალისტური იდეალების გამო სრულიად დაკარგა. სწორედ ამ მზერაში შეეგვიძლია ამოვიკითხოთ ქალის მიზანსწრაფულობა და პიროვნული სიძლიერე, რომელსაც მხოლოდ უდიდესი ტკივილის მეშვეობით აღწევს. ამ თვალსაზრისით ბიუსტი ეჟენ დელაკრუას ნახატს მოგვაგონებს, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში შეიქმნა და რომელიც ცხადად გამოხატავს თავისუფლებისკენ მსწრაფველ ქალს. ეს ქალი კი თავის მხრივ საფრანგეთის იდეის გამოსახულებაა, ისევე როგორც კარპოს ქანდაკება აფრიკელი მოსახლეობის თავისუფლების სიყვარულს ასახავს.

 

ბიუსტზე ასახული წამების პროცესი მონობის საზარელი პრაქტიკის ერთგვარი გამოძახილია. ფიგურის შიშველი სხეული წარმოაჩენს აფრიკელი მოსახლეობის ისტორიას, რომლებიც კოლონიზატორების ობიექტივიზაციის მსხვერპლნი იყვნენ. კარპოს ბიუსტი ერთგვარი ვიზუალური რეპრეზენტაციაა იმ ფანტაზიისა, რომელიც მუდამ შავკანიანთა სხეულებზე დომინირებას და სრული ავტონომიის მოპოვებას უკავშირდებოდა.

ქალის ჰუმანისტური წარმოჩენა და მისი თავისუფლების წყურვილის ასე ზუსტად დემონსტრაცია ხშირად ინტერპრეტირებულია, როგორც ჟან ბატისტ კარპოს გალაშქრება მონობის წინააღმდეგ. მართლაც, სკულპტორის გამოქანდაკებულ ნამუშევარში ცხადად შეიგრძნობა ემპათია და თანაგრძნობა, რომელიც ყოველთვის დანაკლისს განიცდიდა რენესანსის პერიოდის ნამუშევრებში.

 

ამ პროგრესული და მნიშვნელოვანი ნამუშევრის აღსანიშნავად მეტროპოლიტენის მუზეუმში იმართება გამოფენა, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებად ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა აბოლიციონიზმი, ევროპული კოლონიალიზმი, ეთნიკური სახესხვაობები და მონობისგან დახსნის მტკივნეული და მრავალსაუკუნოვანი პროცესი, რომელიც საბოლოოდ თავისუფლების გამარჯვებით დასრულდა.

ჟან პატისტ კარპოს სკულპტურა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აუცილებელია ეთნოცენტრიზმის უგულებელყოფა. განსხვავებული კულტურისა და ეთნიკური წარმოშობის მქონე ხალხს არ უნდა ვუყურებდეთ საკუთარი ვიწრო კულტურული პრიზმიდან. ამ ადამიანებსაც ისევე აქვთ თავიანთი მისწრაფებები, მიზნები, ინტერესები და წყურვილი თავისუფლებისკენ, როგორც ნებისმიერ სხვა ინდივიდს მსოფლიოს გარშემო. სწორედ ამ იდეას ასახავს კარპოს ბიუსტი, რომელიც მე-19 საუკუნისა და თანამედროვე რეალობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ ნამუშევრად იქცა.