ბერძენი რეჟისორის იორგოს ლანთიმოსის 2017 წლის ფილმი, “წმინდა ირმის მკვლელობა”, მნიშვნელოვნად დატვირთულია ბერძნული მითოლოგიის ელემენტებით. ზოგადად, ლანთიმოსის შემოქმედება, იდეური კუთხით, საკმაოდ ახლოს დგას ბერძნულ მითოლოგიასთან, რადგან ის ერთი შეხედვით არარეალური და მაგიური სიუჟეტით, გადაჭარბებულად ასახავს სხვადასხვა, სოციალურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ საკითხს.

,,წმინდა ირმის მკვლელობა’’ ევრიპიდეს ტრაგედიის თანამედროვე ინტერპრეტაციაა-“იფიგენია ავლისში”. მას შემდეგ, რაც ექიმი სტივენი, შემთხვევით ერთგვარი მონაწილე ხდება თავისი პაციენტის სიკვდილში (რაც სტივენისა არაფხიზელ მდგომარეობას უკავშირდება), მისი ცხოვრება მთლიანად განკარგულია მის ხელში გარდაცვლილი პაციენტის შვილის, მარტინის მიერ, რაც გამოხატულია სტივენის ორი შვილისა და ცოლის ნელი და მტკივნეული წამებით, რომელთა დასარულიც სიკვდილია.

ამ ვითარებიდან თავის დასახსნელად კი, მარტინი ექიმის რომელიმე ოჯახის წევრის მსხვერპლშეწირვას მოითხოვს. ფილმის დასასრულს სტივენი გადაწყვეტს თვალებახვეულმა მოკლას საკუთარი ოჯახის რომელიმე წევრი და ამით დაასრულოს საზარელი წყევლა.
აშკარაა ევრიპიდეს პიესისა და ლანთიმოსს შორის პარალელები. საინტერესოა, თავად ფილმის დასახელება, რომელიც აშკარად მეტაფორული ალუზიაა ,,იფიგენია ავლისში-დან’’, კონკრეტულად რას ან ვის გულისხმობს ,,წმინდა ირემში’’ რეჟისორი?. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ორი პერსონაჟი დავასახელოთ, თავად მარტინის მამა და შემდეგ უკვე ბობი (ექიმი სტივენის ვაჟი), რომელიც საბოლოოდ ამ ვითარებას საკუთარი მამის ხელით ემსხვერპლება. ფრანგი ფილოსოფოსი, რენე ჟირარი, წერს: ,,მსხვერპლი იმიტომ არის წმინდა, რომ მისი მოკვლა კრიმინალია-, მაგრამ მსხვერპლი, ასევე იმიტომ შეიძლება გახდეს წმინდა, რომ ის მოკლულია’’. ამ იდეის მიხედვით მარტინის მამა სწორედ ასეთი მსხვერპლია, რომელმაც წმინდას მნიშვნელობა რეტროსპექტიულად მიიღო, თავისი შვილისგან გამომდინარე, რადგან სწორედ მისთვის მამა არის ძვირფასი და წმინდა, რომელსაც კლავს ექიმი და ამის გამო ის ითხოვს, დაპირისპირებული მხრიდანაც მსხვერპლს. ხოლო თუ გავიაზრებთ ბობის შემთხვევაში, ის უფრო მეტად ახლოს დგას იფიგენიას მითთან, რადგან ბობის მსხვერპლშეწირვა გვევლინება, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა წყევლისგან ხსნისა და ბალანსის აღდგენისა.

იფიგენიას პერსონაჟთან პარალელის გასავლებად, ლანთიმოსის ფილმიდან მნიშვნელოვანია ერთ-ერთი სცენა, როდესაც ექიმი სტივენის ქალიშვილი კიმი, აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ მსხვერპლშეწირვა გარდაუვალია და მამას ემუდარება, რომ ის მოკლას, რადგან გახდეს ოჯახის მხსნელი. ის თავგანწირვას აღიქვამს, როგორც ღირსეულ აქტს, რომელიც ამ შემთხვევაში გადაარჩენს მის ოჯახის წევრებს. ყველაზე მნიშვნელოვანი პარალელი ფილმსა და პიესას შორის არის ქალიშვილის მიმტევებლობა მამამისისადმი. ორივე შემთხვევაში შვილები მზად არიან საკუთარ თავზე აიღონ მთელი პასუხისმგებლობა და შესაბამისად მამები გაათავისუფლონ დანაშაულის შეგრძნებისაგან. კიმი ამბობს: ‘’დამრთე ნება ვიყო ის ვინც გამოისყიდის შენს ცოდვებს.’’; ,,შენ მიბოძე სიცოცხლე, და შენ, მხოლოდ შენ გაქვს უფლება წამართვა ის’’’. კიმი ისევე როგორც იფიგენია, ამ დამოკიდებულებით აძლიერებს მამებისათვის უდანაშაულობისა და უცოდველობის განცდას.
