“იალონი” – ინტერვიუ ნინო ნანეიშვილთან

“იალონი” ქართული ტრადიციული მუსიკის გოგონათა ანსამბლია, რომელიც 13 წლის წინ ნინო ნანეიშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა. მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ “იალონი” ისევ ინარჩუნებს თავის ნიშას და მსმენელს საინტერესო სიახლეებით უბრუნდება.

 

–       ნინო, კლასიკურად დავიწყოთ, მოგვიყევით „იალონის“ შესახებ, როგორ და როდის დაიწყო ანსამბლის ისტორია?

ყველაფერი 2009 წელს დაიწყო, როცა კონესერვატორიაში ვსწავლობდი. ბავშვობაში ვგალობდი და შემდეგ მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად გადავწყვიტე, საფორტეპიანო განხრით გამეგრეძელებინა სწავლა, ამიტომ გალობის მიმართულება ჩემს ცხოვრებაში თითქოს შეწყდა. შემდეგ, კონსერვატორიაში სწავლის დროს, ერთბაშად ვიგრძენი, რომ კლასიკური მუსიკა არ იყო ის, რაც სრულად მავსებდა, ამიტომ კონსერვატორიაში ყოფნის დროსვე, რამდენიმე კურსელთან ერთად დავიწყე იშვიათ საგალობლებზე და ხალხურ სიმღერებზე მუშაობა. ვარჩევდით სხვადასხვა ნიმუშებს, რჩევებს ვეკითხებოდით ლექტორებს, ვესწრებოდით სხვა გუნდების რეპეტიციებს. მაგისტრატურაზე ჩაბარების შემდეგ ამ კუთხით მუშაობაც უფრო ინტენსიურად გავაგრძელეთ და რამდენიმე გოგოსთან ერთად 2009 წელს „იალონის“ პირველი თაობა ჩამოვაყალიბეთ. მთავარი მიმარულება თავიდან მხოლოდ გალობა იყო და ხუთი წელი, შეიძლება ითქვას, ამ წრიდან ვერ გამოვედით. რაც უფრო ვუღრმავდებოდით, უფრო მეტ საოცარ შრეებს ვაწყდებოდით ხოლმე. ვმუშაობდით საარქივო მასალებთან და, რადგან იმ პერიოდში მათი უმეტესობა გამოქვეყნებული არც იყო, გვიწევდა ნოტების უშუალოდ ხელნაწერებიდან გადმოწერა. სწორედ მაშინ გამოვუშვით პირველი ალბომიც (ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი საგალობლები 2010.)

 

Credits: http://ialoni.com/

 

–       „იალონის“ დღევანდელი სახე თავდაპირველისგან საკმაოდ განსხვავდება. რა შეიცვალა წლების განმავლობაში?

დროთა განმავლობაში შეიცვალა ჩვენი მოთხოვნა პროფესიონალიზმისადმი, ვინაიდან ის ნიმუშები, რომლებზე მუშაობაც გვინდოდა, მეტ მუსიკალურ განათლებასა და ჩვევებს მოითხოვდა. ამან გარკვეული დროის შემდეგ შეცვალა ანსამლის შემადგენლობა, მომღერლების რაოდენობა. ამ ტიპის მუსიკაზე მუშაობა დიდ დროს, ენერგიას, ენთუზიაზმს და გამოცდილებას მოითხოვდა ჩვენგან. ამასობაში ახალ პროექტებზე მუშაობისას ჩვენი მიმართულებაც შეიცვალა და გალობიდან ნაწილობრივ ფოლკლორისკენ გადმოვინაცვლეთ. გაიზარდა ანსამბლში მომღერალთა რაოდენობაც, ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ნაწარმოებზე მუშაობისას შეგვენარჩუნებინა თითოეული შემსრულებლის ინდივიდუალურობა. მეორე ალბომის გამოცემის შემდეგ გადავწყვიტე მიდგომა შემეცვალა და მომავალი ალბომისთვის ერთგვარი თეატრალური სახე მიგვეცა. ვიმუშავეთ სამ სხვადასხვა რეჟისორთან და 2016 წელს გამოვუშვით ალბომი „მზის ამოსვლიდან – ჩასვლამდე“, რომელიც ჩვენი წინაპრის ცხვრებას – დაბადებიდან – გარდაცვალებამდე მუსიკალურად და რიტუალურად ასახავდა. ამასობაში ფოლკლორთან ერთად, ჩვენს ძირითად მიმართულებას, გალობას, ქალაქური მუსიკაც შევუთავსეთ. ამ ტიპის მუსიკა, როგორც წესი,  სუფრასთან სრულდებოდა ხოლმე, ამიტომ თავიდან ამ ჟანრს ნაკლებად პროფესიონალურად მივიჩნევდი, თუმცა ჩემი დამოკიდებულებაც დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, შეიცვალა. ჩვენ მიჩვეულები ვიყავით, რომ ეს სიმღერები გასართობად, ჭიქებისა და ჩანგლების წკარა-წკურის ფონად ისმოდა, სინამდვილეში კი მათშიც არის სიღრმე და შინაარსი, რომელთან მუშაობაც ჩვენთვის ასევე ძალიან საინტერესო გამოცდილებაა. აქაც ვცდილობდით, ჩვენი ინდივიდუალური ხაზი არ დაგვეკარგა, რაღაც ახალი გვეთქვა და ქალაქური სიმღერების შესრულების დაწყებიდან მალევე, მსმენელთა რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა, ალბათ იმიტომაც, რომ მათთვის ეს ჟანრი, ემოციურად უფრო ახლობელი აღმოჩნდა. 2021 წელს გამოვიდა ჩვენი ქალაქური სიმღრების ალბომი “არ იფიქრო, დაგივიწყო”, რომელიც თექვსმეტ ჩანაწერს აერთიანებს. შემდეგ ამ მიმართულებას გავყევით, ,,იალონისთვის” უკვე დამახასიათებელი, ა კაპელა შესრულების და არანჟირების სტილთან პარალელურად სხვადასხა შემსრულებელთან და კომპოზიტორთან (მიშო ჯავახიშვილთან, თინა მეჰთიევასთან, ზვიად ბოლქვაძესთან და სხვ.) ვიმუშავეთ და, ვფიქრობ, საინტერესო ნიმუშები ჩავწერეთ. 

–       რამდენიმე კვირის წინ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ბევრი რამე შეცვალა და თითოეული ჩვენგანის ჩართულობა ახლა თუ მომავალში უზომოდ მნიშვნელოვანია. როგორ აპირებს “იალონი” ამ პროცესებში მონაწილეობის მიღებას?

ომის დაწყებიდან მალევე მებო ნუცუბიძესთან და ბეთხოსთან ერთად ვიმუშავეთ,  მებოს მიერ შესრულებულ უკრაინულ სიმღერას ცნობილი ქართული ხალხური სიმღერის „გაფრინდი შავო მერცხალოს“ ფრაგმენტი მოვარგეთ, რაც საბოლოოდ ძალიან ემოციური ნამუშევარი გამოვიდა. ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინულ ფოლკლორზე დავიწყეთ მუშაობა, რამდენიმე სიმღერაც შევარჩიეთ და ფლეიტისტ ირაკლი ევსტაფიშვილთან და „ნინიკა სტუდიოსთან“ თანამშრობლობით უკრაინული ხალხური სიმღერა “Туман Яром” გადავიღეთ.

 

 

– ახლა კი “იალონის” ახალი პროექტის შესახებ მოგვიყევით – როგორც ვიცი, დიდი ხანია ამ იდეის განხორციელებას გეგმავთ.

მგონია, რომ  ეს პროექტი, ანუ გურული შრომის სიმღერის „ჩოჩხათურა ნადურის“ შესრულება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რომელზეც ნამდვილად წლებია ვოცნებობდი. „ნადური“ თორმეტნაწილიანი მონუმენტური ფორმის პოლიფონიაა, რომელიც დასავლეთ საქართველოში შრომის პროცესში სრულდებოდა, შესაბამისად, მისი მრავალგვარი ვერსია არსებობს. რიტმიც სამუშაო პროცესის შესაბამისად იცვლებოდა, სიმღერის აჩქარება –  მუშაობის აჩქარებულ ტემპს მიუთითებდა. დინამიკა, ემოციური ცვალებადობა საოცრადაა მორგებული ნიმუშის ტემპო-რიტმულ, მოდულაციურ გეგმას.

ალბათ საჭირო იყო, რომ შინაგანად მომწიფებულიყო რაღაც, რომ ამ ნაწარმოების შესრულება გამებედა, უპირველესად, საკუთარ თავთან. ამას ემატებოდა საზოგადოებრივი აზრის ფაქტორიც, ვფიქრობდი, რამდენად მისაღები იქნებოდა ამ ნაწარმოების ჩვენ მიერ შესრულება ხალხისთვის, რამდენადაც  ეს სიმღერა ზოგადად მამაკაცების მიერ სრულდება. ჩვენ შემთხვევაში ყველაფერი თავისთავად მოხდა, მოგვივიდა მოწვევა გერმანელი ხელოვანისგან, ლიზა გუტჩერისგან, რომელიც ფრანკფურტში ინსტალაციის აწყობას გეგმავს და სჭირდება სწორედ ქალების მიერ შესრულებული ეს ნაწარმოები. ძალიან ბევრი შრომის შემდეგ მივაღწიეთ იმას, რომ „ნადური“  მოვირგეთ და ჩვენთვის ბუნებრივი და აზარტული გახდა მისი შესრულება. მსმენელისთვის, ვისაც ეს ნაწარმოები ქალთა გუნდის შესრულებით არ მოუსმენია, შესაძლოა ჩვენი შესრულება უცხო და თავიდან მიუღებელიც იყოს, ამის მოლოდინი, რა თქმა უნდა, გვქონდა და დადებით უკუკავშირთან ერთად მიღებული კრიტიკაც არ გაგვკვირვებია.

–       ზოგადად, როგორ შეაფასებთ ქალთა ანსამბლების მნიშვნელობას დღევანდელ კონტექსტში და რა მიგაჩნიათ ამ კუთხით მთავარ გამოწვევებად?

ჩემი აზრით, ქალთა ხმას არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად, მსოფლიოში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მისივე თვისობრივი განსხვავებულობიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რამდენადაც ქალი და მამაკაცი განსხვავდებიან ერთმანეთისგან ემოციური სამყაროთი, ესთეტიკით, ენერგეტიკული ველით, ტემბრალურად თუ სტილურად, იმდენად განსხვავებულია ქალთა და მამაკაცთა ანსამბლების მნიშვნელობაც.

თუ ადრე მიიჩნეოდა, რომ არსებობს კონკრეტული, ერთმანეთისგან მკაცრად გამოყოფილი რეპერტუარი, დღეს ეს ზღვარი აბსოლუტურად წაშლილია, რამდენადაც ქალის როლი ზოგადად სამყაროში ძალიან შეიცვალა. უბრალოდ აბსურდულია, დღეს ვთქვათ, რომ ესა თუ ის ნიმუში არ უნდა შესრულდეს ქალების მიერ მხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიულად თუ ტრადიციულად მამაკაცების რეპერტუარად მიიჩნეოდა.

ჩვენს დროში ზოგისთვის ეს მიდგომა მიუღებელია, რაც, რა თქმა უნდა, ზოგადად, ქალთა ანსამბლებისთვის საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამ საზღვრების ფაქტობრივად არარსებობის მიუხედავად, ვფიქრობ, ქალთა ანსამლებმა სხვა ნაწარმოებებთან ერთად, უნდა იმუშაონ ტრადიციულად ქალურ რეპერტუარზეც. მაგალითისთვის, 2020 წლის ზუსტად ბოლო დღეს გამოვეცით ალბომი „იავნანები და ნანები“, რომელმაც 21 ნაწარმოები გააერთიანა, მათ შორის საექსპედიციო მასალები. ჩვენს შესრულებებთან ერთად, დისკში შევიტანეთ მოხუცი ბებოების მიერ ნამღერი ნიმუშები, რომლებიც კახეთში – სოფელ  გავაზსა და ვარდისუბანში და მესხეთში – სოფელ მუსხში მოვიპოვეთ. ამ ალბომზე მუშაობა და ეს ეტაპიც ჩვენს შემოქმედებაში, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

 

Credits: http://ialoni.com/

 

“იალონის” სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით? 

მესამე წელია ყოველ შაბათ-კვირას Zoom-ის პლატფორმაზე უცხოელ მეგობრებს, პროფესიონალ და მოყვარულ მომღერლებს, ვხვდებით და ვასწავლით ქართულ სიმღერებს. რა თქმა უნდა, ერთად შეკრება და უშუალო ურთიერთობა ყველას გვენატრება, ამიტომ ივნისში საქართველოს მასშტაბით საექსპედიციო ტურს ვგეგმავთ. ამას გარდა, ბოლო თვეებია ვმუშაობთ ახალ ალბომზე, რომელიც ჩვენი რეპერტუარის გარკვეულ ნაწილს, ჟანრულად და სტილურად მნიშვნელოვან ორმოცდაათ სიმღერას გააერთიანებს. ეს არა მხოლოდ ჩვენთვის, ზოგადად ქალთა ანსამბლებისთვის, მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ასეთი მასშტაბური ალბომი ჯერ არ გამოცემულა. ამასთან, მომავალ კვირაში, 13 აპრილს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში იგეგმება „იალონისა“ და იალონის მეგობრების საქველმოქმედო საღამო უკრაინისთვის, ბილეთებიდან შემოსული სრული თანხა უკრაინის ფონდში გადაირიცხება.

 

(ბილეთების შეძენა შესაძლებელია აქ)