“გნებავთ განგება დაარქვით, გნებავთ კოსმიური ძალები” – გია თოიძის შემოქმედება

ქართული ალტერნატიული მუსიკის პიონერების საკმაოდ მნიშვნელოვანმა ნაწილმა 1990-იან წლებში, მაშინ როცა  მათ სამშობლო განვითარებასა და აღიარებას ვერ ჰპირდებოდა, ქვეყანა დატოვა. თუმცა მათ მიერ ჩაყრილი საფუძველი საკმაოდ მყარი აღმოჩნდა, ამან საშუალება მისცა ძალიან ბევრ ქართველ მუსიკოსს საკუთარი შემოქმედებით თავი დაემკვიდრებინა სამშობლოში. ალტერნატიული მუსიკის სულისჩამდგმელებს შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც საქართველოში დარჩენა ამჯობინა კარიერის უცხო ქვეყანაში გაგრძელებას. მათ შორის იყო გია თოიძე, რომელიც დღემდე ჯგუფ „წერილის“ ვოკალისტი და გიტარისტია. მუსიკოსმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მთელი თავისი არსებობა მუსიკისთვის მიეძღვნა და პოსტ-საბჭოთა რეალობაში თავი შემოქმედებით გაეტანა.

გია თოიძემ მუსიკაში პირველი ნაბიჯები 90-იან წლებში გადადგა, საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო და მეოცე საუკუნის ბოლოს საქართველოში შექმნილმა რეალობამ, რომელიც სოციალური და პოლიტიკური არეულობებით იყო სავსე, მასში პროტესტის განცდა გააღვივა. პროტესტის ნიშნად, ახალგაზრდა მუსიკოსმა სამოქალაქო არეულობასა და საყოველთაო უსამართლობას თავისი ქაოსური, პირქუში ენერგეტიკით გაჟღენთილი სიმღერები დაუპირისპირა. თოიძის მუსიკასთან მთელი მისი კარიერის განმაპირობებელი გადაკვეთა პოსტ-საბჭოთა თბილისში მოხდა და 80-იანი წლების ბრიტანული ალტერნატიული  როკ მუსიკის გავლენით გია თოიძემ მუსიკოსობა გადაწყვიტა.

„the cure-ს როდესაც მოვუსმინე, მივხვდი, რომ ჩემი სამყაროა მუსიკა. არც მასწავლებლის ძებნა გადამიწყვეტია, ორი აკორდი გადავაბი ერთმანეთს და ესე დავიწყე“- 2018, გადაცემა „ჩემი ალტერნატივა”.

წყარო: ლაშა გაბუნიას “ანარეკლი”

ჯგუფი „ამორალი“ 1995 წელს ჩამოყალიბდა, მუსიკალური კარიერის დაწყების შემდეგ თოიძემ გარშემო გამოცდილი და მუსიკისთვის თავდადებული არტისტები შემოიკრიბა. ჯგუფში გია თოიძე(ვოკალი,გიტარა), კოტე კალანდაძე(გიტარა), ლევან სვანიძე (ბას-გიტარა) და დათო თოიძე(დასარტყამი ინსტრუმენტი) გაერთიანდნენ. პირველი სინგლი ხმის ჩამწერ სტუდია მელოდიაში 1996 წელს ჩაიწერა და „ოთხივე მხარეს“ აღმოჩნდა. ის პირქუში განწყობა, რომელიც ჯგუფის მოღვაწეობის შემდეგ წლებში კიდევ უფრო აშკარა გახდა, პირველ ჩანაწერშიც საკმაოდ მკაფიოა. კოლექტივმა სწორედ ამ სიმღერით დაიწყო რეალობასთან დაპირისპირება.

მალევე, 1996 წლის ზაფხულში „ამორალმა“ მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებელ საქართველოში გამართულ ერთ-ერთ პირველ მუსიკალურ ფესტივალში „მარგარიტა 96“. ფესტივალს განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა თავისუფალი საქართველოსთვის და თავისუფალი ქართველებისთვის, რომლებიც ხავსს ეჭიდებოდნენ და მიუხედავად სასტიკი და პირქუში რეალობისა, ცდილობდნენ დამოუკიდებლობით დამტკბარიყვნენ. „მარგარიტა 96“-ის სცენაზე სრულად იყო წარმოდგენილი ქართული ალტერნაიული მუსიკა, უკრავდნენ ის მუსიკოსები, რომლებიც პირველი ხაზიდან ებრძოდნენ პოსტ-საბჭოთა ქაოსურ რეალობას და რომლებმაც ქართულ მუსიკაში ახალი ეპოქა შექმნეს. სწორედ ამ არტისტებს შორის იყვნენ კოლექტივ „ამორალის“ წევრები. სწორედ მათი გამოსვლით გაიხსნა ალტერნატიული მუსიკის ნომინაცია ფესტივალზე.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერიოზული ფესტივალია, სადაც თუკი ვინმე არის  და რაღაცის გაკეთება უნდა, უნდა გამოვიდეს. მარგარიტაზე ისეთი განცდები გამიჩნდა, რომლებიც მეხმარება როგორც მუსიკოსს. ის დიდი ბარიერი, რომელიც გელოდება ამ ქვეყანაში, როგორც მუსიკოსს, იქ ვირძენი.“- 2018, გადაცემა „ჩემი ალტერნატივა”.

მიუხედავად ყველა ქართველი მუსიკოსისთვის საზიარო ბარიერისა, გია თოიძე ფესტივალმა დაარწმუნა, რომ სხვა საქმის კეთება არ უნდოდა. როდესაც  „ამორალის“ სადებიუტო ალბომი „უძირო გზა“ ჩაიწერა, ჯგუფს ახალი წევრი ჰყავდა – სანდრო კაპანაძე, რომელიც  საქსოფონზე და კლავიშებიან ინსტრუმენტზე უკრავდა. 1997 წელს ჯგუფმა უკვე შეცვლილი შემადგენლობით ქუთაისში ნიღბების კლუბის პრეზენტაციაზე დაუკრა.

1999 წელს კოლექტივის ორი წევრის მოულოდნელი გამგზავრების გამო ჯგუფმა შესვენება აიღო, ბას გიტარისტი ლევან სვანიძე რუსეთში გემგზავრა, დრამერმა დათო მაჭავარიანმაც დატოვა სამშობლო. თუმცა ეს მხოლოდ დროებითი იყო. მიუხედავად ამისა გია თოიძისთვის ეს შესვენება ნაყოფიერი აღმოჩნდა. მან საკუთარ თავთან მარტომ დაიწყო მუშაობა და 2000-იან წლებში აკუსტიკური კონცერტების ჩატარება დაიწყო და მსმენელს გაეცნო, როგორც დამოუკიდებელი მუსიკოსი. ამან თბილისელ მსმენელებზე საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება დატოვა.

„მაგ ნეგატივმა თავისი პლუსი დატოვა.“- 2018, გადაცემა „ჩემი ალტერნატივა”.

თუმცა 2001 წელს ბენდი ახალი სახელწოდებით აღდგა – „წერილი“. გია თოიძის შემოქმედება 20-25 წლის შემდეგაც კი საგრძნობად პირქუშია, მუსიკოსმა თანამედროვე საქართველოშიც იპოვა ის განწყობა, რომელიც 90-იან წლებში მთელი სიმძაფრით იყო მოდებული ქვეყანას. მიუხედავად ამისა, გია თოიძემ სამშობლოდან წასვლას დარჩენა ამჯობინა.

„მე ვიცოდი, რომ სხვა ქვეყანაში ასეთ მუსიკას ვერ დავწერდი, ანუ რამაც განაპირობა, რომ ჩემი მუსიკა ასეთია, ეგ მხოლოდ აქ ხდება“- 2021, ინტერვიუ მარიამ თალიაშვილთნ.