თავისუფლების პროპაგანდა – “მარგარიტა 96,,

90-იანი წლების საქართველო ერთმანეთის საწინააღმდეგო მოვლენებით იყო სავსე, თავისუფლების გააზრებისა და შეგრძნების პროცესმა საკმაოდ პარადოქსული გარემო შექმნა. ქართულმა ხელოვნებამ განვითარების არნახულ მასშტაბებს მიაღწია მაშინ, როცა ყოველდღიური სამოქალაქო ცხოვრება დეგრადაციას განიცდიდა და კარგს არაფერს გვპირდებოდა. ერთის მხრივ, ხელოვნებისა და ყოველდღიურობის ასეთი რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა საკმაოდ ბუნებრივია, სამოქალაქო არეულობისა და თავისუფალი გარემოს შექმნისთვის ბრძოლის დროს ხელოვანები ხომ ფრთებს შლიან და სულ უფრო და უფრო მეტად ცდილობენ საკუთარი შემოქმედებისთვის თავისუფალი სივრცის გამონახვას. ამიტომ გასაკვირი სულაც არაა 90-იანი წლების საბჭოთა კავშირის ბრჭყალებიდან დახსნილ საქართველოში, სადაც ადამიანებს მაინც უწევდათ თავისუფლებისთვის ბრძოლა, უამრავმა გამორჩეულმა არტისტმა ქართული ალტერნატიული მუსიკა რომ შექმნა და განვითარების მაღალ საფეხურზე აიყვანა.

ქართული მუსიკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ფესტივალებს და ეს დღემდე არ შეცვლილა. ზოგადად, ქართულ ხელოვნების რამდენიმე დარგს  ფესტივალების დამსახურებით სწყალობს ხოლმე ბედი. ყოველი შემთხვევისთვის, შეიძლება ითქვას, რომ 90-იანი წლების ქართული მუსიკის შემთხვევაში  ასე იყო, თანამედროვე ქართული კინო კი ფესტივალების გარეშე საერთოდ არ იარსებებდა, ან იარსებებდა, მაგრამ ძალიან ცოტა დოზით.

90-იანი წლების დასაწყისში ჩვენს ქვეყანაში ფესტივალებისთვის არავის ეცალა, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლიდან მალევე ქვეყანაში სამოქალაქო ომის ცეცხლმა დაიწყო გაღვივება. სამაგიეროდ ქართველმა არტისტებმა  მუსიკისთვის მოიცალეს და საკუთარი თავისა და არსებული სიტუაციისადმი პროტესტის აქტიური გამოხატვა დაიწყეს. მალე აფხაზეთის ომიც დაიწყო, ამან კიდევ უფრო ძლიერი ბიძგი მისცა მუსიკოსებს და თბილისის მიწისქვეშეთში პროტესტითა და თავისუფლების სურვილით გაჟღენთილი მუსიკალური კომპოზიციები დაგროვდა. მუსიკოსებს იმედისა და უიმედობის ზღვარზე მდგომი ადამიანების კვალობაზე გასაკვირად ძლიერი და ერთიანი სულისკვეთება ამოძრავებდათ. ომის დასრულებიდან რამდენიმე წელში ქართულმა ალტერნატიულმა მუსიკამ სინათლე იხილა.

1996 წელს ვაკეში ორი მუსიკალური ფესტივალი გაიმართა. მარტში, ყოფილ კინოთეატრ ყაზბეგში, რომელიც კლუბად იყო გადაკეთებული, ფესტივალი „ხელები” გაიმართა.  ქართული ალტერნატიული მუსიკის შემსრულებელი ჯგუფებისა და არტისტებისთვის კი მართლაც რეზონანსული აღმოჩნდა ივლისში, ვაკის პარკში გამართული „მარგარიტა 69“. ამ ფესტივალზე სცენა მხოლოდ ქართულ  ალტერნატიულ მუსიკას დაეთმო. ცოცხალი ჩანაწერი რადიოს მეშვეობით მთელს საქართველოში გავრცელდა, „მწვანე ტალღის“ მსმენელებამდე შემსრულებლების ინტერვიუებმაც მიაღწია. ფესტივალის მიზანი ქართული მუსიკის პროპაგანდა იყო. „პროპაგანდა“ აშკარად სწორი სიტყვაა, რადგან ქართული ალტერნატიული მუსიკა ისეთი შორეული, აკრძალული და ტაბუდადებული იყო ქართული პოსტ-საბჭოური რეალობისთვის, როგორიც თავისუფლება. ფესტივალს კონკურსის სახე ჰქონდა, „მწვანე ტალღამ“ პრიზი დააწესა გამარჯვებულისათვის, რომელიც შეძლებდა ცოცხლად დაეკრა რადიოს ეთერში. იყო კიდევ რამდენიმე ჯილდო სპონსორებისგან,  თუმცა ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ფესტივალს მიღმა მდგარი იდეა, რომელსაც ღიად შეგვიძლია თავისუფლების პროპაგანდა ვუწოდოთ.

„მარგარიტა 96“-ის როკის და ალტერნატიული მუსიკის ნომინანტებს შორის ამ ჟანრების ბევრი ქართველი პიონერი იყო. დაუკრა ჯგუფმა „Outsider”-მა, რომლის შემქმნელი და იდეოლოგი რობი კუხიანიძეა. კუხიანიძის ბევრ სიმღერაში კი მსმენელი გრძნობს და ხვდება ქართულ, ეროვნულ მოტივებს, სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელ ნიუანსებს. ჯგუფს და მის სოლისტს სწორედ პირქუში და უხეში, ზოგჯერ აგრესიული სტილი ხდის დასამახსოვრებელს, თუმცა ამ შემთხვევაში უხეშობა არ გამორიცხავს თავშეკავებულობას. სწორედ ასეთი პარადოქსული და ჩახლართული გზებით მივდივართ ჯგუფის იდეოლოგიამდე, რომელიც საბოლოო ჯამში უდავოდ თავისუფლებას გულისხმობს.

„რობის სასცენო უშრეტი ენერგიის და მისი სხეულიდან გადმოფრქვეული გრძნობების შემხედვარე, მსგავსი მუსიკის მოყვარულ მაყურებელს მძაფრი სურვილი უჩნდება, მიიღოს ნებისმიერი ალკოჰოლი, უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლდეს და მთელი ხმით იყვიროს – „მე თავისუფალი ვარ!“ – ლაშა გაბუნია

ფესტივალზე დაუკრა დიმა დადიანმა, ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერმა, Zumbaland-მა, ქეთი ფარესაშვილმა, ბაკურ ბურდულმა და ა.შ. თუმცა გია თოიძისა და ჯგუფ „ამორალის“ შესრულება „მარგარიტას“ ყველაზე მძაფრად აღქმული ჰაილაითია. ეს კოლექტივი ოკუპაციის წინააღმდეგ და თავისუფლების მხარდამხარ ბრძოლის სიმბოლოა. გია თოიძემ ქაოსურ და უსამართლო რეალობას თავისი პირქუში კომპოზიციებით სავსე შემოქმედება დაუპირისპირა. სწორედ მარგარიტამ გაუჩინა გია თოიძეს ის განცდები, რომელთა ერთგულიც 20-25 წლის შემდეგაც დარჩა და დაეხმარა, როგორც მუსიკოსს, რომელიც თავისი შემოქმედებით საკუთარი ღირებულებების დაცვას ცდილობდა.