უკრაინულ პოეზიაში ასახული ომი

პოეზია ოდითგანვე გვევლინება, როგორც შინაგანი ემოციებისა და სულიერი ლადშაფტის გადმოცემის საუკეთესო საშუალება. რითმი, მუსიკალურობა და მრავალფეროვანი მხატვრული სტილი არა მხოლოდ უაღრესად სენტიმენტალურსა და მძაფრს ხდის პოეზიას, არამედ ესთეტიკურად სასიამოვნოდ და თავისთავად ლამაზად აქცევს მას.

მსოფლიო ისტორიის განმავლობაში პოეზიამ ესთეტიკურ დატვირთვასთან ერთად მეორე, უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეითვისა. იგი მკაცრი ცენზურისა და პლურალიზმის აღმოფხვრის მცდელობის ეპოქაში აღმოცენდა, როგორც ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მებრძოლი მეომარი ან თუნდაც იარაღი, რომლის მეშვეობითაც ბრძოლა და საკუთარი იდეების დაფიქსირება იყო შესაძლებელი. ის ადამიანებიც, რომლებსაც ადარდებდათ და ასევდიანებდათ საკუთარი სამშობლოს ბედი, რომლებსაც გულს უკლავდა უცხო ქვეყნის ჯარისკაცთა თარეში თავიანთ წმინდა მიწაზე, პოეზიის მეშვეობით გამოხატავდნენ საკუთარ დამოკიდებულებას. თითქოს მისით ესწრაფვიან თავიანთი გულმოკლული ყოფის სააშკარაოზე გამოტანას. სწორედ ასეთ ნაწარმოებთა რიცხვს მიეკუთვნება ურაინელ პოეტთა ლექსები, რომლებმაც მიზნად განიზრახეს, რომ მტერს კალმით შეგებებოდნენ, კალმითვე აღეწერათ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები და კალმითვე გამოეთქვათ ის ემოციები და განცდები, რომლებიც მათი გულიდან არის გამონადენი. ამ ლექსებში არ არის გადმოცემული პატრიოტული სულისკვეთება, არამედ აღწერილია ის სულისშემძვრელი სანახაობა, რაც სამშობლოს მოსიყვარულე ადამიანმა ნახა და გამოსცადა საკუთარ თავზე.

მშვიდობა, თავისუფლება და ნათელი მომავალი უკრაინას! დიდება გმირებს!

ნინიკო მორბედაძე, “უკრაინისთვის” ფოტო: სიეიჩ64 გალერეა

 

ლიუბა იაკიმჩუკი

უკრაინელი პოეტი, დრამატურგი და კინოსცენარისტი. იაკიმჩუკის „დონბასის გარგარები“ ყველაზე პოპულარულ უკრაინულ პოეტურ კრებულში მოხვდა.

 

დონბასის გარგარი

(პოემის ფრაგმენტები)

იქსადაც გარგარი აღარ იზრდებაიწყება რუსეთი

სახის ნახშირი

ზღვის ლურჯი თვალით
და სელის თმით
გახუნებულით
დგას მაღაროში
მუხლებამდე სწვდება წყალი და
დროშა კი არა
მამაა ჩემი.
პირისახე მიუგავს ნახშირს
მინდვრის შვიტას
წარღვნამდელი ანაბეჭდით
გაქელილით საუკუნეთა განმავლობაში
ზღვას ამყარებს მარილი
ხოლო ბალახს – ნახშირი
მამა კი ვაციწვერასავით
ჭაღარავდება
მამაკაცია
მამაკაცები კი არ ტირიან –
რეკლამაში ასე ამბობენ
თუმცა მაღარომ მის ლოყებზე
გააჩინა ბევრი თხრილი
და ნახშირი მოპოვებული
მისი სახიდან
დაიწვა დონბასის ღუმელებში
და კოცონებში
სადღაც მაღლა
მიწაყრილია
აბზეკილა მიწაყრილი
როგორც სფინქსი როგორც დრაკონი
რომ დაიცვას საკუთარი ტუტანჰამონი
და მხოლოდ მე ვარ რომელმაც ვიცი
რომ მიწაყრილი შუაგულ სტეპში
საცობებია იმ ბოთლების
მამა რომ სვამდა
და ფერფლია
მოწეული სიგარეტების

 

 

სიბერისაგან

მოკვდნენ ბებია და ბაბუა
ერთ დღეს მოკვდნენ
ერთ საათში
ლამის ერთ წუთში –
ხოლო ხალხი ამბობდა, რომ სიბერისაგან

ჩაბარდნენ პატრონს მათი ქათამი
თხა და ძაღლი
(კატა სახლში არც კი ყოფილა)
ხოლო ხალხი ამბობდა, რომ სიბერისაგან

ჩამოიშალა მათი სახლი
ნანგრევებად იქცა ფარდული
სარდაფს მიწა ზედ ეყრებოდა
ხოლო ხალხი ამბობდა, რომ ეს ყველაფერი
ჩამოიქცა სიბერისაგან

მოვიდნენ ბებიას და ბაბუას დასამარხად მათიანები
ორსული ოლია
მთვრალი სერგეი
სამი წლის სონია
და ისინიც დაიხოცნენ
ხოლო ხალხი ამბობდა, რომ სიბერისაგან

ყვითელი ფოთლები ცივმა ქარმა ააფრიალა
და მათ ქვეშ დაფლა ბებია, ბაბუა, ოლია, სერგეი და სონია,
რომლებიც მოკვდნენ სიბერისაგან

 

 

სერჰი ჟადანი

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უკრაინელი მწერალი და აქტიური საზოგადოებრივი ფიგურა. ჰყავს თავისი მუსიკალური ბენდიც „ჟადანი და ძაღლები“

***

ერთი ნაცნობი მოხალისედ წავიდა ომში.
ექვსი თვის შემდეგ დაბრუნდა უკან.
სად იყო – არის გაუგებარი.
რისი შიში აქვს – ამ თემაზე კრინტსაც არა ძრავს.
მაგრამ კი აქვს რაღაცის შიში.
შეიძლება მოგეჩვენოს, რომ
ყველაფერს უფრთხის.

ნორმალური იყო წასვლის წინ.
თუმცა ძალზედ ბევრს ლაპარაკობდა.
ირგვლივ რასაც კი დაინახავდა,
ქაქანებდა სუყველაფერზე.
მაგრამ აი, უკან დაბრუნდა
სულ სხვანაირი,
თითქოს ძველი ენა წაართვეს,
ახალი კი მის სანაცვლოდ არ დაუტოვეს.

და ზის ახლა საწოლზე დღეთა განმავლობაში
და ჭინკებს უსმენს, ჩაბუდებულებს საკუთარ თავში.

პირველი ჭინკა უთანხმოა,
ცეცხლდება და დასჯას ითხოვს
ყველა არსების.
მეორე ჭინკა დამთმობია,
პატიებაზე ლაპარაკობს,
ჩუმად მეტყველებს,
ხელებით, შავი მიწით მოთხვრილით,
მის გულს ეხება.

მაგრამ ყველაზე უარესი – მესამე არის.
ის ორივესთან ყაბულსაა,
არცერთს სიტყვას არ შეუბრუნებს.

სწორედ მისი ხმის გაგონების შემდეგაა, რომ
ეწყება ნაცნობს თავის ტკივილი.


თარგმნა შოთა იათაშვილმა