უკრაინის ეროვნული იდენტობის მოამბე – მარია პრიმაჩენკო

“მე ქედს ვიხრი ამ ბრწყინვალე უკრაინელის მხატვრული სასწაულის წინაშე”-თქვა პაბლო პიკასომ მას შემდეგ, რაც 1937 წელს პარიზში ჩატარებულ გამოფენაზე მარია პრიმაჩენკოს ნამუშევრები დაათვალიერა.

Photo by CNN

უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრის შემდეგ თვეზე მეტი გავიდა, ამ პერიოდში კი არაერთი ისტორიულ-კულტურული ძეგლი განადგურდა. უზარმაზარი დანაკარგის ფონზე უკრაინაში ნადგურდება ხელოვნების უნიკალური ნიმუშებიც, მათ შორისაა მარია პრიმაჩენკოს ნამუშევრები სოფელ ივანკოვში.

მარია პრიმაჩენკო უკრაინელი თვითნასწავლი მხატვარი იყო, რომლის შემოქმედება ძირითადად ფოლკლორულ საკითხებს ეხება. პრიმაჩენკოს მნიშვნელობა უკრაინის ურბანულ კონტექსტშიც იკვეთება, მაგალითისთვის კიევის ერთ-ერთ ქუჩას სწორედ მისი სახელი ჰქვია, გარდა ამისა, მარია ტარას შევჩენკოს სახელობის უკრაინის ეროვნული პრიზის მფლობელია. ეს პრიზი უკრაინის სახელმწიფოს უმაღლესი დონის პრიზს წარმოადგენს ხელოვნებასა და კულტურაში.

პრიმაჩენკო გლეხის ოჯახში დაიბადა და მთელი ცხოვრება სოფელ ბოლოტნიაში გაატარა, ჩერნობილიდნ 30 კილომეტრში. სკოლაში მხოლოდ 4 წელი იარა, ვინაიდან ადრეული ასაკიდანვე განიცდიდა პოლიომიელიტით გამოწვეულ ფიზიკურ ტანჯვას, რომელმაც დიდი ზეგავლენა იქონია მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. დედა ბავშვობიდან ასწავლიდა ხელსაქმეს – ქარგვას. ის ქარგვის ასოციაციის წევრიც გახდა, სადაც უფრო დიდმა ხელოვანებმა აღმოაჩინეს მისი ნიჭი და  მარია სამუშაოდ კიევის უკრაინული ხელოვნების მუზეუმში მიიწვიეს. სწორედ აქ მუშაობის დროს გაიკეთა ორი ოპერაცია, რომელთა შედეგად მან დამოუკიდებლად დგომა შეძლო.

მისი შემოქმედება, შთაგონებული იყო უკრაინული ხალხური ტრადიციებით. მისი ნახატები ერთგვარ ანარეკლს წარმოადგენდა როგორც უკრაინული ცხოვრების სტილის, ისე უკრაინული ზღაპრებისა. მისი თავდაპირველი კარიერა ნაქარგებიდან იწყება, თუმცა 1930-იან წლებში პრიმაჩენკო აქტიურად იწყებს მხატვრობას და მისი სამხატვრო სტილი ხდება პრიმიტივიზმი, ხოლო ექსპრესიულობით ტრადიციულ უკრაინულ ცხოვრებას თანამედროვე მოტივებით ამრავალფეროვნებდა. მისი შემოქმედება აქტიურად ვითარდება ფერების პალიტრის მხრივაც, რამდენადაც იწყებს უფრო ნათელი ფონების გამოსახვას და აკვარელიდან გუაშზე გადადის. 1970-იანებში კი მხატვარი  მოკლე ფრაზებისა და ანდაზების დატანას იწყებს ტილოების უკანა მხარეს.

Photo by Wall Street International Magazine
Photo by The Times

მარია პრიმაჩენკოს ეროვნული მხატვრული კონტექსტი ცხადად იკვეთება, რამდენადაც მისი ნამუშევრები უკრაინის საფოსტო მარკებსა და საიუბილეო მონეტებზეა გამოსახული. შეიძლება ითქვას, რომ მხატვარი უკრაინის ეროვნული იდენტობის სიმბოლოა, შესაბამისად, მისი ნამუშევრების დაზიანება რუსეთის შეჭრის შედეგად თითქოს სიმბოლურ სახეს ატარებს.

Postcard by Soviet Postcards

უკრაინის მოამბედ ქცეული მხატვარი ერთგვარად თვალის მომატყუებელ ნახატებს ქმნის, ისინი თავიანთი ფერადოვნებითა და სინათლით თავიდანვე პოზიტიურ განწყობას უქმნიან მნახველს, თუმცა რეალურად სწორედ ამ სიფერადის უკან იკითხება ის სოციალური თუ ეროვნული პრობლემები, რომელთა წინაშეც იდგა/დგას უკრაინა. მათ შორისაა საბჭოთა რეპრესიები, ჰოლოდომორი, შიმშილი და უიმედობა.  მარია პრიმაჩენკო სიურეალიზმით სოციალური რეალიზმის გამოხატვას ცდილობს, თანაც საკმაოდ წარმატებულად.

Photo by Teo Kanistras

პრიმაჩენკოს გარდაცვალების შემდეგ მხატვრის ნამუშევრები ივანკივის ისტორიულ მუზეუმში ინახებოდა, სადაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი სამხედრო ჯარების მიერ უკრაინის ინვაზიის შედეგად მისი უნიკალური შემოქმედებიდან 25 ნახატი განადგურდა. თუმცა ადგილობრივმა მოსახლეობამ მოახერხა მარიას ნამუშევრების უმრავესობის გადარჩენა, მისი შვილთაშვილი ანასტასია პრიმაჩენკო კი კონკრეტულად იმ ერთ ადგილობრივ მამაკაცზე საუბრობს ინტერვიუში, რომელმაც ცეცხლწაკიდებული ნამუშევრებიც იხსნა განადგურებისგან.