პეგ ენტვისლი – გოგონა, რომელიც ჰოლივუდის ნიშნიდან გადმოხტა

ლოს ანჯელესის მთებზე აღმართული წარწერა Hollywood მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული კულტურული სიმბოლოა. ეს ნიშანი თითქმის ერთი საუკუნეა, რაც ადამიანებისთვის იმედებით სავსე მომავალთან, ვარსკვლავურ ოცნებებთან და წარმატებასთან ასოცირდება, თუმცა ცოტამ თუ იცის იმ ტრაგედიის შესახებ, რომელიც ამ ადგილს უკავშირდება.

Photographed by Ted Van Cleave

გასული საუკუნის 30-იანი წლები კლასიკური ჰოლივუდის ისტორიაში ახალ ეტაპად მიიჩნევა, უხმო კინო ნელ-ნელა სრულად ჩაანაცვლა ხმოვანმა და ამ პერიოდიდან კინოვარსკვლავობის იდეით აღტაცებული უფრო და უფრო მეტი ადამიანი დაადგა ჰოლივუდისკენ მიმავალ გზას. სწორედ ამ დროს იწყებს კინოკარიერას წარმოშობით ბრიტანელი მსახიობი პეგ ენტვისლიც.

პეგი 20-იანი წლების ბროდვეის სცენაზე წარუმატებელი მსახიობი არ ეთქმოდა, პირიქით, როგორც ცნობილია, თვით ბეტი დეივისსაც კი სურდა მისნაირი მსახიობი გამხდარიყო მას შემდეგ, რაც სპექტაკლ ,,The Wild Duck’’-ში იხილა და წლების შემდეგ მის შთაგონების წყაროდაც დაასახელა. თუმცა, ,,დიდი დეპრესიის’’ პერიოდში, ფინანსური კრიზისის  გამო, სპექტაკლები ხშირად გახსნამდეც იხურებოდა. ამიტომ, პეგიმ გადაწყვიტა ნიუ-იორკიდან ლოს ანჯელესში გადასულიყო იმ სურვილით, რომ კინოში მიაღწევდა იმ ყველაფერს, რაც თეატრში არ დასცალდა.

Photo Credits: Mary Evans/Ronald Grant/Everett Collection

 

საუბედუროდ, ყველაფერი ისე არ აღმოჩნდა ,როგორც პეგის წარმოედგინა. ჰოლივუდის დაუნდობელ კონკურენციაში როლის მოპოვება ურთულესი რამ აღმოჩნდა. როდესაც 1932 წელს, 24 წლის პეგი ენტვისლმა საბოლოოდ მოახერხა დიდი კინოსტუდიის ფილმში ,,Thirteen Women’’ მონაწილეობით კინო დებიუტი, ფილმის საბოლოო ვერსიაში მისი სამსახიობო შესრულების უმეტესი ნაწილი ამოჭრეს. ესეც არ აკმარეს და კინოსტუდია RKO-მ მას კონტრაქტი შეუწყვიტა, ასე აღმოჩნდა უცხო ქალაქში ჩასული გოგონა უსახსროდ  და ყველანაირი გეგმის გარეშე.

Photo Credits: LMPC

 

1932 წლის 16 სექტემბერს, პეგი ენტვისლმა ბიძას დაუბარა, რომ მეგობრებთან შესახვედრად მიდიოდა, რა დროსაც ინდუსტრიის სახელოვანი კონსტრუქციისკენ გაემართა და სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. მეორე დღეს, როცა პეგი ჰოლივუდის ნიშნიდან გადმომხტარი იპოვეს, მის საფულეში ბარათი დახვდათ, შემდეგი სიტყვებით: ,,მეშინია, მხდალი ვარ. ყველაფრისთვის ვწუხვარ. ეს რომ დიდი ხნის წინ გამეკეთებინა, დიდ ტკივილს ავიცილებდი. პ.ე.’’

 

ამ შემზარავი ტრაგედიიდან უკვე 90 წელია გასული და ახლა თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ პეგ ენტვისლი ჰოლივუდის ლეგენდად იქცა. პეგის ცხოვრება, რომელმაც ამერიკული ოცნების დაფარული მხარე სააშკარაოზე გამოიტანა, მთელი ამ დეკადების განმავლობაში განიხილებოდა და დღემდე არ კარგავს აქტუალობას. მაგალითად, 2017 წელს ამერიკელმა მომღერალმა, ლანა დელ რეიმ კანადელ არტისტ უიკენდთან ერთად გადაღებული კლიპი ,,Lust For Life’’ სწორედ პეგის ისტორიას დაუკავშირა, ხოლო ტელეშემოქმედმა რაიან მერფიმ, 2020 წელს, ნეტფლიქსისთვის მინი-სერიალიც გამოუშვა, სახელწოდებით ,,ჰოლივუდი’’, მინი-სერიალის ერთ-ერთი მთავარი სიუჟეტური ხაზი პეგის კარიერასა და თვითმკვლელობის ამბავს ეხება.

 

Lana Del Rey - Lust For Life ft. The Weeknd
Photo Credits: Polydor/Interscope