2022 წლის ვენეციის ბიენალე – აუცილებლად სანახავი პავილიონების ჩამონათვალი

ფიქრებისა და მათი გამოძახილის პოლიფონია: ეს არის უზარმაზარი სხეული, რომელშიც თანამედროვე ხელოვნების განსხვავებული და დამოუკიდებელი ტემპერამენტია წარმოდგენილი.“ – ფრანჩესკო ბონამი ვენეციის სახელოვნებო ბიენალეს შესახებ.

ვენეციის სახელოვნებო ბიენალე 124 წლის არის და სახელოვნებო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კულტურული ღონისძიებაა. იგი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, რაზეც სახელი „ბიენალე“ მიგვითითებს და მიზნად ისახავს ფართო საზოგადოებისთვის ახალგაზრდა არტისტების შემოქმედებისა და კრეატიულობის გაცნობას. ვენეციის ბიენალზე წარმოდგენილია როგორც ნაციონალური, აგრეთვე სტუმარი ქვეყნების პავილიონებიც, სადაც კონკრეტული ეროვნების ხელოვანთა კრეატიული ნიმუშები არის გამოფენილი. ნამუშევრების შორის შეხვდებით როგორც ინსტალაციებს, აგრეთვე ფერწერულ ნახატებსა და ქანდაკებებს, რაც მრავალმხრივად საინტერესოს ხდის აღნიშნულ ღონისძიებას.

წარმოგიდგენთ 2022 წლის ბიენალზე არსებულ იმ პავილიონებს, რომლებმაც მნახველების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს.

 

ამერიკის შეერთებული შტატების პავილიონი

სუვერენულობა-სიმონ ლი

სიმონ ლის ხელში ამერიკულმა პავილიონმა აბსოლუტური და რადიკალური ტრანსფორმაცია განიცადა. მის მიერ შექმნილი ფასადური ინსტალაცია, რომელიც აბსტრაქტულ ქანდაკებას მოიცავს, ბიენალის შესასვლელში დგას და შვიდი მეტრის სიმაღლიდან ამაყად გადმოჰყურებს მნახველებს. წარმოდგენილი ნამუშევარი ერთგვარი რემინისცენციაა თომას ჯეფერსონის მონტიჩელოს პლანტაციისა, სადაც ოთხასზე მეტი მონა ცხოვრობდა და მუშაობდა. ლის ნამუშევრები უმეტესწილად წარმოაჩენს აფრიკულ დიასპორას, კერძოდ, შავკანიანი ქალების სხეულს. მის ბიუსტებსა და ქანდაკებებში ვხვდებით შავკანიანი არტისტის სწრაფვას, რომ გაარღვიოს ევროცენტრული წარმოდგენები აფრიკული კულტურის შესახებ და ამავდროულად კრიტიკას, რომელიც შავკანიანთა მრავალსაუკუნოვანი მტანჯველი ისტორიული წარსულით არის განსმჭვალული. სწორედ ასეთი ნამუშევრებია ლის “Jug”, “anonymous”, “sentinel”  ,  „სფინქსი„ რომლებიც ამშვენებენ ამერიკული პავილიონის ფიზიკურად შემოსაზღვრულ, მაგრამ შემოქმედებითობის თვალსაზრისით უსასრულო სივრცეს.

 

 

ბელგიური პავილიონი

ბუნების თამაში-ფრანცის ალისი

მოუთვინიერებელი და სიცოცხლის ხალისით სავსე ბავშვების ყვირილი, თამაში და გართობა ძირითადად არ არის წარმოდგენილი სამხატვრო ღონისძიებებზე, თუმცა წლევანდელი ვენეციის ბიენალე გამონაკლისია, სადაც ბავშვების თემატიკას ცენტრალური ადგილი უკავია ბელგიურ პავილიონში.

პავილიონში მრავალი ეკრანი არის დამონტაჟებული, სადაც ბავშვების თამაშების შესახებ მოკლე მეტრაჟიანი ფილმები წარმოდგინდება. თითოეული მათგანი დაახლოებით 5 წუთი გრძელდება. ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არის გადაღებული. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ყოველი მოკლე მეტრაჟიანი ფილმი განსხვავებულია და ინდივიდუალური თავისებურებებით ხასიათდება. პავილიონში შეხვდებით ბელგიაში არსებულ ცნობილ ლოკოკინების შეჯიბრს, ავღანეთში გავრცელებულ ფრანით მეტოქეობას, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბუზების განსახიერების თამაშსა და პოსტ-პანდემიურ დაჭერობანას მექსიკაში, სადაც წითელ ნიღბიანი ბავშვი დარბის და ცდილობს დანარჩენი მოთამაშეების დაჭერას. მოუხედავად იმისა, რომ ფილმები ერთმანეთისგან კულტურული მახასიათებლებით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთურთისგან, მათ აერთიანებთ ერთი უნივერსალური იდეა, რომელიც ბავშვების მიერ წარმოდგენილ და ბავშვების მიერვე აღქმულ წარმოსახვითი რეალობის შექმნას გულისხმობს.

პავილიონში აგრეთვე შესაძლებელია პატარა ბარათების ზომმის ფერწერული ნამუშევრების ნახვას, სადაც ასახულია, თუ როგორ დარბიან გაშლილ მდელოში მიამიტი ბავშვები, რომლებსაც ხელში თეთრი დროშები უჭირავთ. ამ მშვენიერ იდილიას კი არღვევს ლურჯ ცაში არსებული ვერტმფრენები, რომლებიც ომის სიმბოლური გამოხატულებაა.

 

 

კორეული პავილიონი

იუნჩულ კიმი

კორეულ პავილიონში უნჩულ იმის მიერ შემქნილი ხუთი დიდი ზომის კინეტიკური ინსტალაცია არის წარმოდგენილი, რომელთა თემტიკაც მეცნიერებასა და ტექნოლოგიურ პროგრესს ეხმიანება. გამოფენა აერთიანებს ტექნოლოგიასა და მითოლოგიას, ხოლო მატერიასა და ნაწილაკებს კი პოეტურ და ფილოსოფიურ შემოქმედებაში უყრის თავს.

კიმი მუსიკას სწავლობდა, შესაბამისად, სწორედ მუსიკალურობაა, რითაც ინმსჭვალება მისი შემოქმედებაც. მის მიერ შემქნილი ყველა სტრუქტურა დაფუძნებულია დროსა და შემთხვევებზე, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ ფლუიდურები და დინამიკურნი არიან. სწორედ ეს ტრანსდისციპლინური მიდგომა იკვეთება კიმის ინსტალაციაში Chroma V-ში. იგი დინოზავრის სკელეტონს წარმოადგენს, რომელიც მთლიანად კომპიუტერული ალგორითმების დახმარებით არის შექმნილი. ეს 50 მეტრიანი სტუქტურა, რომელიც სპირალისებურ ჯაჭვში არის დახვეული, ცოცხალი და მსუნთქავი უჯრედივით იქცევა. ინსტალაციის ინტერნალური კინეტიკური მექანიზმი პოლიმერების შრეების ნათებისა და ფერების ცვილებას განაპირობებს, რომელიც მომაჯადოებელ ეფექტს ახდენს მნახველზე.

არანაკლებ საინტერესო და მომნუსხველია Argos-swollen suns, რომელიც ასახავს ატმოსფეროში კოსმიური ნაწილაკების შეჯახების პროცესს. ორივე შემოქმედების, როგორც თავად არტისტი აღნიშნავს, სიზმარში ჩაისახა, როგორც გველი, რომელიც ყვავილებს შორის მიიკლაკნება.

 

 

სკანდინავიური პავილიონი

“სამის პავილიონი”- პოლინა ფეოდოროფი, მარი ენ სარა და ანდერს სუნა

სკანდინავიური პავილიონი ბუნებრივი და ნატურალისტური განათებით არის სავსე, რომელშიც შესაძლებელია სამი თვალუწვდომელი ხის დალანდვა. ხეების ინსტალაციების პავილიონის ცენტრში არის წარმოდგენილი, ხოლო მათი ბოლოს დანახვა კი შეუძლებელია, რადგან ხის ფოთლები თითქოს ჭერს კვეთენ და ისე მაღლა მიემართებიან ცისკენ, რომ მხოლოდ მისი ქერქის დანახვა არის შესაძლებელი. მონუმენტურ ხეებთან ერთად, სამმა სკანდინავიური წარმოშობის არტისტმა წლევანდელ პავილიონში „სამის ხალხის“ ადგილობრივი კულტურის წარმოჩენა განიზრახა მიზნად.

პავილიონში განსაკუთრებით საინტერესო და ორიგინალურია ისეთი სკულპუტრებისა და ინსტალაციების წარმოჩენა, რომლებსაც ყნოსვითი ელემენტებიც ახლავს თან. ინსტალაციები პირმების სხეულებისგან შედგება. ერთ-ერთ სკულპტურაზე შეგვიძლია ამოვიკითხოთ სიტყვა „შიში“, ხოლო მეორეზე კი „იმედი“. აღნიშნული ინსტალაციის მიზანია თავად ანდერს სუნას ოჯახის 50 წლიანი ისტორიული და სამართლებრივი ბრძოლის წარმოჩენა, რომელიც ეხებოდა ირმების დაცვას შვედეთის ხელისუფლების წინააღმდეგ.