იუკიო მიშიმა, ანუ თვითმკვლელი მწერალი

Photo Credits to Damian Flanagan via The Japan Times

იუკიო მიშიმა, ნამდვილი სახელით კიმიტაკე ჰირაოკა, იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანისტია. მან 1970 წელს სახელმწიფოსა და სისტემის წინააღმდეგ გალაშქრება გადაწყვიტა, თუმცა მისი გამოსვლის მოსმენას აუდიტორიის, ჯარისკაცების, მხრიდან დაცინვა მოჰყვა. მიშიმა შენობაში შევიდა და სამურაის სუიციდის რიტუალით, სეპუკუთი, თავი მოიკლა. მისი ბოლო სიტყვები იყო: „მგონი, ვერ გამიგეს“. მიშიმა ისედაც საკმაოდ პროვოკაციული ფიგურა იყო იაპონიის რეალობაში (ისეთი, როგორიც, მაგალითად, საფრანგეთისათვის მიშელ უელბეკია), მისმა თავის მოკვლის რიტუალმა კი ის კიდევ უფრო პოპულარული გახადა (თანაც, სეპუკუს რიტუალი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის შეესრულებინა).
ლიტერატურულ ასპარეზზე მიშიმა 1949 წელს ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანით, „ნიღბის აღსარებით“, გამოჩნდა. ესაა იმ სუსტი, მგრძნობიარე ბიჭის ისტორია, რომელმაც მთელი ბავშვობა ავადმყოფ ბებიასთან ერთად გაატარა, შესაბამისად, მისთვის წარმოსახვა რეალობად იქცა, რადგან ცხოვრება, ფაქტობრივად, არ ჰქონდა. მთავარი გმირი საზოგადოებრივ ნორმებს ვერ ერგება, ამიტომ მთელი ცხოვრების განმავლობაში განსხვავებულ პერსონაჟებს განასახიერებს. ავტორთან მუდმივად ვხვდებით განსაკუთრებულ კავშირს სექსუალობასა და ესთეტიკურ მგრძნობელობას შორის; მისი შემოქმედების განმსაზღვრელია ე.წ. სიკვდილის დოქტრინაც; მიშიმას ნაწარმოებებში ამ და სხვა ასპექტების უკეთ გადასააზრებლად „ნიღბის აღსარება“, შეიძლება ითქვას, გასაღებია. მაგალითად, 1956 წელს გამოქვეყენბულ წიგნში, „ოქროს ტაძარი“, ბუდისტი ბერი სრულიად შეპყრობილია ტაძრის სილამაზით. მას სწამს, რომ მიმდინარე ომის გამო ის მალე განადგურდება, თუმცა ტაძარი გადარჩება, ამიტომ მთავარი გმირი თავისი ხელით გადაწვავს მას. ამ ნაწარმოებშიც დესტრუქცია, მოკვდინება, დომინანტი თემაა.
მიშიმაზე დიდი გავლენა ჰქონდა იასუნარი კავაბატას და ამას იუკიოს ნაწარმოებები თავისთავად ცხადყოფს. ნობელიანტი კავაბატა ფიქრობდა, რომ ლიტერატურას წმინდად მხატვრული დანიშნულება ჰქონდა. მიშიმაც თავის ნამუშევრებში გრძნობების სიმძაფრეს ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ის სხეულების, ქსოვილების, სურნელების აღწერას დიდ დროსა და ოსტატობას ახმარს.
სიცოცხლის ბოლო ათწლეულში მიშიმა მკვეთრად შეიცვალა, მან ფიზიკურ გაძლიერებაზე დაიწყო ზრუნვა და პოლიტიკურ ცხოვრებაშიც ჩაება. სიცოცხლის იმ ხერხით დასრულება კი, რომელიც უკვე ვახსენე, მისი ცხოვრების, დიდი სპექტაკლის, შესაბამისი და ლოგიკური დასასრული იყო. მიშიმას მოკლე მოთხრობა, „პატრიოტიზმიც“, ხომ ამ დასასრულის ერთგვარ რეპეტიციას წარმოადგენდა…