Circus Mircus საქართველოს სიმღერით “Lock Me In” წარადგენს

საქართველოს წარმომადგენელი 2022 წლის ევორვიზიის სიმღერის კონკურსზე ბენდი “Circus Mircus”იქნება. ბენდი საქართველოს წარმომადგენლად ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში გამოცხადდა, მაგრამ მათი სიმღერა „Lock Me In” 2022 წლის მარტში გამოვიდა. ბენდი საქართველოს პირველმა მაუწყებელმა დახურულ კარს მიღმა შეარჩია.

“ეს არის მოძრაობა, რომელიც ათეულობით პროფესიონალს აერთიანებს სხვადასხვა პროფესიებიდან, რათა შექმნას ჯერ არნახული აუდიო-ვიზუალური გამოცდილება.“ ასე აღწერს თავს Circus Mircus. ბენდი 2020 წელს შეიქმნა და მისი წევრები ამ დრომდე საიდუმლოდ რჩებიან. მათივე თქმით ბენდის სამი წევრი ერთმანეთს საცირკო აკადემიაში შეხვდა, სადაც სხვებს შორის ყველაზე ცუდად გამოსდიოდათ საცირკო საქმე, შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ აკადემია დაეტოვებინათ და ბენდი ჩამოეყალიბებინათ. ამჟამად ბენდი ოთხი წევრისგან შედგება, რომლებიც სასცენო სახელებს იყენებენ: დამოკლეს სტავრიადისი, იგორ ფონ ლიხტენშტაინი, ბავონჩ გევორკიანი და იაგო ვეითმენი. ბენდის წევრების განცახდებით მათი მთავარი მიზანი ისეთი მუსიკის შექმნაა, რომელიც ჟანრულ ჩარჩოებს ცდება, რაც მათ შემოქმედებაში ნამდვილად აისახება.

Circus Mircus - Lock Me In (Eurovision 2022 Georgia 🇬🇪) - YouTube
Photo credits to Circus Mircus

Circus Mircus-მა სიმღერა თავის ოფიციალურ youtube არხზე 9 მარტს გამოაქვეყნა, სიმღერასთან ერთად უნდა შემდგარიყო კლიპის პრემიერაც, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო ბენდმა გადაწყვიტა, რომ სიმღერა ზემოთ მოცემული ფოტოს ფონზე გამოექვეყნებინა. კლიპის პრემიერა მოგვიანებით ევროვიზიის ოფიციალურ youtube არხზე შედგა.

საქართველო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 2007 წლიდან იღებს მონაწილეობას. ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი შედეგი 2010 და 2011 წლებში დაკავებული მეცხრე ადგილია. Circus Mircus თავის სიმღერას წელს მეორე ნახევარ ფინალში 12 მაისს შეასრულებს.

ბენდის ოფიციალური Instagram გვერდი: @circusmircusunofficial