დორის ლესინგი – ქალური გამოცდილების ეპოსის შემქმნელი

დორის ლესინგი ინგლისელ მწერლად მოიხსენიება, თუმცა იქამდე, სანამ ის ლონდონში გადავიდოდა საცხოვრებლად, უკვე საკმაოდ გრძელი გზა ჰქონდა გავლილი. ის 1919 წელს ირანში დაიბადა. მალე ოჯახი ახლანდელ ზიმბამბვეს რესპუბლიკაში (მაშინდელ ინგლისის კოლონიაში) გადასახლდა. 13 წლის ასაკში სკოლა დაასრულა, 15-სამ კი სახლი დატოვა და ექიმად დაიწყო მუშაობა. ძირითადად, მარტო იყო და სანადირო თოფით აფრიკის ველურ ადგილებში დაეხეტებოდა. მიხვდებოდით, რომ მისი ცხოვრება საკმაოდ რთული იყო, ამან კი წერისაკენ უბიძგა. 1939 წელს დაქორწინდა და ორი შვილიც შეეძინა, თუმცა რამდენიმე წელიწადში მთელი ოჯახი მიატოვა. მოგვიანებით, გოტფრიდ ლესინგზე იქორწინა, მასთან ერთი ვაჟი შეეძინა. მალე მეორე ქმარსაც გაშორდა, თუმცა ამჯერად ვაჟი თავისთან დაიტოვა და ლონდონში წავიდა საცხოვრებლად.

აქედან იწყება სერიოზული ძვრები მის სამწერლო კარიერაში. ლონდონში ჩასვლიდან მალევე მისი პირველი რომანი, “ბალახი მღერის”, გამოქვეყნდა. რომანი ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია და ისეთ თემებზე მოგვითხრობს, როგორებიცაა, ქალის ბედი მკვეთრად პატრიარქალურ საზოგადოებაში, რასობრივ დისკრიმინაციაზე დაფუძნებული ურთიერთობები და ა.შ.   ამ ნაწარმოებში ავტორი აპართეიდის დაუნდობელ კრიტიკას გვთავაზობს, ამიტომ, წიგნის გამოქვეყნების შემდეგ, სამხრეთ აფრიკისა და სამხრეთ როდეზიის რესპუბლიკებმა დორის ლესინგი ე.წ. “პერსონა ნონ გრატად” გამოაცხადეს.  “ბალახი მღერის” ქართველი მკითხველისათვის 2013 წლიდანაა ხელმისაწვდომი. ის ზაალ და პაატა ჩხეიძეებმა თარგმნეს.  2017 წელს გამოიცა “ზაფხული მწუხრის წინ”, რომელიც 1973 წელსაა დაწერილი. ეს წიგნიც ქალის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, კონკრეტულად, 45 წლის კეიტ ბრაუნის შესახებ, რომელიც უეცრად აცნობიერებს, რომ მთელი თავისი ცხოვრება ოჯახს შეალია, ამიტომ ერთ ზაფხულს გადაწყვეტს შეაფასოს განვლილი გზა და ყველაფერი თავიდან დაიწყოს. რომანი ქართულად მაია ცერცვაძემ თარგმნა.

ლესინგის შემოქმედებიდან გამორჩეულია “ოქროს რვეულიც”, რომელიც ფემინისტური ლიტერატურის კლასიკადაა მიჩნეული, თუმცა ეს თავად ავტორის თვითმიზანი არ ყოფილა.  “სულაც არ მიფიქრია ფემინისტებისთვის ბიბლიის დაწერა. მე მხოლოდ ჩემი გამოცდილება და ის აღვწერე, თუ როგორ ცხოვრობდნენ და ფიქრობდნენ ქალები, როგორ ეძებდნენ თავიანთ ადგილს საზოგადოებაში, პოლიტიკასა და სექსში. დღემდე მაკვირვებს, რომ ამ რომანს მკითხველი რევოლუციის მოხდენის მცდელობად აღიქვამს.” – განაცხადა მან 2004 წელს.  წიგნი ანა ვულფის, თავისუფალი ქალის, შესახებ მოგივთხრობს, რომელიც თავისი გაბნეული ნაწილების შეკოწიწებისათვის წერას იწყებს.  რომანში განხილულია ისეთი თემები, როგორებიცაა: სექსი, ჰომოსექსუალიზმი, თავისუფლად მოაზროვნე ქალები, პოლიტიკა, სოციალიზმი, შავკანიანთა ცხოვრება, შესაბამისად, 1962 წელს გამოსული ეს ნაწარმოები მართლაც წარმოადგენდა გამოწვევას იმდროინდელი მკითხველისათვის.

2007 წელს დორის ლესინგს ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში (თავისი სანობელო ლექცია, რომელიც მან ადამიანთა შესაძლებლობებს შორის არსებულს უთანასწორობას მიუძღვნა, ირმა ტაველიძემ თარგმნა ქართულად). შვედურმა აკადემიამ მას “ქალური გამოცდილების ეპოსის შემქმნელი” უწოდა.  2008 წელს კი “თაიმსის” მიერ გამოქვეყნებულ სიაში – “ყველაზე დიდი ბრიტანელი ავტორები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ” – მან მეხუთე ადგილი დაიკავა.
დორის ლესინგი 2013 წელს, 94 წლის ასაკში, გარდაიცვალა.  მისი ბოლო წიგნი, “ალფრედი და ემილი”, 2008 წელს გამოქვეყნდა. ცხოვრების ბოლო წლებში კი, ავადმყოფობისა და ნობელის პრემიის აღების შემდეგ მის მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო, ის წერას ნაკლებად ახერხებდა.