ბენდი Reddi დანიას ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს

დანიის ნაციონალური კონკურსის „Dansk Melodi Grand Prix 2022”-ის გამარჯვებული ბენდი Reddi გახდა. გამარჯვებული მთლიანად ტელემაყურებლების ხმებით შეირჩა. ბენდმა ჯერ მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო შემდეგ სუპერფინალში პირველი ადგილი, რამაც მათ სიმღერას „The Show” გამარჯვება მოუტანა.

ბენდი ოთხი წევრისგან შედგება: იჰან ჰეიდარი (დრამი), იდა ბერგკვისტი (ბასი), აგნეს როსლუნდი (გიტარა) და სიგგი სეივერი (გიტარა და ვოკალი). დრამერისთვის იჰან ჰეიდარისთვის ეს პირველი ევროვიზია არ იქნება, ის 2012 წელსაც მონაწილეობდა კონკურსში დანიელ შემსრულებელ სოლუნა სამაისთან ერთად. ბენდი Reddi სპონტანურად კონკურსისთვის შეიქმნა. ბენდის წევრების მუსიკის სხვადასხვა ჟანრებისადმი სიყვარულმა, მათი გამორჩეული ჟღერადობა ჩამოაყალიბა: როკ-პანკის სინთეზი კლასიკურ სიმებიან საკრავებთან და ფერად პოპთან.

სიმღერა „The Show” ბენდის პირველი ერთობლივი ნამუშევარია. „ჩვენი სიმღერით გვინდა მსოფლიოს ვუთხრათ, რომ გარე სამყარომ არ უნდა შეგაჩეროს გააკეთო ის, რაზეც ოცნებობ. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ქალებს ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ.“ – აცხადებენ ბენდის წევრები. სიმღერისა და ზოგადად ბენდის ინსიპირაცია ის ფაქტი გახდა, რომ დანიაში სრულიად ქალებისგან შემდგარი ბენდების რიცხვი საკმაოდ მცირე იყო.

დანიის დებიუტი ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 1957 წელს შედგა, მაგრამ 1966 – 1978 წლებში ისინი კონკურსში მონაწილეობას არ იღებდნენ. ქვეყნის ანგარიშზე სამი მოგებაა 1963, 2000 და 2013 წლებში. წელს ბენდი Reddi თავის სიმღერას პირველ ნახევარ ფინალში 10 მაისს შეასრულებს.

ბენდის ოფიციალური Instagram გვერდი: @wearereddi