ნეტფლიქსის ახალი სერიალი: Heartstopper

ნეტფლიქსის ახალმა სერიალმა Heartstopper ბოლო კვირის განმავლობაში ინტერნეტი, პირდაპირი მნიშვნელობით, დაიპყრო. 22 აპრილს გამოსულმა სერიალმა ორ დღეში “თვითერზე” მილიონამდე გამოხმაურების მოპოვება მოახერხა. Heartstopper თინეიჯერული რომანტიკული დრამაა ორი ბიჭის სიყვარულზე.

Photo credits to Netflix

ჩარლი 15 წლის სკოლის მოსწავლეა, რომელსაც საიდუმლო შეყვარებული ჰყავს, ბენი. მიუხედავად იმისა, რომ ბენი ჩარლის ყოველდღე საიდუმლოდ, მარტო ხვდება, სხვების თანდასწრებით ყოველთვის ცუდად ექცევა და ამცირებს. მსგავს ტოქსიკურ ურთიერთობაში გაჭედილი ჩარლი ნიკს გაიცნობს, სკოლის პოპულარულ რაგბისტ ვარსკვლავს. მათი ურთიერთობა მაშინ ღრმავდება, როდესაც ნიკი ჩარლის რაგბის გუნდში სათამაშოდ მიიწვევს და ჩარლიც გადაწყვეტს, რომ გუნდს შეუერთდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა არც მის მეგობრებს მოსწონთ და არც ჩარლი გამოირჩევა განსაკუთრებით სპორტული გარეგნობით. ნიკისა და ჩარლის ურთიერთობა მეგობრობიდან რაღაც უფრო მეტში გადაიზრდება, როდესაც მათ ერთმანეთის მიმართ გრძნობები გაუჩნდებათ.

Nick and Charlie's shoes

Heartstopper-ს უდიდესი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. სერიალს აფასებენ „Feel good” დრამად, რომელიც თბილი ჩახუტების შეგრძნებას გიტოვებს. ასევე შეფასებებში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სერიალი ძირითადად სასიამოვნო და მარტივი საყურებელია, მასში არის ისეთი მომენტებიც, რომელიც ჰომოფობიასა და მსგავს რთულ საკითხებს განიხილავს. სერიალში ფართოდ არის განხილული ლგბტქ+ სპექტრუმიც, ვხვდებით ლესბოსელ და ტრანსგენდერ პერსონაჟებსაც.

სერიალი ალის ოსმანის იგივე სახელწოდების კომიქსზეა დაფუძნებული. კომიქსი თავდაპირველად Tumblr-ისა და Tapas-ის მეშვეობით გამოიცემოდა, მაგრამ 2019 წელს გრაფიკული ნოველის ჯერ პირველი, ხოლო შემდეგ მეორე ნაწილი ფიზიკურადაც გამოიცა. ამჟამად გრაფიკულ ნოველის ოთხი ნაწილი და დამატებით გასაფერადებელი წიგნია გამოსული.

ავტორი ალის ოსმანი სერიალის გადაღებებშიც იღებდა მონაწილეობას. ასევე აღსანიშნავია, რომ სერიალის სხვადასხვა სცენაში გრაფიკული ნოველის მსგავსი მინახატები ჩნდება, ეს კი განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც პერსონაჟების ემოციები და განწყობა ამაღლებულია.

მიუხედავად იმისა, რომ დადასტურებული არ არის ექნება თუ არა სერიალს მეორე სეზონი, ალის ოსმანმა განაცხადა, რომ თუ სერიალის მეორე სეზონს გადაიღებენ, სურს, რომ ახალ სეზონებში მენტალურ ჯანმრთელობაზეც გააკეთოს აქცენტი, რადგან კომიქსში ამ თემას საკმაოდ დიდ მნიშვნელობა ენიჭება.

სერიალის ქასთი სხვადასხვა პოპულარული, თუ ნაკლებად პოპულარული ბრიტანელი მსახიობებისგან შედგება: ჯო ლოკი, კიტ კონორი, იასმინ ფინი, ვილიამ გაო, სარა ნელსონი და სხვები, თუმცა სერიალის შემქმნელებმა მის გამოსვლამდე საიდუმლოდ შეინახეს ცნობილი ბრიტანელი მსახიობის, ოლივია კოლმენის როლი. სერიალის ნახვა ნეტფლიქსზე არის შესაძლებელი.

Heartstopper 8 სერიისგან შედგება და 30 წუთიანი სერიები არც ერთ მაყურებელს დატოვებს გულგრილს.