პირველი ქართველი ქალი რეჟისორის ბედი საბჭოთა კავშირში

ნუცა ღოღობერიძე იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთაც საბჭოთა კავშირის უბედურება მთელი თავისი სიმწვავით გამოსცადეს საკუთარ თავზე. მან თბილისის გიმნაზიის წარმატებით დასრულების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის განხრით დაიწყო სწავლა. 1923-25 წლებში კი ამავე მიმართულებით გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში, განაგრძო განათლების მიღება. საქართველოში დაბრუნებულმა მალევე გაიცნო ლევან ღოღობერიძე, რომელიც მოგვიანებით მისი მეუღლე გახდა. ლევანი ბოლშევიკური იდეებით იყო შთაგენობეული და შემდგომში, კომუნისტურ პარტიაშიც მოღვაწეობდა. მასსა და ნუცას შორის იდეოლოგიური უთანხმოება სულ უფრო მწვავდებოდა, ნუცას ოჯახი კი თავიდანვე ანტიპათიით იყო განწყობილი ამ ახალგაზრდა კაცის მიმართ. საბოლოოდ, სიყვარულის მიუხედავად, ამ ყველაფერმა მათი დაშორება გამოიწვია.

ნუცა ღოღობერიძე პირველი ქართველი ქალი რეჟისორი იყო, ხოლო საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველი ქალი რეჟისორი, რომელმაც მხატვრული ფილმი გადაიღო. დაპატიმრებამდე სულ სამი ფილმის გადაღება მოასწრო. პირველი იყო “მათი სამეფო”, რომელიც მისი და ნიკოლოზ კალატოზიშვილის კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა; მეორეა “ბუბა”, რომლის მხატვარიც დავით კაკაბაძე გახლდათ. 1932-33 წლებში კი ნუცამ მესამე ფილმი, “უჟმური”, გადაიღო. მისი სცენარი “ცეკამ” თავის სასარგებლოდ ასე თუ ისე შეცვალა. საბოლოოდ, 1934 წელს, “უჟმური” მაყურებელმა დიდ ეკრანებზე იხილა.

აქედან იწყება ნუცას შევიწროება რეჟიმის მიერ. მიზეზი იყო მისი ქმარი, ლევან ღოღობერიძე, რომელიც საბჭოთა პარტიის ცნობილი მუშაკი გახლდათ. ის ბერიას მოწინააღმდეგე ბანაკს ეკუთვნოდა, ამიტომ 1937 წლის 21 მარტს დახვრიტეს. სიკვდილამდე 1 წლით ადრე, ლევანმა ნუცას წერილით ურჩია, რომ დაეწერა მათი განშორების შესახებ, რათა დაპატიმრებისაგან თავი გადაერჩინა, თუმცა ქალმა ეს სულმდაბალ საქციელად მიიჩნია. ლევანის დახვრეტიდან რამდენიმე თვეში, 1937 წლის მიწურულს, ნუცა 10 წლით დააპატიმრეს და იმ საკონცენტრაციო ბანაკში გადაასახლეს, სადაც “ხალხის მტრებად” წოდებულთა ცოლები იყვენენ გამომწყვდეულნი.

სამშობლოში დაბრუნებულ ნუცას კინორეჟისორობა აღარ გაუგრძელებია, თუმცა ის ხშირად წერდა ბანაკში გატარებულ წლებზე. 2011 წელს გამოიცა მისი მოთხრობების კრებული – “ბედნიერების მატარებელი”, რომელსაც მისი ქალიშვილის, ლანას, წინათქმა აქვს დართული.

ნუცა ღოღობერიძე 1966 წელს გარდაიცვალა.