სოკრატეს და მისი თანამზრახველების გავლენა დენიელ მანის უილარდზე

წყარო: Cinerama film online

დენიელ მანის უილარდი პირველი ჰორორ ფილმია, რომელიც ვირთხებზე გადაიღეს. ამას მოჰყვა ფილ კარლსონის Ben, რობერტ კლაუზის Deadly Eyes და ბოლოს თანამედროვეობის ალბათ ყველაზე გამოჩენილი საშინელებათა ჟანრის ფილმების რეჟისორის ჯონ ლეფიას The Rats.  კლაუზმა თავისი ფილმი ვირთხების შესახებ მალევე დააწია მანს, თუმცა 70-80-იანი წლების ბავშვების ღამის კოშმრად მაინც  უილარდის ბენი რჩებოდა, თავისი მოჭუტული თვალებით და უცნაური სიგნალებით, რომლებსაც თავისი მეგობრებისთვის სასტიკი დავალებების მისაცემად იყენებდა. ფილ კარლსონმა თავის 1972 წლის ფილმში სწორედ ამ მზაკვარი არსების შესახებ უფრო ვრცლად მოგვითხრო. რასაკვირველია, დენიელ მანის უილარდში  ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფიგურები და თემებია აღწერილი, თუმცა ბენის, სოკრატეს და მათი ასეულობით თანამზრახველის უგულებელყოფა უბრალოდ შეუძლებელია.

რეალურად, უილარდი სულაც არაა ვირთხებზე, არც მათ ქცევასა და აზროვნებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და არც ამ არსებებს შორის არსებული კომუნიკაციის გზებია მაინცდამაინც მთავრი. ფილმის მთავარი გმირი უილარდ სტაილსია, რომელიც ბუღალტერად მუშაობს საკუთარი ოჯახის ფირმაში. მას ახლა მისტერ მარტინი მართავს, რომელმახ უილარდის მამას მოტყუებითა და თაღლითობით წაართვა ძალაუფლება, ახლა კი უილარდის ფირმიდან გათავისუფლებასა და მისი ქონების მითვისებას ცდილობს. სწორედ ალ მარტინზე შურის საძიებლად მოათვინიერებს ახალგაზრდა სტაილსი ვირთხებს. მარტინის როლს ერნესტ ბორგნიანი თამაშობს და მსახიობის რეპუტაციას თუ გავიხსენებთ, რომელიც ბოროტმოქმედი პერსონაჟების როლის მორგებით შეიქმნა ისეთ ფილმებში, როგორიცაა From Here To Eternity, Johnny Guitar და Bad Day At Black Rock, ბორგნიანი მაყურებელში არც თუ ისე სასიამოვნო გრძნობებს აღძრავს. ამიტომ მეოცე საუკუნის შუა ხანების ამერიკული კინოს მოყვარულები საკმაოდ დიდ ხანს ელოდნენ ერნესტის სხეულის ვირთხების მიერ დაღრღნის ყურებას. რეჟისორმა ნებსით თუ უნებლიეთ, გარდა ბრიუს დეივსონის ლამაზი ღიმილისა, ამ პატარა დეტალითაც მოახერხა მაყურებლის გულის მოგება.

უილარდის სუჟეტი ძალიან ნელა ვითარდება, ჰორორი მხოლოდ ფილმის ბოლო 20 წუთს შეგვიძლია ვუწოდოთ. ფილმის დანარჩენი ორი მესამედი უილარდის პერსონაჟის განვითარება-უკუსვლაზეა კონცენტრირებული. ყურადღების ასეთი გადანაწილება კარგად გამოხატავს რეჟისორის სურვილს, შეექმნა ჰორორი, რომელსაც წონიანი მნიშვნელობა ექნებოდა. უილარდ სტაილსი ნამდვილი გიკია, ის არ კითხულობს კომიქსებს და არ უყვარს სამეცნიერო ფანტასტიკა, თუმცა ამ იარლიყის მისაწებებლად მისი ხასიათის გაანალიზებაც საკმარისია. სტაილსი მორცხვია, არ უყვარს სოციალიზაცია და რიცხვებთან ყურადღებით, ბეჯითად და დიდხანს მუშაობს.ზოგიერთ კრიტიკოსს უილარდის პერსონაჟი “ჰორაციო ალჯერის მითსაც” ახსენებს, რომლის  მიხედვითაც ბიჭს ბეჯითად მუშაობა უეჭველ სიმდიდრეს მოუტანს. სტაილსის პერსონაჟი მართლაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ალჯერის მითის მცდარობისა და ასევე იმის დასამტკიცებლად, რომ ამ ავტორის პერსონაჟებს რეალურ ცხოვრებაში მეტად გაუჭირდებოდათ ამ დამსახურებული სიმდიდრის მოპოვება.

უილარდ სტაილსის პერსონაჟის მთავარ პრობლემად მაინც გაუცხოება რჩება. იმ პერიოდის საშინელებათა ჟანრის ფილმების რეჟისორები ამ თემისგან თავს შორს იჭერდნენ, დენიელ მანმა კი ეს პრობლემა თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევრის მთავარ თემად აქცია. ახალგაზრდა უილარდს საზოგადოებრივი წნეხის ფონზე გაუცხოება ეწყება, სამსახურში მისტერ მარტინი აუარებელ სამუშაოს ახვედრებს ყოველდღე, სახლში მოსულს კი დედა და ნათესავები ხვდებიან, რომლებიც მისგან ხან სახლის მოვლას, ხან წარმატებული კარიერის შექმნას, ხნაც კი  ცოლის მოყვანას ითხოვენ. ამ წნეხს კი მთავარი პერსონაჟი ვირთხების „მოშენებით“ უმკლავდება. ყველაზე საინტერესო მაინც თეთრი ვირთხა სოკრატესა და უილარდის ურთიერთობაა. ბიჭს სოკრატე ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარს და ბენთან ერთად ყოველდღე სამსახურში დაჰყავს. ერთი ასეთი ვიზიტის დროს, სოკრატეს მისტერ მარტინი კლავს. მღრღნელს ეს სახელი შემთხვევით არ აქვს შერჩეული, უილარდის რამოდენიმე პერსონაჟის სიკვდილი, მათ შორის თეთრი ვირთხა, სწორედ სოკრატეს ერთ-ერთ ციტატას გვახსენებს:

„the unexamined life is not worth living”

ფილმში კიდევ შეიძლება სიმბოლოების აღმოჩენა. მაგალითად მექნიკური საათი, რომლის დაქოქვა უილარდს ყოველდღიურად სამსახურიდან მოსვლის დროს უწევს, სტაილსების ცხოვრების რუტინულობაზე მიგვითითებს. ეს რუტინა მხოლოს დედის გარდაცვალების შემდეგ იცვლება, რასაც უილარდი გაუცხოების სხვა ეტაპზე გადაჰყავს. კინოსურათის დასასრული საკმაოდ სხარტია, შეიძლება პლოტ ტვისტიც ეწოდოს, თუმცა საკმაოდ შაბლონურ თეორიას გვახსენებს, რომლის მიხედვითაც საბოლოო ჯამში, ჩვენი ყველაზე დიდი ძალა იქცევა სისუსტედ, რომელიც ბოლოს მოგვიღებს.