ჟან მიშელ ბასკიას ქაოსური შემოქმედების ბრწყინვალება

მკვეთრი და ცოცხალი ფერები, ამბივალენტური გარემო, კრეატიული სახე-სიმბოლოები და სხვადასხვა მხატვრული ელემენტის ჯუქსტაპოზიცია არის მახასიათებელი ჟან მიშელ ბასკიას ხელოვნებისა, რომლის შემოქმედებითი ნაყოფის ენიგმატური ბუნება დღესაც აჯადოებს და აფიქრებს მნახველს. ბასკიას შემოქმედების განხილვა დღესდღეობით ორი რაკურსით არის მნიშვნელოვანი. ერთი მხრივ, მისმა შემოქმედებამ აბსოლუტური რევოლუცია მოახდინა თანამედროვე ხელოვნებაში და ინსპირაციის წყაროდ იქცა პოპ-კულტურის ეპოქისთვის. მეორე მხრივ, კი ჟან მიშელ ბასკიას მოღვაწეობა ნიშანდობლივია სოციალური პრობლემების დაძლევის თვალსაზრისით, რადგან მან, როგორც შავკანიანმა არტისტმა, მიზნად განიზრახა რასობრივი სტერეოტიპების დაძლევა და იმ დისკრიმინაციული ბარიერების დარღვევა, რაც ახალგაზრდა არტისტის წინაშე იყო აღმართული.

ჟან მიშელ ბასკიას ხელოვნება ფოკუსირებულია ისეთი დიქოტომიების წარმოჩენაზე, როგორებიცაა სიმდიდრე და სიღარიბე, ინტეგრაცია და სეგრეგაცია, შინაგანი და გარეგანი გამოცდილებები. აღნიშული იდეების წარმოჩენას არტისტი პოეზიის, ნახატების, ტექსტების, ფოტოებისა და აბსტრაქციების მეშვეობით ცდილობდა. მის შემოქმედებაში აგრეთვე ხშირად ვხვდებით სოციალურ კომენტარებს, რომელიც საშუალებაა შავკანიანი საზოგადოების იდენტიფიცირებისთვის და მათი ყოველდღიური ინდივიდუალური გამოცდილებების საწვდომად. შედეგად, ბასკიას ვიზუალური პოეტიკა მკაფიო პოლიტიკურ და სოციალურ ხასიათს ატარებს, რამდენადაც მიმართულია კლასობრივი ბრძოლის, კოლონიალიზმისა და ძალოვანი სტრუქტურების იდეების დარღვევაზე.

ბასკიას ხელოვნებაში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ჩონჩხისმაგვარი გამოსახულებები, რომლებიც მხატვრის ღრმა ანატომიურ განსწავლულობას ცხადყოფს. არტისტის ხატვის ეს თავისებურება ადრეულმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებებმა განაპირობა. შვიდი წლის ასაკში ბასკია საგზაო ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც საავადმყოფოში მოხვდა. ჰოსპიტალიზაციის დროს ბასკიას დედამისმა „გრეის ანატომია“ აჩუქა, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა არტისტის შემდგომ შემოქმედებაზე. ამის ნათელი მაგალითია ბასკიას „უსახელო“ (Untitled), სადაც ადამიანის თავის ქალა არის გამოსახული. აღნიშნული ნამუშევარი ყველაზე ნათელი მაგალითია ბასკიას შემოქმედებითი გენიისა. ტილოზე წარმოდგენილი სანახაობა ქუჩისა და ტრადიციული ხელოვნების ერთგვარ ტანდემს წააგავს. ერთი მხრივ, დაცულია სიმეტრია, რაც ადრეული სამხატვრო ხელოვნებისთვის იყო ნიშანდობლივი, ხოლო, მეორე მხრივ, კი იგრძნობა ქაოსური და ტურბულენტური ენერგია, რაც სპრეის ან საღებავის უხეში და მკვეთრი მონასმებით არის განპირობებული. ნახატი გამოირჩევა არა მხოლოდ სტილითა და კომპოზიციით, არამედ გამოყენებული ფერებითა და სიმბოლიზმითაც. ნახატის მარცხენა კუთხეში ვხვდებით “Aa“ სიმბოლოს, რომელიც შესაძლოა, აღნიშნავდეს ბეისბოლის მოთამაშე ჰანკ აარონსს, შავკანიან ათლეტს, რომელიც არაერთხელ გამხდარა ბასკიას ინსპირაციის წყარო. რაც შეეხება ფერებს, გამოყენებულია ლურჯი, წითელი, ყვითელი, შავი და თეთრი. მიუხედავად ფერთა პალიტრის სიმწირისა, მაინც იქმნება მრავალფეროვნების განცდა, რადგან აღნიშული ფერები ჰარმონიულად კი არ ენაცვლებიან ერთმანეთს და გრადაციით კი არ გადადიან ერთი ტონალობიდან მეორეში, არამედ ქაოსურად არიან განაწილებულნი პალიტრის გარშემო. სწორედ ფერების ამდაგვარი გამოყენების ტექნიკა ანიჭებს ნახატს ასეთ დინამიზმს და ტურბულენტურობას. ნიშანდობლივია საკუთრივ თავის ქალის შავი ფერიც, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ბასკიას მთავარ მოტივს: წარმოაჩინოს შავკანიანი ადამიანები ხელოვნებაში, რომლებიც მრავლი საუკუნის განმავლობაში ევროპული ორიენტალიზმის მარწუხებში იყვნენ მოქცეულნი.

კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი ბასკიას ხელოვნებისა არის მის მიერ გამოყენებული გვირგვინის სიმბოლო. გვირგვინი დასავლეთის ხელოვნებასა და პოლიტიკაში მონარქიულ ძალაუფლებასთან და აბსოლუტურ ავტორიტეტთან ასოცირდებოდა. ეს ასოციაცია ბასკიას შემოქმედებას კრეატიულად ერწყმის, რითიც ხელოვანი ცდილობს ძალაუფლებისა ცნების აბსოოლუტურ ტრანფორმაციას. ბასკია გვირგვინს საკუთარი შემოქმედების დაუფასებელ შავკანიან პროტაგონისტებს ადგამს, რითიც პატივს მიაგებს მათ. თავად გვირგვინის სამი ბორცვიც სიმბოლურია. იგი მუსიკოსების, ათლეტებისა და მწერლების სიმბოლური რეპრეზენტაციაა, რამდენადაც ისინი ბასკიასთვის მთავარ ინსპირაციის წყაროდ ითვლებოდნენ.

ჟან მიშელ ბასკიამ თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობით დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე ხელოვნების განვითარებაში. ერთი მხრივ, იგი განიცდიდა პაბლო პიკასოსა და სხვა კუბისტების გავლენას, რომლებიც სხვადასხვა ელემენტების შერწყმა-სინთეზით ცდილობდნენ უნიკალური ნამუშევრების შექმნას. მაგრამ ბასკიამ აგრეთვე დაამკვიდრა თვითმყოფადი მხატვრული სტილი და ტექნიკა, რომელიც დღესაც საოცრად მიმზიდველი და დამატყვევებელია ხელოვნების მოყვარულთათვის. მართალია, ბასკია ახალგაზრდა გარდაიცვალა (27 წლის), თუმცა იგი დღესაც უკვდავად განაგრძობს სიცოცხლეს პოპ-კულტურის სფეროში, სადაც უამრავი ხელოვანის ინსპირაციის წყაროდ გვევლინება. ამის მაგალითია ჯეი ზის „Picasso baby“. სიმღერის ტექსტში ვხვდებით შემდეგ წინადადებას: „It ain’t hard to tell, I’m the new Jean Michel“, სადაც იგი მიგვითითებს, რომ იმ სოციალური და შემოქმედებითი მოძრაობის გამგრძელებელია, რომელიც ჟან მიშელ ბასკიამ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში წარმოიწყო.