ჯონათან ფრენზენის “შესწორებები” და ათასწლეულთა მიჯნის ამერიკული ტრაგედია

2001 წელს ჯონათან ფრენზენის „შესწორებების“ გამოქვეყნებისას მოლოდინი დიდი იყო. მაიკლ კანინგემმა რომანი თომას მანის „ბუდენბროკებსა“ და დონ დელილოს „თეთრ ხმაურს“ შეადარა. ხოლო გამომცემელმა 3500 გასაცნობი ეგზემპლარის დაგზავნისას აღნიშნა, რომ ეს იყო 15 წლის განმავლობაში მის მიერ გამოცემულთაგან საუკეთესო წიგნი.

თუმცა, დიდი მხარდაჭერის მიუხედავად, „შესწორებებს“ უზარმაზარი დაბრკოლება შემოხვდა 11 სექტემბრის ტერაქტის სახით, რომელმაც ამერიკული რომანის ბედისწერისაგან მწერალთა ყურადღებაც გადაიტანა.

Photo Credits to latimes.com

თავად ფრენზენს, როგორც The New Yorker-ის მუდმივ ავტორს, საშუალება მიეცა, 11 სექტემბრისათვის მიძღვნილ თავის სტატიაში განეცხადებინა, რომ დასრულდა Game Boy ეკონომიკის უდარდელი ხანა და ამერიკა შიშისა და შურისძიების ახალ სამყაროში აბიჯებს, რომელშიც არასტაბილურობის საფრთხის წინაშე ადამიანები უცნაურადაც კი ეცდებიან, დაიტირონ დაღუპულები და ჩვეული ცხოვრების შესანარჩუნებლად თავიანთ მომცრო ადამიანობას, ყოველდღიურ არარაობას მიუბრუნდნენ.

ამასობაში კი „შესწორებები“ აღწერს ცოლ-ქმარ ალფრედ და ინიდ ლამბერტებისა და მათი სამი ზრდასრული შვილის – გარის, ჩიპისა და დენიზის – ცხოვრებას 90-იანების ზედაპირული ოპტიმიზმის, უზრუნველყოფილ ხანაში. რომანის პირველივე წინადადებები გვაფრთხილებს გარკვეულ „შესწორებებზე“, ცვლილებებზე, რომლებმაც ეს უდრტვინველი ცხოვრება უნდა შეცვალოს:

„შემოდგომის პრერიის სუსხიანი ფრონტი გაშმაგებულ იერიშზე გადმოვიდა. ისეთი გრძნობაა, თითქოს მალე დიდი უბედურება უნდა დატრიალდეს“.

მართლაც, ლამბერტების ორი თაობა განცალკევებით ცხოვრობს, ხოლო ინიდი, რომელიც პარკინსონის დაავადების მქონე მეუღლის გამო ღელავს, ლამის ისტერიკულად ცდილობს, თავი მოუყაროს შვილებს, რათა ოჯახმა ერთად გაატაროს უკანასკნელი შობა…

Photo Credits to sidmartinbio.org

ინიდი რომანის დასაწყისიდანვე ასოცირდება ძველმოდურ ამერიკულ საქაღალდე კაპიტალიზმთან: მისი ყველა ამბიცია, ყველა საზრუნავი, მთელი მისი პიროვნება მოქცეულია იმ ყავლგასულ კუპონებში, კატალოგებში, ჟურნალ „ლამაზი სახლების“ ნომრებში, მერილ ლინჩის ანგარიშებსა და ათას სხვა წვრილმანში, რომელთაც გულდასმით აგროვებს და ინახავს. და, როგორც ჩანს, მთელი მისი ავტორიტეტის საფუძველიც სწორედ ეს ნივთებია.

ქაღალდში შენახული პიროვნულობის, მახსოვრობის მაგალითს მისი შვილებიც წარმოადგენენ. მაგალითად, ჩიპ ლამბერტი, ინგლისური ენის პედაგოგი კოლეჯში და პოსტმოდერნიზმის მკვლევარი, წიგნებით არსებობს. დავისას სტუდენტებთან, რომლებიც ვერაფერ ცუდს ვერ ხედავენ ამერიკული რეკლამების ცრუდაპირებებში, იგი მარცხს განიცდის. თუმცა მისი „დაცემა“ სრულ მასშტაბს მაშინ იძენს, როცა საკუთარ წიგნებს ფულზე ცვლის, ხოლო მისი სცენარის ხელნაწერი მისი აგენტის ოთხი წლის გოგონას საჯღაპნი ქაღალდი ხდება. საბოლოოდ იგი ყალბ ინტერნეტპიარს ჰკიდებს ხელს ლიეტუვაში.

მაშასადამე, ინიდის მაგალითისგან განსხვავებით, ჩვენ ვხედავთ, რომ ჭეშმარიტი მეხსიერება, რომლის შენახვაც ქაღალდს შეეძლო, დღესდღეობით ნაკუწდება და ქრება იქ, სადაც შემოდის ინფორმაციის ელექტრონული საშუალებები და სადაც ფინანსები ყოველივეზე მოწინავე ადგილს იკავებს.

მართლაც, რომ გადავინაცვლოთ გარისთან, ყველაფერ ვირტუალურს აქაც განუზრახავს ყოველივე პიროვნულის ამოშლა: გარის ცოლი ცდილობს, დაარწმუნოს ქმარი, რომ უმჯობესია, შვილებს ტელევიზორთან და კომპიუტერულ თამაშებთან შეუზღუდავი წვდომა მისცენ. მართალია, გარის უმცროს ვაჟიშვილს წიგნები უყვარს, მაგრამ დროთა განმავლობაში იგიც დანებდება ცვლილებების მოიერიშე ფრონტს.

90-იანების ფინანსური და ტექნოლოგიური ბუშტი. Photo Credits to rcvcblog.com

ერთადერთი ოაზისი ლამბერტების გაციფრულებულ ახალ თაობაში უმცროსი ქალიშვილი დენიზია, მზარეული-გურმანი, რომელიც, პირიქით, უფრო გატაცებულია საჭმლითა და სექსით, რაც მას სხეულის არაციფრულ მოთხოვნათა სამყაროს მყარ და ოჯახის ემოციურად ყველაზე გაწონასწორებულ წარმომადგენლად გვისახავს.

და, აი, ნაწარმოებში, რომელშიც ეს სამნი ეწინააღმდეგებიან დედის გაშმაგებულ სურვილს, დაუბრუნდნენ ოჯახს, რათა ერთობლივად აღნიშნონ უკანასკნელი შობა, გადმოცემულია ყველა ის პრობლემა, 11 სექტემბრის ტრაგედიას წინ რომ უსწრებდა და ტერაქტის შემდგომ ათასწლეულის უმთავრეს გამოწვევებად იქცა: გლობალური დათბობა, ეკონომიკური დაღმასვლა, ფსიქოფარმაცევტული პრეპარატები, ვირუსული მარკეტინგი, არასტაბილურობა აღმოსავლეთ ევროპაში, მოძრაობა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისათვის და ა. შ.

სკანდალიც, რომელიც მოჰყვა ოპრა უინფრის გადაცემაში განსახილველად „შესწორებების“ ამორჩევას, წინასწარმეტყვლური იყო: ჯონათან ფრენზენმა აღნიშნა, რომ იგი გაოცებულია, მისი რომანი ოპრას ტელეშოუს „სენტიმენტალურ“ ბიბლიოთეკაში რომ მოხვდა, რაც, ალბათ, მამაკაც მკითხველებს დააბნევს. ხოლო ოპრა უინფრიმ იგი სექსისტ სნობად შერაცხა, რომელსაც თავისი წიგნი სხვებისაზე უკეთესი ჰგონია. შემდგომ წლებში „ელიტარიზმი“ და „ინტელექტუალიზმი“ სწორედაც უარყოფით, ანტიამერიკულ ტერმინებად იქცა, რის გამოც ბარაკ და მიშელ ობამებს საარჩევნო კამპანიისას იმის ხაზგასმაც დასჭირდათ, რომ ისინი არ არიან „ვიღაც ელიტარული ინტელექტუალები“.

Photo Credits to slate.com

ყოველივე ამის ბუნდოვანმა საფრთხემ, რასაც ხაზს უსვამს ფრენზენი, მიიღო თვითმფრინავების სახე, ამერიკის ფინანსური და პოლიტიკური ძლიერების სიმბოლოებს რომ შეეჯახა. „შესწორებები“ კი იქცა ტერაქტამდელი ეპოქის ამსახველ ლამის ისტორიულ დოკუმენტად, რომელშიც ამავე დროს დაცემული „ტყუპი კოშკებისა“ და დანგრეული „პენტაგონის“ ყოველგვარი გავლენის გარეშე გადმოცემულია ყველა ის პრობლემა, რომლებიც 11 სექტემბრის შემდგომ ეპოქას ახასიათებდა.

The New Yorker-ისთვის დაწერილ სტატიას ჯონათან ფრენზენი ასე იწყებდა:

„მრავალი წლის განმავლობაში ერთი და იგივე კოშმარი მესიზმრებოდა, რომელიც სამყაროს აღსასრულს უკავშირდება: ქვედა მანჰეტენისგან ნაკლებად გამორჩეულ ქალაქურ სივრცეში, გამზირის თავზე, რეაქტიული ლაინერით მივფრინავ. ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. შეუძლებელია, ქუჩის ორივე მხარეს აღმართულმა შენობებმა ფრთები არ მომგლიჯოს ან შევაკავო თვითმფრინავი ჰაერში, როცა მას დაბალი სიჩქარით მივაფრენ. გზა გამუდმებით ჩახერგილია, მაგრამ ყოველთვის ვახერხებ, მკვეთრ მოსახვევში შევუხვიო ან ესტაკადის ქვემოთ ვიფრინო, მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ბოლოს გავუსწორდე ცათამბჯენს, რომლის სიმაღლის გადასალახადაც ცაში აჭრა დამჭირდებოდა. და, აი, როცა თვითმფრინავს წარმოუდგენელ სიმაღლემდე ავაფრენ, ცათამბჯენი კვლავ მესვეტება წინ და ჩემკენ მოემართება, რათა შემომხვდეს… რის მერეც შვების შეგრძნებით ვიღვიძებ ხოლმე.

წინა სამშაბათს გამოღვიძება აღარ ყოფილა…“

მართალია, უამრავ სხვა ადამიანთან ერთად, მისთვის ახლო მომავალში აღარც ინიდ ლამბერტი გამოიღვიძებდა ასეთი სიზმრისაგან, მაგრამ მან ყველა ის გამოწვევა, რომლებიც მის ცხოვრებაში არსებობდა, რომანში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ტერაქტამდეც აღმოაჩინა და სხვაგვარად გამოიღვიძა. იმდენადაც, რომ „სამოცდათხუთმეტი წლისა კი იყო, მაგრამ ცხოვრებაში რადიკალური შესწორებების შეტანა გადაწყვიტა“.