აღმოაჩინე არტისტი: The Black Marrows

2022 წლის Tbilis Open Air-ის მეორე დღის მთავარი სცენა ინდი როკ ბენდმა The Black Marrows-მა გახსნა. ბენდისთვის წლევანდელი ფესტივალი პირველი არ ყოფილა, ისინი Open Air-ის სცენაზე რამდენჯერმე მდგარან თავიანთი არსებობის ისტორიაში. ბენდი 2014 წელს შეიქმნა და დროთა განმავლობაში მისმა შემადგენლობამ ევოლუცია განიცადა. 2017 წლამდე ბენდი ხუთი წევრისგან შედგებოდა, მაგრამ 2017 წელს ბენდის ვოკალისტმა ლუკა მამნიაშვილმა მუსიკალური განსხვავებების გამო ბენდი დატოვა, რაც მარტივი შესაგუებელი არ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ The Black Marrows-მა რამდენჯერმე სცადა ახალი ვოკალისტის მოძებნა, საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ ახალი სიმღერებისთვის ვოკალი დრამერს აჩი კევლიშვილს ჩაეწერა. აჩი ამბობს, რომ მას მანამდე არასოდეს უმღერია და ახალი როლი მისთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლასთან იყო დაკავშირებული. ახალ ვოკალისტად ქცეული დრამერი მსმენელებმაც კარგად მიიღეს და საბოლოოდ ბენდი იმ შემადგენლობით ჩამოყალიბდა, რომლითაც დღეს არსებობს: გიტარისტი და სიმღერების ავტორი გიორგი მარი, ვოკალისტი აჩი კევლიშვილი, ბასისტი გოგა კაკულია და ახალი დრამერი აჩი შიოშვილი.

Photo Credits to The Black Marrows on Instagram

ბენდის მუსიკალური სტილის ერთი სიტყვით აღწერა და შეფასება რთულია.

„შინაარსით ის, რასაც Black Marrows მღერის, არ შეიძლება ჩაითვალოს მეინსტრიმულად… თუმცა უცხოეთში ეს მიმართულება უკვე მეინსტრიმულია.“

ამბობს გიორგი მარი. მართლაც, რთულია The Black Marrows რომელიმე ძველ თუ ახალ ქართულ ბენდს შეადარო, მათი მუსიკა არის ინდის, ალტერნატივის, გრანჯისა და როკის იდეალური ნაზავი, რომელიც ერთნაირად სასიამოვნო მოსასმენია როგორც ყურსასმენებში, ისე ლაივში ფესტივალზე.

Photo Credits to The Black Marrows on Instagram

ბენდისთვის სიმღერებს გიორგი მარი წერს, რომელიც ამბობს, რომ მათი შინაარსი ხშირად გვიყვება მის პირად ისტორიებს, ან ბენდის წევრებისთვის ერთად გადახდენილ ამბებს. ასევე აღსანიშნავია, რომ The Black Marrows ჯგუფის მენეჯმენტსაც თავად უძღვებიან, რისი შედეგიცაა მათი მონაწილეობა არაერთ ქართულ თუ უცხოურ ფესტივალზე.

The Black Marrows-მა მეორე სტუდიური ალბომი 2020 წელს გამოუშვა და სანამ მათი ცოცხალი შესრულების ნახვას მოახერხებდეთ, გთავაზობთ რამოდენიმე რჩეულ სიმღერას მათი ძველი და ახალი შემოქმედებიდან:

ბენდის ოფიციალური ინსტაგრამ გვერდი: theblackmarrows

ბენდის ოფიციალური სპოთიფაი: The Black Marrows