femme don juan – ჯეინ ბირკინის ფემინურ-ფემინისტური ცხოვრების გზა

როცა ვსაუბრობთ სტილზე, ინდივიდუალიზმსა და ნოსტალგიაზე, ბევრ ჩვენგანს ალბათ გონებაში 60-70-იანი წლების დახვეწილი და ექსტრავაგანტული ცხოვრების კადრები გაგვიელვებს თავში. გემოვნებიანი და აქტიური რუტინის მიღმა, ამ პერიოდის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა თანამედროვე ფემინისტური და ლიბერალური იდეების განვითარებაა.

60-იანების ქალებმა საკუთარ თავზე აიღეს პასუხიმგებლობა, გამოსულიყვნენ ფემინისტური იდეებით და გავლენა მოეხდინათ არათუ იმ დროინდელ საზოგადოებაზე, არამედ წარუშლელი კვალი დაეტოვებინათ მომავალი მსოფლიოს იდეოლოგიაზე და უკეთ წარემართათ თავიანთი პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრება. ამ ეპოქის ხსენებისას ყოველთვის მახსენდება საფრანგეთი, ფრანგული კულტურა (იქნება ეს მოდა , ლიტერატურა , ხელოვნება თუ სხვა ნებისმიერი რამ), ფრანგული ცხოვრების სტილი და ფრანგი ქალის სახე, რომელიც თავისუფალი და ეგოისტია იმდენად, რამდენადაც სჭირდება, გამოხატავს საკუთარ თავს და ამას ისე ბუნებრივად აკეთებს, რომ შეუძლებელია სტიმული არ მოგცეს, იპოვო და დაიმკვიდრო საკუთარი იდენტობა.

Credits to harpersbazaar.com
Credits to harpersbazaar.com

ცოტა უკეთ რომ შეგვექმნას წარმოდგენა ფრანგულ სამოციანებზე და ამ ეპოქაში შექმნილ “ახალ” ქალზე, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ფრანგული და განსაკუთრებით პარიზული ყოველდღიურობა. 60-70-იანი წლების პერიოდის პარიზული ცხოვრება, ერთი შეხედვით საოცნებო და ვარდისფერია , რომლის უკანაც იმალება ტრავმული და დამთრგუნველი საზოგადოება, განსაკუთრებით ქალებისთვის, რომელთაც თავის დამკვიდრება უწევთ და რისი მოპოვებაც დამოუკიდებლად თითქმის შეუძლებელია, რადგან სოციუმი სავსეა ინტრიგებითა და ჭორებით. რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს 60-70-იანი წლების ქალებისათვის ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ პიროვნებად საფრანგეთში, და არა მარტო საფრანგეთში, მიმაჩნია ბრიტანელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი – ჯეინ ბირკინი, რომელიც, მართალია, არ ყოფილა არანაირი ფემინისტური მოძრაობის ლიდერი ან წევრი, მაგრამ მაინც დღემდე არის მნიშვნელოვანი ფიგურა და მუზა, რომელმაც კვალი დატოვა მოდასა და ხელოვნებაში.

Credits to vogue.fr

განსაკუთრებით საინტერესოდ მიმაჩნია, რომ ჯეინი ცნობილი გახდა სერჟ გეინსბურგთან , ფრანგ ცნობილ მუსიკოსთან ურთიერთობით, მაგრამ ეს აგრესიასა და გაღიზიანებს არ იწვევს და არც ხელს მიშლის იმაში, რომ დავასახელო ჯეინი 60-იანებში შექმნილი ქალის ხატად. ჯეინი ჩამოვიდა პარიზში, ურთიერთობა დაიწყო სერჟთან და მასთან ერთად ჩაწერა მუსიკა “Je t’aime moi non plus”, ეპატაჟური და სექსუალური ჰიტი მაშინვე მოექცა ყურადღების ცენტრში და ჯეინიც მისი საქმით, ურთიერთობითა და ცხოვრებით პარიზელების განსჯის საგანი გახდა. მაშინ, როცა ფრანგი ქალები ცდილობენ მოერგონ ფემინურ კლიშეებს, ჩნდება საყვარელი, სექსუალური და სკანდალური ბრიტანელი გოგონა, განსხვავებული სტილით, სასაცილო ფრანგული აქცენტითა და არაფრანგული, მაგრამ მიმზიდველი გარეგნობით, რომელიც გაბედულია, თავისუფალია, უკან არ იხევს და საკუთარი ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის არ ცდილობს ჩაახშოს საკუთარი ეროტიკული ხმა. მოკლედ, ჯეინი გამოჩენისთანავე ხდება სტილის “აიქონი”.

Directed By [Accompaniment Directed By] – Arthur Greenslade

მას შემდეგ, რაც ჯეინი გამოჩნდა ფრანგულ არენაზე, შეიცვალა ფემინურობის განმსაზღვრელი იდეალიზმი და სილამაზის სტანდარტები. 50-იანების სტანდარტული ელეგანტურობა, ტანის გამოყვანილი ფორმები და ყველა სხვა სტანდარტი ჯეინმა შეცვალა და დაამკვიდრა ინდივიდუალიზმისა და უნიკალურობის “ტრენდი”. ამ განსხვავების კარგად აღსაქმელად, მშვენიერი მაგალითი იქნება როჯერ ვადიმის ფილმი – “დონ ჟუანი (დონ ჟუანი რომ ქალი ყოფილიყო) 1973”, სადაც ჯეინ ბირკინი იმ დროინდელ სექს სიმბოლოსთან, ბრიჯიტ ბარდოსთან ერთად თამაშობს.

Brigitte Bardot & Jane Birkin in “Don Juan (Or If Don Juan Were a Woman)”, 1973

 

Brigitte Bardot & Jane Birkin in “Don Juan (Or If Don Juan Were a Woman)”, 1973

მაყურებელი ხედავს როგორ ეჯახება ერთმანეთს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ქალი – ერთი მხრივ უბრალო ჯინსში გამოწყობილი, გამხდარი და უჩვეულო გარეგნობის ჯეინი, მეორე მხრივ კი 50-იანების ფემინურობის იდეალური ვერსია – ბრიჯიტ ბარდო – გამოცდილი, სასურველი და თავდაჯერებული პერსონით. ბარდოს გამოყვანილი სხეული, მაკიაჟით ხაზგასმული მიმზიდველი ტუჩები და თვალები და ზოგადად იმიჯი გამოკვეთს მის ტემპერამენტს, ის უპირისპირდება გამხდარ და “არც ისე ქალურ” ჯეინს, რომლის გარეგნობაც სილამაზის ახალ სტანდარტად ქცეულა. ამგვარი კონტრასტის ხილვისას და ჯეინის ყურადღების ცენტრში მოქცევისას, ნათელი ხდება, რომ ჯეინი თავისდა უნებურად გვევლინება რევოლუციონერად და გმირად, რომელმაც აამაღლა ქალების თავდაჯერებულობა და “აიძულა” მათ მაქსიმალურად გამოეყენებინათ საკუთარი მომხიბვლელობა. შეიცვალა ფასეულობები და სტანდარტები, აშკარად პრიორიტეტი მიენიჭა შინაგან ქარიზმას, რომელიც ყველანაირ ვიზუალურ სილამაზესა და ესთეტიკას ჩრდილავს.

Brigitte Bardot & Jane Birkin in “Don Juan (Or If Don Juan Were a Woman)”, 1973

ჯეინის, როგორც ფემინისტური იდეების წამხალისებლის როლის საინტერესოობა ყველაზე მეტად იმაში მდგომარეობას, რომ სახელი სერჟთან ურთიერთობით მოიხვეჭა. ჯეინისა და სერჟის ურთიერთობა და ერთობლივი შემოქმედება პიგმალიონის მითს წააგავს. ჯეინი იქცა გეინსბურგის მუზად, მუსიკას რომელსაც ერთად ქმნიდნენ ჯეინის შარმით, ფაქიზი ხმითა და აქცენტიანი ფრანგულით, გეინსბურგის ნაზი და სასიამოვნო მუსიკის ფონზე ემოციური და სასიამოვნო მოსასმენი იყო. როგორც არ უნდა იყოს, რომ არა სკანდალი, რომელიც მათ მუსიკას და ურთიერთობას მოჰყვა, ვფიქრობ ფემინისტურ ისტორიასა და მოდის ინდუსტრიას ძალიან დიდი რგოლი მოწყდებოდა, რა ხმამაღლადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. მათი რომანის შესახებ მუდმივად ვრცელდებოდა ჭორები და იბეჭდება პრესაში, ჩნდებოდნენ ტელეგადაცემებში და ეს ყველაფერი სწორედ ჯეინის ხასიათისა და ტემპერამენტის დამსახურება იყო. ისინი გახდნენ სექსუალური რევოლუციის მოწინავე წევრები, მითუმეტეს რომ კინემატოგრაფია კიდევ უფრო ხსნიდა ცენზურას და არ ერიდებოდა სექსუალურობისა და ეროტიკის ეკრანიზაციას.
მინდა გავიხსენო ჯეინ ბირკინის უმარტივესი და იდეურად ესთეტიკური სიმღერა “jane b”, მუსიკის ტექსტი ჯეინის გარეგნობისა და პიროვნების მოკლე რეზიუმეს ჰგავს, რომელიც სევდიანი მონოტონური მელოდიის ფონზე მეორდება. ვფიქრობ, ეს მუსიკაც 60-იანების ფემინისტური იდეების გაგრძელებას წარმოადგენს, მიიღო და შეიყვარო საკუთარი თავი, ისეთი როგორიც ხარ.

Credits to harpersbazaar.com

ჯეინის პიროვნებას უფრო საინტერესოს, ხოლო მის ქალურობას უფრო სრულყოფილს ქმნის მისი პარადოქსული ბიპოლარული ეგო. 60-70-იან წლებში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯეინმა თავი არათუ დაიმკვიდრა, საკუთარი თავი აქცია ტრენდად და იყო ყველასთვის სასურველი და საინტერესო. ნებისმიერ წრეში შეეძლო სასურველი წევრის სტატუსი მოეპოვებინა, თუმცა რეალურად, თავბრუდამხვევი სექს სიმბოლო საკუთარ ცხოვრებას მის პარტნიორს სერჟს უძღვნის, ქალური დედობისა და ცოლობის ინსტინქტები მგრძნობიარედ არის გაღვიძებული ჯეინის პიროვნებაში. თავგადასავლებით სავსე, აქტიური ეპატაჟური ცხოვრების უკან იმალება მონოგამიური ჯეინის პიროვნება, მეორე მხრივ კი არასტაბილური ემოციურობა,რომელიც ტრაგიკული ცხოვრებითაა გამოწვეული. ის არც ერთ შემთხვევაში ამბობს ბუნებრივ, საერთო ფემინურ ემოციებზე უარს და ამით კიდევ უფრო უნიკალურს ხდის საკუთარ პერსონას.
60-იანი წლების იდეებმა გარდამტეხი როლი ითამაშა მსოფლმხედველობის დახვეწაში, კონკრეტულად ფემინისტურმა იდეებმა კი შექმნა თანამედროვე, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქალი, რომელსაც შეუძლია საკუთარი შინაგანი ენერგია და შარმი გამოიყენოს, საკუთარი უნიკალური გარეგნობა და ხასიათი დამკვიდრებული სტერეოტიპების დამოუკიდებლად შეიყვაროს და ნებისმიერ გრძნობას მისცეს გამოხატვის საშუალება, სწორედ ისევე როგორც ჯეინმა მოახერხა თავის დამკვიდრება მკაცრ და დაკომპლექსებულ სოციუმში.